ივანიშვილი "ქართულ ოცნებაში" ახალ როქს ამზადებს?! - ვინ არის ვიქტორ ყიფიანი და რამდენად რეალურია, რომ მან ღარიბაშვილი შეცვალოს?
12 მარტს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა სომხურ მედიას ერთობ სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომელშიც "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა და პირდაპირ თქვა, რომ მან გუნდს პრობლემები შეუქმნა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ კობახიძის რიტორიკა და არაკორექტული პოლიტიკური განცხადებები, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. მისივე თქმით, "ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა ქვეყანას სერიოზული რეპუტაციული ზიანი და დარტყმა მიაყენა“. ინტერვიუში რესპონდენტი ე.წ. გავლენის აგენტების კანონსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ იცოდა ამ კანონით რა შედეგიც დადგებოდა, ისიც, ამ კანონის მიმართ რა რეაქციები ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებს, მას აფრთხილებდნენ, მაგრამ რისკები ვერ გათვალეს, საზოგადოებამ კი ხელისუფლებაზე კონტროლი მოადუნა... ახლა "ოცნების“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თავის დროზე არ მოხდა საზოგადოების სათანადო ინფორმირება კანონთან დაკავშირებით, არის უადგილო, რადგან ყველამ კარგად იცოდა კანონთან დაკავშირებით რეაქციები და მმართველ გუნდს ჰქონდა სათანადო დრო იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოეხდინა“, - თქვა ყიფიანმა და იქვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა:
"ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციები ნებსით ან უნებლიედ პოლიტიკური თამაშების მძევლად გადაიქცნენ, ისინი არიან აფილირებული სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა და კონტროლი დაკარგა ხელისუფლებაზე. სამოქალაქო საზოგადოების მთავარი საქმეა აკონტროლოს ხელისუფლება და როგორც ჩანს, ის, რომ ხელისუფლება ზღვარს გადასცდა, სამოქალაქო საზოგადოების ბრალია, რომელმაც ბოლო პერიოდში ყურადრება მოადუნა“.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ინტერესებისა დაცველია, ბევრმა ეს განცხადებები "ოცნების“ ამჟამინდელი ლიდერების მიმართ პოლიტიკური განაჩენის ტოლფასად მიიჩნია.
გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვალას გეგმავდეს. სწორედ მის ერთ-ერთ შესაძლო შემცვლელად სახელდება ვიქტორ ყიფიანი. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ყიფიანის მხრიდან ირაკლი კობახიძის ქარცეცხლში გატარება, გამორიცხული არ არის, იმას ნიშნავდეს, რომ ისიც დაემშვიდობოს "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და ახლო მომავალში გადახალისებული მმართველი გუნდი მივიღოთ.
პარლამენტარი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილი, შესაძლოა, ყიფიანით ან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარით, კახა კუჭავათი ჩაანაცვლონ. ის არც შალვა პაპუაშვილის შეცვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე შეიძლება დავით სერგეენკო გახდეს.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს ვიქტორ ყიფიანის გაპრემიერებას, თუმცა პრობლემას სისტემაში ხედავს და ამბობს, რომ როცა სისტემა მანკიერია, ასეთი მონაცემების ადამიანიც კი შეიძლება გაფუჭდეს და სისტემურად არც არაფერი შეიცვალოს.
"ჩვენ თუ პიროვნულად შევადარებთ ღარიბაშვილსა და ყიფიანს, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ღარიბაშვილი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მწირი მონაცემების ადამიანია. ვიქტორ ყიფიანს, ჩანს, რომ გარკვეული კლასი აქვს - განათლებული, დალაგებული, ზომიერია და, ბუნებრივია, ის ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე - ღარიბაშვილი. პრობლემა იმაშია, რომ როცა სისტემა მანკიერია, ასეთი მონაცემების ადამიანიც კი შეიძლება გაფუჭდეს და სისტემურად არც არაფერი შეიცვალოს. ორი ირაკლი აქამდეც დამოუკიდებლად არ მოქმედებდა, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს იმის კომფორტი, ვინც უნდა ამოთხაროს და ჩარგოს, სხვადასხვა ეტაპზე ბაზარზე სხვადასხვა მოთხოვნილება ჩნდება და რაც ჩნდება, იმით ანაცვლებს - თუ სჭირდება, ასეთი ხისტი, ჯიქური და აგრესიული, მერე თუ დასჭირდება - მოზომილი და ა.შ. ივანიშვილი ასე ცვლიდა პრემიერ-მინისტრებს, სულ სხვადასხვა მენტალიტეტის და მსოფლმხედველობის ადამიანები ჰყავს მოყვანილი პრემიერებად იმისდა მიხედვით, იმ დროისათვის როგორი სჭირდებოდა. გააგრძელეთ კითხვა