ლელი ჯაფარიძე: "ცისფერყანწელი მზვერავი“ ბოლშევიკების გარემოცვაში - კვირის პალიტრა

ლელი ჯაფარიძე: "ცისფერყანწელი მზვერავი“ ბოლშევიკების გარემოცვაში

გასული საუკუნის 20 წლებში ქართული ემიგრაცია საქართველოში შემოღწევისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ორ ძირითად გზას იყენებდა. ანტიკომუნისტური ბრძოლის პირველი გზა გულისხმობდა საქართველოს ტერიტორიაზე ფარულ შემოსვლებს, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან დაბრუნებას. მეორე გზა კი სრულიად ლეგალური იყო და შემდეგში მდგომარეობდა. ევროპის რომელიმე ქვეყანაში მდებარე საბჭოთა საელჩოში ან საკონსულოში (ძირითადად ეს იყო პარიზი, ბერლინი და სტამბოლი) ქართველ ემიგრანტს სამშობლოში (საქართველოს სსრ-ში) დაბრუნების თხოვნა შეჰქონდა. წერილში ის მიწასთან ასწორებდა “საზიზღარ კაპიტალისტებს” და სოციალისტური გზის სიდიადეზე გულანთებული საუბრობდა. თან ამტკიცებდა, რომ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა მენშევიკების პარტიასთან ან, სხვა შემთხვევაში, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან. შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება ამ განცხადებას იხილავდა და „პოლიტიკური პოლიციის“ ( ო-გე-პე-უს) ინფორმაციაზე დაყრდნობით ნებას რთავდა ან უარს ეუბნებოდა ემიგრანტს დაბრუნებაზე. 1924-1925 წლებში თხოვნა უფრო ხშირად დადებითად წყდებოდა, რადგანაც იმ პერიოდში ბოლშევიკებს სურდათ ემიგრაციიდან დაბრუნებულები პროპაგანდისტული მიზნებით გამოეყენებინათ. შემდგომ წლებში კი საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ემიგრანტები სამშობლოში კი არ დაებრუნებინა, არამედ საზღვარგარეთ ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინა (ეს ფაქტობრივად აგენტად გადაბირების ტოლფასი იყო) და მათ ულტიმატუმს უყენებდა: “სამშობლოში დაბრუნებას დამსახურება უნდა !”. თუ ემიგრანტს დაითანხმებდნენ, მაშინ მას კონკრეტულ სადაზვერვო დავალებას (ინფორმაციის მოპოვება, ემიგრანტთა შორის შუღლის ჩამოგდება და ა.შ.) ან რომელიმე ემიგრანტის ლიკვიდაციას ავალებდნენ. ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის მეორე გზა ურთულესი გამოცდა იყო ქართველი პატრიოტებისთვის, რომლებიც საქართველოში ლეგალურად დაბრუნებულები, იძულებულნი იყვნენ თავი მოეჩვენებინათ, რომ შეურიგდნენ ახალ ხელისუფლებას და ამის პარალელურად ფარულად კომუნისტების წინააღმდეგ ემოქმედათ. არალეგალური მზვერავის ფუნქციის შესრულება (სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის მოპოვება და საზღვარგარეთ გადაგზავნა) გუშინდელი ემიგრანტებისთვის ურთულესი, ზოგჯერ კი შეუსრულებელი, ამოცანა იყო. ბოლშევიკები იმდენად მიამიტები არ იყვნენ, რომ ლეგალურად დაბრუნებულისთვის სრული ნდობა გამოეცხადებინათ, პირიქით: „გუშინდელი“ სოციალ–დემოკრატები და ეროვნულ–დემოკრატები, რომლებმაც საჯაროდ განაცხადეს პარტიიდან გასვლისა და ბოლშევიკურ რეჟიმთან თანამშრომლობის შესახებ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უშიშროების ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. სისხლიანი რეპრესიები კი სწორედ მათგან, ლეგალურად დაბრუნებული ემიგრანტებისგან იწყებოდა: მათი დადანაშაულება სხვადასხვა ქვეყნის აგენტობაში უფრო „სარწმუნო“ ჩანდა. აქ თუნდაც ნიკოლო მიწიშვილის ტრაგიკული ბედი გავიხსენოთ. ლელი