"რა დღეში ჩავარდნენ, ჩვენს წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, ამათ სიმონიანის ეშინიათ" - კვირის პალიტრა

"რა დღეში ჩავარდნენ, ჩვენს წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, ამათ სიმონიანის ეშინიათ"

როცა ხელისუფლება შეიცვლება, ღარიბაშვილს პასუხისგებაში მიცემა მოუწევს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა რეპრესიები დააანონსა.

„ერთ ბავშვს დაიჭერ და უფრო მალე დამთავრდება ეს პროცესი, ვიდრე შენ გგონია. პროცესი იზამს ამას. ისე ნუ იზამ, რომ ცვლილებების ერთადერთი მსხვერპლი შენ აღმოჩნდე“,-მიმართა სანიკიძემ პრემიერს.

გარდა ამისა, მან ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადება შეაფასა, რომელიც ე.წ. აგენტების კანონს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს.

გუბაზ სანიკიძის ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან გადააყენებს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ, დავით სერგეენკოს დანიშნავს.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ვიქტორ ყიფიანი წამყვან პოზიციაზე დაინიშნოს.

„ქოცებში“ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც „წითელ ხაზს“ არ გადიან, მაგრამ საინტერესო ხომ არის, სერგეენკომ რატომ არ მისცა მათ ხმა. სერგეენკო გადანახული პარტიაა. მე ასე მგონია, უახლოეს პერიოდში, როცა უკრაინის ჯარების წარმატება ცხადზე ცხადი იქნება, პაპუაშვილს აუცილებლად გაუშვებს ბიძინა. ჩემი ვარაუდით, მოიყვანს სერგეენკოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ღარიბაშვილსაც გააგდებს, მოიყვანს ან კუჭავს ან ამ ყიფიანს. დაიწყებენ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას გეგმაზომიერად. მერე ჩატარდება წესიერად არჩევნები და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან „დაახვევს“,-განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებაზე“ იტყვის, „ეს ნაძირალები ვინ ყოფილან, ქვეყანას უღალატესო“.

„ყოველთვის სათადარიგო გზას იტოვებს ბიძინა. სერგეენკომაც რომ არ მისცა ხმა, ის ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური ქალწული და მოიყვანს პარლამენტის თავმჯდომარედ“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლება „პოლიტიკურად გვამად იქცა“.

„გავაფრთხილე პარლამენტიდან, გაგყიდით თხებივით მეთქი და უკვე გაყიდა. არარაობად აქცია, პოლიტიკური, მორალური გვამები არიან. გავაფრთხილე, ნუ გააკეთებ ამას იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მაინც გამოვა აქედან-მეთქი. მათ რაღა ეშველებათ? სერგო ორჯონიკიძის კლუბის სწრაფი გაფართოება მოხდა. განა არ ესმოდათ, რასაც აკეთებდნენ?! სიბრიყვეს ვერ დააბრალებ, ისე სჯობს ბრიყვები იყვნენ, ვიდრე ნაძირალები. მათი ასარჩევია, ან ნაძირალების კლუბში შევიდნენ ან ბრიყვების. კანონპროექტი რომ გამოიხმეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი მოღალატეობა გაქარწყლდა, დარჩნენ მოღალატეებად.

„ქოცების“ ბირთვული ამომრჩეველი გავაფრთხილე, რომ ელოდებათ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული უფსკრული. რადგან ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, უნდა მივეხმაროთ, წიხლი კი არ უნდა მივაჭიროთ, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. ბიძინას ყველაზე დიდი მაგინებლები ესენი გახდებიან უახლოეს კვირებში. მკითხავი ან გულთმისანი კი არ ვარ, ასე ვითარდება მოვლენები ხოლმე“,-განაცხადა სანიკიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ თავისი ტყუილების თვითონ დაიჯერა.

„ქოცები“ შეშინებული არიან, მარგო სიმონიანი თავს დაგვესხმებაო. რა დღეში ჩავარდნენ, მარგო სიამონიანის ეშინიათ. ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ, მათ სიმონიანის ეშინიათ. უფსკრულში არიან. კამარა შეკრეს და გადახტნენ“,-განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, ქართველმა ახალგაზრდებმა ის საქმე უნდა გააგრძელონ, რაც დაიწყეს.

„ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება გაგრძელებაც აღარ ჰქონდეს. ბიძინა გამოვა, წელს ზემოთ შიშველი, უკრაინის დიდი დროშის სვირინგით, ასე იქნება, აგერ ნახავთ“,-განაცხადა სანიკიძემ.

IPN