"მამა ქალიშვილებს ეუბნებოდა, რომ "მახინჯი იხვის ჭუკები" იყვნენ, განსაკუთრებით - სინდის, რადგან მას სახეზე ხალი ჰქონდა" - სინდი კროუფორდის პირადი ცხოვრება და კარიერა
1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამერიკელი სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, დღესაც აოცებს საზოგადოებას თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და მშვენიერებით.
სინთია ენ კროუფორდი 1966 წლის 20 თებერვალს აშშ-ის ილინოისის შტატში, დე-კალბში დაიბადა. გოგონას მშობლები - ჯონ და ჯენიფერ კროუფორდები უბრალო ოჯახში ცხოვრობდნენ. ჯონი მემანქანე იყო, ჯენიფერი 17 წლის იყო, როცა ისინი დაქორწინდნენ, რადგან გოგონა პირველ შვილზე - კრისზე იყო ორსულად. მომავალ მოდელსა და ტელეწამყვანს ორი და და ერთი ძმა ჰყავს.
და-ძმების გარდა ის ძალიან დიდ ოჯახში გაიზარდა, ბებოსთან, ბაბუსთან და სხვა ახლო ნათესავებთან ერთად, რომლებიც სინდისთან ახლოს ცხოვრობდნენ. გოგონას ლაღი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა იცოდა, რომ მომავალში დიდ ქალაქში უნდა ეცხოვრა... პატარაობისას მას ბირთვული ფიზიკა მოსწონდა და ამ სფეროს სპეციალისტობაც სურდა.
კროუფორდი 6 წლის იყო, როცა მის უმცროს ძმას - ჯეფს ლეიკემია აღმოაჩნდა. 2 წლის შემდეგ ჯეფი გარდაიცვალა, რაც ოჯახის უდიდეს ტრაგედიად იქცა. ამ ტრავმამ ოჯახის ყველა წევრზე იმოქმედა, განსაკუთრებით კი - სინდის მამაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება სურდა, ვაჟი ჰყოლოდა. ის გოგონებს ძალიან მკაცრად ექცეოდა, მაკიაჟის გაკეთებას, გართობას, 9 საათის შემდეგ სახლში მისვლას და ხმამაღლა საუბარსაც კი უკრძალავდა. მამა ქალიშვილებს ეუბნებოდა, რომ „მახინჯი იხვის ჭუკები“ იყვნენ, ასე განსაკუთრებით სინდის მიმართავდა, რადგან ბავშვს სახეზე ხალი ჰქონდა. გოგონები განიცდიდნენ ძმის გარდაცვალებას და გადაწყვიტეს, ისე ეცხოვრათ, რომ მშობლებს ეამაყათ. ვაჟის გარდაცვალებიდან 4 წელში მშობლები დაშორდნენ. ჯენიფერი, სინდის დედა, იძულებული გახდა, საავადმყოფოში ექთნად დაეწყო მუშაობა. მომავალი სუპერმოდელისთვის მშობლების განქორწინება დიდი დარტყმა იყო, ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ბევრი ესწავლა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სინდი სკოლის მოსწავლე იყო, ადგილობრივი ბუტიკიდან დაურეკეს და მოდელობა შესთავაზეს. მანამდე მას არ უფიქრია მოდელი გამხდარიყო, თუმცა ახალმა შემოთავაზებამ იმდენად გაახარა, მაშინვე დათანხმდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი ცუდი ხუმრობა იყო, რომელიც სინდის კლასელებმა მოიფიქრეს... ის ამ ცუდმა ხუმრობამაც არ დააბრკოლა და ერთ წელში, როგორც მოდელმა, პირველი ჰონორარი გამოიმუშავა. ჟურნალ Chicago Tribun-ში გამოქვეყნებული ფოტოსთვის, რომელშიც მოდელი ბიუსტჰალტერში პოზირებს, სინდი კროუფორდს 150 დოლარი გადაუხადეს. გოგონას ფოტო სკოლაშიც ნახეს, თუმცა მას უკვე არ აღელვებდა, რას იფიქრებდნენ სხვები... ის პატარა ქალაქის ვარსკვლავად იქცა.
როგორ დაიწყო წარმატებული კარიერა?
როგორც თავად სინდი კროუფორდი იხსენებს, ერთხელ ადგილობრივმა ფოტოგრაფმა როჯერ ლეგელმა მას მაშინ გადაუღო ფოტო, როცა სინდი აუზთან იწვა. ფოტო გამოცემა DeKalb Nite Weekly-ში დაიბეჭდა, ამის შემდეგ გოგონამ თავად დაურეკა ადგილობრივ სამოდელო სააგენტოებს, 17 წლის ასაკში კი მიიღო მონაწილეობა კონკურსში Look of the Year, რომელსაც ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტო- Elite Model Management ატარებდა. ის ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა და სააგენტომ სინდისთან კონტრაქტი გააფორმა. ამ პერიოდში გოგონამ სკოლაც დაამთავრა და როგორც მამას დაჰპირდა, ფრიადოსანმა სინდიმ სტიპენდია მოიპოვა და უნივერსიტეტის სწავლა მთლიანად დაუფინანსეს.