ჯაფარიძეც ლეგალურად დაბრუნდა საქართველოში და შეუდგა ფარულ მუშაობას ბოლშევიკების წინააღმდეგ. თუმცა როდის დაბრუნდა ლ. ჯაფარიძე, რამდენი ხანი მუშაობდა ფარულად, ზუსტად როდის და როგორ გარდაიცვალა, ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ემიგრაციიდან საქართველოში ლელი ჯაფარიძის დაბრუნების ერთ თარიღს გვთავაზობს ქართველი ისტორიკოსი ფ. ლომაშვილი, რომელმაც 1965 წელს გამოსცა ბროშურა-ოპუსი „ქართული ემიგრაციის ისტორიიდან” (რომელიც ჩემი აზრით კა-გე-ბეს შეკვეთით იყო დაწერილი, თუნდაც იმიტომ, რომ საბჭოთა უშიშროების საიდუმლო საარქივო დოკუმენტებთან, სხვა შემთხვევაში, ავტორს არავინ დაუშვებდა), სადაც ზემოაღნიშნულ თემაზეცაა საუბარი. მკითხველს გავაცნობ ერთ მცირე ამონარიდს ამ წიგნიდან (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): „1925 წლის 2 აგვისტოს შედგა პარიზის ქართული საბჭოთა კოლონიის დამფუძნებელი კრება, რომელმაც მიიღო ე. წ. „ახალი ქართული საზოგადოების" წესდება და აირჩია მისი გამგეობა, ამ ორგანიზაციის აქტიური დახმარებით 1926 წლის 18 იანვარს მარსელის ნავსადგურიდან სამშობლოსაკენ გამოემგზავრა ქართველ ემიგრანტთა პირველი ჯგუფი: ლელი ჯაფარიძე (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელი ბიუროს ყოფილი წევრი), ვანო კეჩუხაშვილი (კეჩუხოვი); სოსო გოგნიაშვილი მეუღლით (მენშევიკური გვარდიის ცხინვალის შტაბის ყოფილი თავმჯდომარე), ვანო იმნაძე მეუღლით (ფოთის ქალაქის საბჭოს ყოფილი ხმოსანი) და რკინიგზელი მუშა ვანო ნაცვლიშვილი. 1926 წლის მარტში სამშობლოში გაემგზავრა ქართველ ემიგრანტთა ახალი ჯგუფი: მხატვარი ქეთევან მაღალაშვილი, აგრონომი შ, ჭანიშვილი; იურისტი მ. ხუხუნია, და სხვ.“. ფ. ლომაშვილის ეს ინფორმაცია ეყრდნობა ლელი ჯაფარიძის ყოფილი თანაპარტიელის, ემიგრაციაში კი უკვე ბოლშევიკების მხარდამჭერის, გრიგოლ ვეშაპელის (ვეშაპიძის) მიერ პარიზში ქართულ ენაზე გამომავალი ორკვირეული გაზეთის „ახალი საქართველოს“ (რომლის გამოცემასაც ფარულად საბჭოთა სპეცსამსახურები აფინანსებდნენ) 1926 წლის 20 იანვრის ნომრის პირველ გვერდზე მოთავსებულ მცირე ინფორმაციას სათაურით: „სამშობლოსაკენ“ (სტილი დაცულია – ბ.ა.): „გუშინ წინ მარსელიდან გავიდა გემი, რომლითაც ბრუნდებიან საფრანგეთიდან საქართველოში ახალი ჯგუფი ემიგრანტებისა. ამ ჯგუფში არიან: ლელი ჯაფარიძე (წევრი ყოფილი ნაციონალ–დემოკრატიულ საზღვარგარეთელ ბიუროსი), ვანო კეჩუხაშვილი (კეჩუხოვი)...“. ერთი შეხედვით საკითხი ამოწურულია: პარიზში მყოფი გრიგოლ ვეშაპელი წესით არ უნდა შემცდარიყო ემიგრანტთა ჯგუფის (მათ შორის მისი ყოფილი თანამებრძოლის, ლელი ჯაფარიძის) საქართველოში გამომგზავრების თარიღში. თუმცა ჩემი ვარაუდით ლელი ჯაფარიძე 1924 წლის „აგვისტოს აჯანყების“ შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო და არაუგვიანეს 1924 წლის სექტემბრისა ის თბილისში იმყოფებოდა, რასაც ერთ–ერთი წყარო: ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინო მაყაშვილი–ტაბიძის მოგონებებიც ადასტურებს. 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში ბაქოდან ტიფლისში (როგორც მაშინ უწოდებდნენ საქართველოს დედაქალაქს) რუსი პოეტი სერგეი ესენინი ჩამოვიდა, რომელიც ხშირად სტუმრობდა ტიციანის ოჯახს და ირკვევა, რომ ერთ–ერთ შეხვედრაზე, სხვა „ცისფერყანწელებთან“ ერთად, ლელი ჯაფარიძეც იმყოფებოდა.

