"დენის ციპლენკოვზე ძალიან ვარ გაბრაზებული. რუსეში ომის მხარდამჭერ აქციებზე დადის და მისაღები ამის გამოც უნდა მიიღოს" - კვირის პალიტრა

"დენის ციპლენკოვზე ძალიან ვარ გაბრაზებული. რუსეში ომის მხარდამჭერ აქციებზე დადის და მისაღები ამის გამოც უნდა მიიღოს"

"დენის ციპლენკოვზე ძალიან ვარ გაბრაზებული და იმედია, ჩვენი შეხვედრა მალე შედგება", - ამბობს "მკლავჭიდის მეფე" ლევან საგინაშვილი. "ქართველი ჰალკი", რომელსაც 2018 წლის შემდეგ ერთი ორთაბრძოლაც არ წაუგია. დუბაიში გამართულ King of the Table 6-ის მაგიდასთან ქართველმა გოლიათმა 4:2 დაამარცხა იტალიელი "გლადიატორი" ერმეს გასპარინი. დიდი ხანია, ლევანმა "მშრალი" ანგარიშებით გამარჯვებას მიგვაჩვია და ეს ანგარიში, ცოტა არ იყოს, გვეხამუშა, თუმცა... 4:0 დაწინაურების შემდეგ "ჰალკს" სუნთქვის პრობლემა შეექმნა და ბრძოლა აღარ გააგრძელა. დასწყდა თუ არა გული "წაგებულ" რაუნდებზე, რატომ არ გახდა ფეხბურთელი, რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე და რას უპირებს უახლოეს მეტოქეებს, - "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში "მაგიდის მეფე" ლევან საგინაშვილს ამ და სხვა საინტერესო თემებზე ველაპარაკეთ:

- გასპარინისთან მატჩში "უჩვეულო" ანგარიშის მიზეზი ის არის, რომ დუბაის დარბაზში არ იყო საკმარისი ჟანგბადი! კონდიცირების სისტემა სრული დატვირთვით არ მუშაობდა, როცა დარბაზი მაყურებლებით გაივსო, ჰაერი მალევე ჩაიხუთა და ისე დამძიმდა, მეც და გასპარინისაც სუნთქვის პრობლემა შეგვექმნა. ერმესზე გაცილებით მძიმეწონოსანი ვარ და ასეთ პირობებში ასპარეზობა მე უფრო გამიჭირდა. სუნთქვის პრობლემამ საწყის რაუნდებში იჩინა თავი, მაგრამ მაქსიმალური მობილიზების წყალობით ოთხი რაუნდი მოვიგე და ასაპრეზობა შევწყვიტე. შევატყვე, იყო ალბათობა, ხელის გადაწევის დროს ან მანამდე გონება დამეკარგა და ეს ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო "სანახაობა".

- ბევრჯერ გითქვამს, რომ დუბაიში ასპარეზობა ყველაზე კომფორტულია შენთვის: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასასვლელად 3 საათიც კმარა და ორგანიზებაც ყოველთვის მაღალ დონეზეაო. ამჯერად რა მოხდა?

- დევონ ლარატსაც ამავე დარბაზში შევხვდი. თუმცა ის მატჩი ივლისში გაიმართა და გარეთ ისე ცხელოდა, კონდიცირება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო ჩართული. გასპარინისთან შეხვედრისას კი, რაკი გარეთ სიგრილე იყო, დარბაზის ძალიან გაცივება არ ჩათვალეს საჭიროდ... ამის გამო მაყურებლებით სავსე დარბაზში მალევე ვიგრძენით ჟანგბადის ნაკლებობა. არა მარტო ჩვენ - გულშემატკივრებიც უჩიოდნენ სიცხეს და უჟანგბადობას.

- შარშანდელ ინტერვიუში მითხარი, რომ შენთვის თავად გამონახე მოტივაცია - მინდა ისე დავასრულო კარიერა, ერთი რაუნდიც არ წავაგოო. 2018 წლის შემდეგ არც წაგიგია, თუმცა... აქამდე უნაკლო სტატისტიკაში გასპარინისთან 4:2 გამარჯვებაც გამოერია... გული არ გწყდება?