მან უნივერსიტეტში, ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა, ზაფხულში არდადეგებზე ევროპაში მოდელად მუშაობდა, სექტემბერში კი ჩიკაგოში უნივერსიტეტში სასწავლებლად დაბრუნდა. ცდილობდა, ლექციებს დღის პირველ ნახევარში დასწრებოდა, საღამოს კი ჩვენებებზე გამოსულიყო და ემუშავა. პირველი პროფესიონალური ფოტოსესია კი ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებენსკისთან ჰქონდა, რომელმაც გოგონას პოზირება ასწავლა.
„როცა ის ჩემს სტუდიაში პირველად შემოვიდა, უმაკიაჟოდ, 15 წლის გოგონას ჰგავდა. ნათელი იყო, რომ სპორტულ სამოსსა და კედებს იყო შეჩვეული და არა - ქურქსა და კაბებს, მაგრამ მე არ შემხვედრია სხვა მოდელი, რომელიც სინდის მსგავსად სწრაფად ისწავლიდა ყველაფერს. მას ბუნებრივად მშვენიერი სხეული აქვს, რომელიც მილიონში ერთია, მაგრამ მისი მთავარი ძალა - ინტელექტია“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა სკრებენსკიმ.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დილიდან საღამომდე ლექციებზე დასწრება და ბიბლიოთეკაში საათობით მეცადინეობა, გვიან ღამით კი მუშაობა და სამოდელო ბიზნესში ჩართვა რთულ რეჟიმს ქმნიდა, ამიტომ ის იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა.
„სწავლას ხომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაუბრუნდე, სამოდელო კარიერა კი მე არ დამელოდებოდა. სანამ მოდელი გავხდებოდი, სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობდი, მათ შორის - დეიდაჩემის სახლს ვალაგებდი, ბავშვებსაც ვიტოვებდი და ტანსაცმლის მაღაზიებში პულოვერებს ვალაგებდი“, - აღნიშნა მოდელმა.
სინთია ენ კროუფორდი მალე მიხვდა, რომ სამოდელო ბიზნესში უფრო მეტი ანაზღაურების მიღება იყო შესაძლებელი და შანსი ხელიდან არ გაუშვა. კარიერის დასაწყისში მას სინთიას სახელით იცნობდნენ, შემდეგ სინდი შეარქვეს და მალე გოგონა უბრალო ოჯახიდან ყველასთვის მისაბაძ მოდელად იქცა.
1986 წელს სინდი, უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და Elite Model Management-ის ნიუ-იორკის ფილიალთან გააფორმა ხელშეკრულება.
ულამაზესმა გოგონამ, რომელსაც სახეს ხალი უმშვენებდა, ძალიან მალე მოიპოვა პუბლიკის სიყვარული და წარმატებულ მოდელად იქცა.
ის ისეთი წარმატებული ჟურნალების ყდაზე მოხვდა, როგორებიცაა Cosmopolitan და Vogue. გამოცემები თავდაპირველად ცდილობდნენ, ფოტოები დაემუშავებინათ და გოგონას სახეზე ხალი გაექროთ, მოგვიანებით კი სააგენტოები აღნიშნავდნენ, რომ კროუფორდის სახეზე ხალი ნაკლი არ არის.
„ვისწავლე ჯანსაღი კვება და სხეულის მოვლა. სამწუხაროდ, არასდროს მივეკუთვნებოდი იმ გოგონებს, რომლებიც ნებისმიერ კერძს მიირთმევენ და წონაში არ იმატებენ. წლების განმავლობაში უამრავი დიეტა ვცადე“, - აღნიშნა მოდელმა.
1980-90-იან წლებში სინდი კროუფორდი სუპერმოდელად იქცა, ის ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების ამბასადორი გახდა, ხოლო versace-ს ჩვენებებზე განსაკუთრებულ კოლექციებს წარადგენდა.
უამრავ წარმატებულ მოდელთან თანამშრომლობის მიუხედავად, versace-ს მოდის სახლში მიიჩნევენ, რომ სინდი კროუფორდის ფოტოსესია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.
ის ყველაზე თამამ მოდელადაც ითვლება, რადგან პირველი პროფესიონალი მოდელია, რომელიც PLAYBOY-სთვის შიშველი პოზირებდა.
21 წლის გოგონამ სულ მალე მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღო, ჯონ კენედი-უმცროსის ჟურნალ George-სთვის, რომელიც N1 ჟურნალად ითვლებოდა - ის ჯორჯ ვაშინგტონის ამპლუაში ყდისთვის უნდა გადაეღოთ. ეს პროექტი მოდელისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მას დაამახსოვრდა, როგორ წარადგინა ჯონ კენედი-უმცროსმა ის საზოგადოების წინაშე:
„ქალბატონებო და ბატონებო, გაიცანით ჯორჯი!“
ამის შემდეგ ახალგაზრდა მოდელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოდელთა რიცხვში შევიდა, ხოლო გამოცემა People-მა ის პლანეტის ყველაზე ლამაზ ადამიანთა რიცხვში შეიყვანა.
