"ივანიშვილმა ღარიბაშვილის პირით გვითხრა, რომ შეცდომები არ გაუაზრებიათ, პრორუსულ საქმეს შეგნებულად აკეთებდნენ"
ივანიშვილმა ღარიბაშვილის პირით გვითხრა, რომ შეცდომები არ გაუაზრებიათ, პრორუსულ საქმეს შეგნებულად აკეთებდნენ - მათი მიზანია კანდიდატის სტატუსი არ მიიღონ, 2024 წლის არჩევნები გააყალბონ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა აჩვენა, რომ მზად არიან საზოგადოების დაპირისპირებისა და რეპრესიებისთვის.
„ივანიშვილმა რა გვითხრა ღარიბაშვილის ენით - გვითხრეს, რომ შეცდომები არ გაუაზრებიათ, პრორუსულ საქმეს რომ აკეთებდნენ აბსოლუტურად შეგნებულად აკეთებდნენ, რა იყო რუსეთის ინტერესი და რას აკეთებდნენ სრული სინქრონი იყო. ცხადად გამოჩნდა, ხელისუფლების მიზანი ის კი არ არის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე გადაერთოს და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ მათი მიზანია კანდიდატის სტატუსი არ მიიღონ, 2024 წლის არჩევნები გააყალბონ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, ამ ყველაფრისთვის მზად არიან საზოგადოების დაპირისპირებისთვისაც და ეს გამოჩნდა, მზად არიან ყველა ნაბიჯი გადადგან, მათ შორის რეპრესიები, დაკავებები. არც ერთი მიმართულებით მათ არსებითი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, რადგან მათი მიზანი ის კი არ არის, დემოკრატიული, ევროპული მართვის სტილით მართონ ქვეყანა, არამედ მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება. თან ამ რეფორმების გატარება და თან ძალაუფლების შენარჩუნება, უბრალოდ შეუთავსებელო იქნება, ამიტომ არ დგამს ნაბიჯებს „ოცნება“ 12 პუნქტის შესასრულებლად,"- განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აქციაზე ანარქისტები იყვნენ და პოლიციას ძალაუფლებისთვის არ გადაუმეტებია.
„ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა "გირჩის" მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის" ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ”,- განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი.
"60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი",- განაცხადა პრემიერმა.
IPN