"მე ვიცნობ ქართველ ხალხს, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი - არა"
ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან, - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
„რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას? მე ვიცნობ ქართველ ხალხს. როგორც ჩანს, პრემიერი არა“, - წერს ყოფილი კონგრესმენი.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ევროპარლამენტარი აცხადებდა, რომ საჭიროა რეჟიმის შეცვლა და დამხობა. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ. აი ეს არის მთავარი მიზანი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ. ამიტომ ჩვენ, ქართველებს, უნდა გვეყოს კეთილგონიერება. უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, მაგრამ მაგარი სიმტკიცე და სიფხიზლე, რომ არ დავუშვათ არც ერთი პროვოკაცია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამას არ ვიძახით გადაჭარბებული შეფასებით, ეს არის რეალობა, მეგობრებო. მათი სურვილია, რომ საქართველო ჩაერთოს მეორე ფრონტში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
IPN