"ომი ისე ჭიანურდება, როგორც ვლადიმერ პუტინს სურს... ვერ ვხედავ, რომ ამერიკას გამარჯვების მიზანი აქვს. რით ვართ დაკავებულები?" - რას წერს Politico?
ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) ბეჭდავს სტატიას სათაურით - „მცირე ბზარები“: აშშ-სა და უკრაინის სამხედრო ერთიანობაში ნელ-ნელა განხეთქილება ჩნდება“ (ავტორი - ჯონათან ლემირი). პუბლიკაციაში საუბარია ვაშინგტონსა და კიევს შორის გაჩენილ გარკვეულ უთანხმოებაზე, რომელიც ეხება ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას, ომის დასრულების პერსპექტივას, უკრაინის სავარაუდო როლს რუსული გაზსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში და ა.შ.
იმ დროიდან, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას იმდენი დახმარება აღუთქვა, „რამდენიც საჭირო იქნება“, კიევი ვაშინგტონს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და ყველაფერში ეთანხმებოდა... მაგრამ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-სა და უკრაინას შორის კულისებს მიღმა უთანხმოება მატულობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული - სამხედრო მიზნებით, როდის და როგორ დასრულდება კონფლიქტი და ა.შ.
„ჩვენს ადმინისტრაციას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური ამოცანები, მკაფიო მიზნები... გამოდის, რომ ომი ისე ჭიანურდება, როგორც ვლადიმერ პუტინს სურს... მე ვერ ვხედავ, რომ ამერიკას გამარჯვების მიზანი აქვს. რით ვართ დაკავებულები?“, - ეს კითხვები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის - მაიკლ მაკკოლის მიერ არის რიტორიკულად დასმული, ვაშინგტონსა და კიევს შორის მზარდი უთანხმოების ფონზე.
„საზოგადოების წინაშე ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოსდა მტკიცე ერთიანობას გამოხატავენ, მაგრამ ზოგიერთი ჩინოვნიკის, კონგრესმენისა და ექსპერტის მტკიცებით, კიევისა და ვაშინგტონის ერთიანობა სულ უფრო მყიფე ხდება“, - წერს „პოლიტიკო“.
მხარეთა შეხედულებები რამდენიმე საკითხის მიმართ განხვავდებიან:
ბახმუტისათვის მიმდინარე ბრძოლებს, რომლებიც უკრაინის არმიაში ძალზე დიდ მსხვერპლს იწვევს, ამერიკელები სტრატეგიული თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უმიზნოდ მიიჩნევენ: „მე, რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო უკრაინელი ჯარისკაცების გმირობასა და პოლიტიკოსების რწმენას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბახმუტს უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე - სტრატეგიული და ოპერატიული...“, - ციტირებს ავტორი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის - ლოიდ ოსტინის სიტყვებს. თავის მხრივ, ამერიკელ მინისტრს არ ეთანხმება უკრაინის სახმელეთო ძალების სარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი, რომლის თქმით, „ქალაქის დაცვის ყოველი დღე დროის მოგების შესაძლებლობას გვაძლევს, რომ სამომავლო კონტრშეტევისათვის მოვემზადოთ“.
კიდევ ერთი „განხეთქილების ვაშლი“ გახდა ამას წინათ ამერიკულ მასმედიაში დაწყებული კამპანია, რომლის მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის უნდა დაეკისროს რუსეთის გაზსადენებზე - „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ - მომხდარი აფეთქების პასუხისმგებლობა, სახელდება რომელიღაც „პროუკრაინული ჯგუფი“. უკრაინა კი, თავის მხრივ, კატეგორიულად უარყოფს რაიმე მონაწილეობას აფეთქებაში.
გარდა ამისა, დაძაბულობაა შექმნილი იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებითაც: მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას თავისი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი მისცა, კიევი მაინც უკმაყოფილოა და მეტს ითხოვს. ასეთი სიტუაცია ზოგიერთ ამერიკელ ჩინოვნიკზე გამაღიზიანებლად მოქმედებს და ისინი ვოლოდიმირ ზელენსკის უმადურობაში ამხელენ, - წერს „პოლიტიკო“.
უფრო მეტიც: ვაშინგტონში არ აქვთ საერთო აზრი იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კიევისათვის სამხედრო დახმარება სამომავლოდ. დიდი ხანია, მიდის დისკუსია უკრაინის არმიისათვის შორსმოქმედი რეაქტიული სარაკეტო სისტემების - ATACMS-ების მიწოდებაზე, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში და ადმინისტრაციაში არიან სკეპტიკოსები, რომელთა აზრით, ასეთი იარაღის კიევის რეჟიმისადმი მიწოდება „ცეცხლზე ნავთს დაასხამს“ და კრემლს რადიკალური ნაბიჯისაკენ უბიძგებს. ასევე, აშშ-ის ხელისუფლებაში არაა საერთო აზრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ომი დასრულდეს: ერთი მხრივ, ჯო ბაიდენი კიევს განუხრელ და უცვლელ მხარდაჭერას აღუთქვამს, მეორე მხრივ კი, ვაშინგტონი აგრძელებს მინიშნებებს, რომ უკრაინის უზომო და დაუსრულებელი დაფინანსება შეუძლებელია. ბოლო თვეებში ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი.
და ბოლოს, ყირიმის ნახევარკუნძულის თემა, რომელიც განხეთქილების მიზეზი გახდა: პენტაგონში იციან, რომ კიევს ყირიმზე შეტევის და მისი გაკონტროლების რესურსები არ აქვს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში თვლიან, რომ რუსეთის ბაზებით მოფენილ ყირიმზე შეტევა „წითელი ხაზის“ გადაკვეთის მანიშნებელი იქნება, რაც დიდი საფრთხის მომტანია. ამ დროს კი უკრაინის მთავრობა ამტკიცებს, რომ ყირიმის დაბრუნებას იარაღის ძალით აუცილებლად შეძლებენ. რაც შეეხება თეთრ სახლს, საჯაროდ ჯო ბაიდენი იმეორებს თეზისს, რომ უკრაინამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს.
ვაშინგტონში კომენტარს უკეთებენ ასეთ სიტუაციას და მიანიშნებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გარდაუვლად მოახდენს გავლენას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აშშ-ის უკვე საკმაოდ მოახლოებულ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე", - ასკვნის „პოლიტიკო“.
მოამზადა სიმონ კილაძემ