"მსურს დაგეხმაროთ, ვიდრე აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში " - კვირის პალიტრა

"მსურს დაგეხმაროთ, ვიდრე აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში "

მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება - ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი - მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.

ამასთან, მისი თქმით, ძალა ერთობაში და აქტიურობაშია და ახლა პაუზების აღების დრო არ არის.

"არავის ეგონოს, რომ კარგად ვარ, რადგან ამდენს ვწერ. დღეს ორჯერ დავკარგე გონება.

ღარიბაშვილმა მიუნხენში განაცხადა, ევროპელ ექიმებს შევუშვებთო და ეს საქმე უკვე 10 დღე ყოვნდება, მაგრამ, სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ.

ბევრი მოვლენა ხდება ჩემს თავს - საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველანაირი დიპლომატიურობის გარეშე, ბრიტანეთის პრემიერთან საერთო ბრიფინგზე მოითხოვა ჩემი უპირობო გათავისუფლება. ეს არის სრულიად უპრეცედენტო დემარში. წინა დღით საფრანგეთის მთავარმა გაზეთმა Le figaro-მ გამოაქვეყნა ჩემი ვრცელი ინტერვიუ.

მსოფლიოში სახელგანთქმულმა მოაზროვნემ ბერნარ ლევიმ ყველაზე მთავარ ამერიკულ ჟურნალში TIME-ში გამოაქვეყნა ჩემზე სტატია.

დღეს შემატყობინეს, რომ მომენიჭა ერთ ერთი პრესტიჟული ევროპული პრემია. მინდა ვუთხრა იმ ერთმუჭა პოლიტიკოსებს, ვისაც კიდევ ერიდება ჩემი სახელის ხსენება, ნუ გახდებით რუსულ-ოცნებისტური მრავალწლიანი პოლიტიკის მძევალი.

მე მხოლოდ მსურს დაგეხმაროთ, სანამ აქ ვარ, თორემ როგორც კი კიევში დავბრუნდები, მთლიანად გადავეშვები ზელენსკისთვის დახმარებაში და შეიძლება აქეთ გამოხედვის დროის რესურსიც აღარ მქონდეს.

ძალა ერთობაშია და აქტიურობაში. ახლა პაუზების აღების დრო ნამდვილად არაა, დიდება ჩვენს ახალგაზრდობას, დიდება ყველა გულანთებულ უშიშარ პატრიოტს. Slava Ukraina!“,- აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

"ინტერპრესნიუსი"