- სიმართლე გითხრათ, საბოლოო ანგარიშის მიუხედავად, იმ ორ რაუნდს წაგებად მაინც ვერც აღვიქვამ... ისე არ ყოფილა, თითქოს გასპარინი მაგიდასთან იდგა და მელოდა, მე კი მისვლას ვერ ვახერხებდი - ორივე ვისხედით, სუნთქვა ორივეს გვიჭირდა, მაგრამ ასპარეზობა მე შევწყვიტე. ასეც უნდა ყოფილიყო: უკვე გამარჯვებული ვიყავი და ეს გადაწყვეტილება სწორედ მე უნდა მიმეღო! რაც შეეხება ანგარიშს - არა უშავს, ეს შეხვედრაც 6:0 რომ ვერ მოვიგე. მით უმეტეს... გასპარინისთან შეხვედრაში მოტივაციის მოძებნა გამიჭირდა.

- იმიტომ, რომ დარწმუნებული იყავი გამარჯვებაში? ეს ხომ ნებისმიერ მეტოქესთან ასეა?

- ერთი ვიცი, რომ არ ვიყავი საკმარისად მოტივირებული... ერმესი არ გამოდგა მოწინააღმდეგე, რომელიც "საკმარისად" გამაღიზიანებდა, ძალიან მომანდომებდა გამარჯვებას... შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მოვალეობის მოხდის მიზნითაც კი გავედი მაგიდასთან...

- გამოდის, ერმესიც ლარატივით უნდა მოქცეულიყო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ეცადა შენი მდგომარეობიდან გამოყვანა?!

- დევონ ლარატი ერმესზე ძლიერი და სახელგანთქმული მკლავჭიდელია - მის ქცევასთან ერთად, ესეც მაძლევდა მოტივაციას. გასპარინიც კარგი ბიჭია, ძლიერი სპორტსმენი, მაგრამ რაღაცნაირად ვერ შევძელი მოტივირება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ გულწრფელად შევაქე იტალიელი - ბოლომდე იბრძოლა, თითქმის მთლიანად გადაწეული მაჯითაც დიდხანს გამიძალიანდა... ასეთი ტექნიკით დიდხანს ბრძოლა ძალიან სახიფათოა - შეიძლება მკლავჭიდელმა უმძიმესი დაზიანება მიიღოს. ერმესმა მაქსიმალურად გაიმეტა თავი, ბოლომდე იბრძოლა და საქებარი სიტყვებიც ნამდვილად დაიმსახურა ჩემგან. მაგრამ ეს მერე იყო - ბრძოლის დაწყებამდე კი ძალიან გამიჭირდა ბოლომდე მობილიზება... აი, დამინიშნონ შეხვედრა დენის ციპლენკოვთან და... მოტივაცია მერე ნახეთ!

- კი ამბობ, გასპარინისთან შეხვედრის წინ სათანადოდ მობილიზება გამიჭირდაო, მაგრამ მაგიდასთან ისეთი სახით მიხვედი, გვეგონა, ერმესის გადაყლაპვას აპირებდი... ასე ძალიან მეტოქის დემორალიზებისთვის "იბღვირებოდი"?

- ეს საბრძოლო განწყობის შესაქმნელად, მობილიზებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ორთაბრძოლის დაწყებამდე მაყურებლის აყოლიებაზეც ფიქრობ... მკლავჭიდის მატჩი ხომ მხოლოდ მკლავის გადაწევა არ არის? ერთგვარი შოუც უნდა იყოს, საინტერესო სანახაობა, მით უმეტეს, ამ ტურნირების გამართვა სწორედ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვინც ტრანსლაციებს ყიდულობს და უყურებს. მაყურებელს დაძაბულობა, სანახაობა უყვარს. გააგრძელეთ კითხვა