წარმატებულმა მოდელმა ბედი კინემატოგრაფიაშიც სცადა. მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში: Fair game. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ცნობილი მსახიობები - უილიამ ბოლდუინი, სელმა ჰაიეკი და კრისტოფერ მაკდონალდი თამაშობდნენ, ფილმმა კინოკრიტიკოსთა ცუდი შეფასება დაიმსახურა.
სუპერმოდელს MTV-ზე რამდენიმე წელი გადაცემაც მიჰყავდა. წარმატებული აღმოჩნდა კროუფორდის ფიტნეს-პროგრამაც, ის გახდომის მსურველთათვის ვიდეო-გაკვეთილებს ამზადებდა, სპორტის ექსპერტები კრიტიკულად აფასებდნენ ამ პროექტს, თუმცა ფიტნეს-გაკვეთილებმა მოდელს წარმატება მოუტანა.
ახალი მიმართულების მიუხედავად, ის ისევ აქტიურად იყო ჩართული სამოდელო ბიზნესში. როგორც ცნობილია, კროუფორდი 600-ზე მეტი ჟურნალის ყდას ამშვენებდა. სუპერმოდელმა 50 წლის ასაკში „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს, ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სუპერმოდელი წლების შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურება. ის „დიორის“, „შანელისა“ და "ვალენტინოს“ ჩვენებებზეც წარდგა.
პირადი ცხოვრება
წარმატებული კარიერის პარალელურად, ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა სუპერმოდელის რჩეული. 1991 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე მან ჰოლივუდის ვარსკვლავი - რიჩარდ გირი გაიცნო. მათ შორის ძალიან სწრაფად დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა, რომანმა სერიოზული სახე ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ტაძარში მიიღო, სადაც წყვილმა ჯვარი მოულოდნელად დაიწერა. მათ ბეჭდებიც კი არ ჰქონდათ და ბეჭედი ფოლგისგან დაამზადეს. ჯვრისწერას სულ 4 ადამიანი ესწრებოდა.
დაოჯახების შემდეგ რიჩარდ გირი ბუდიზმით დაინტერესდა და ხშირად მიდიოდა ტიბეტში, სადაც გარკვეულ პერიოდს ატარებდა, ამ დროს კი ყველასათვის საყვარელი სუპერმოდელი სატელევიზიო შოუებში დადიოდა და მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ ღიად საუბრობდა. საბოლოოდ, ისინი ქორწინებიდან 4 წელში დაშორდნენ.
1997 წელს სინდი მეორედ გათხოვდა, მისი რჩეული რესტორატორი რანდე გერბერი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ რიჩარდ გირთან ქორწინების პერიოდში გაიცნო. ჰოლივუდის ვარსკვლავთან დაშორების შემდეგ მას მხარდამჭერი სჭირდებოდა, სწორედ გერბერი ამხნევებდა სუპერმოდელს და როგორც კროუფორდი ამბობს, გერბერი „მონათესავე სული“ აღმოჩნდა.
32 წლის ასაკში სინდის სურდა, ოჯახი შეექმნა და შვილები ჰყოლოდა, ამიტომ მან თავად შესთავაზა გერბერს ოჯახი შეექმნათ. მათ ქორწილი მალიბუს სანაპიროზე, მეგობრების ვიწრო წრეში გადაიხადეს, პრესისა და აფიშირების გარეშე. რამდენიმე წელში კი მათ პირველი შვილი - პრესლი უოლკერი შეეძინათ, შემდეგ კი გოგონა - კაია გერბერი გაჩნდა, რომელიც სინდი კროუფორდივით მშვენიერია და საკმაოდ წარმატებული კარიერაც აქვს. ორივე შვილი სინდიმ სახლში გააჩინა.
ბავშვების გაჩენის შემდეგ სუპერმოდელმა დრო შვილების აღზრდას დაუთმო, თუმცა მალე ახალი საქმე წამოიწყო - კანის მოვლის ბრენდი და სახლის ავეჯის ბიზნესი შექმნა. კროუფორდის ბრენდი Home Collection აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„მინდა გითხრათ, რომ მშვიდად ვეგუები სიბერეს. ბოლოს და ბოლოს, ამ სხეულთან უამრავი კარგი მოგონება მაკავშირებს. ყოველთვის ვაჯავრებ ჩემს გოგონას: შენ ჩემი თმები გაქვს - ახლავე დამიბრუნე! ჩემი ფეხები გაქვს - ახლავე დამიბრუნე ისინი“. კაია იცინის და მეუბნება, რომ ახლა მისი დრო დადგა და ის მართალია“, - აღნიშნავს სუპერმოდელი.