gala2-1678776427.jpg

სერგეი ესენინი

ნინო მაყაშვილი–ტაბიძისა ასე იხსენებს ამ ფაქტს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): „სერიოჟას (იგულისხმება სერგეი ესენინი – ბ.ა.) საშინლად გაუხარდა, რომ მე მას ეს იდეა შევთავაზე, წამოხტა, ჩაიცვა და ფულის სათხოვნელად გაიქცა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორთან. სადილად შეკრება დაიწყეს ტიციანის ამხანაგებმა: გიორგი ლეონიძემ, სანდრო შანშიაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, შალვა აფხაიძემ, ნიკოლოზ მიწიშვილმა, სერგო კლდიაშვილმა, ლელი ჯაფარიძემ, სხვები არ მახსოვს. მხოლოდ სერიოჟაა და პაოლო იაშვილი აკლდნენ. სუფრასთან დავდექი, ბუფეტთან ახლოს. კარი გაიღო და სერიოჟა შემოვარდა გაბრწყინებული თვალებით, ოქროსფერთმიანი და თეთრი და ყვითელი ქრიზანთემების დიდი თაიგულით და გახარებულმა მითხრა: "ზარია ვოსტოკას" რედაქციამ ფული მომცა! ფული თავის დას გადაურიცხა და ბედნიერი იყო “. სავარაუდოდ ეს შეხვედრა 1924 წლის სექტემბერში შედგა, ესენინი კი საქართველოდან 1925 წლის თებერვალში გაემგზავრა. რუსი პოეტი ისე მოიხიბლა საქართველოთი და ქართველების მასპინძლობით, რომ იმავე წელს აპირებდა დაბრუნებას, თუმცა 1925 წლის 28 დეკემბერს ქალაქ ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერის“ ნომერში სერგეი ესენინი გარდაცვლილი იპოვეს. მაშინაც და ამჟამადაც ესენინის „თვითმკვლელობის“ არავის სჯეროდა. ის იმდენად დამოუკიდებელი და ბოლშევიკებისგან „უმართავი“ პოეტი და პიროვნება იყო, რომ არსებობს მყარი ვარაუდი: ესენინი ო–გე–პუმ მოკლა. როგორც ზემოთ დავინახეთ ლელი ჯაფარიძე ჯერ კიდევ 1924 წლის სექტემბერში იყო საქართველოში და სხვა „ცისფერყანწელებთან“ ერთად სერგეი ესენინს მასპინძლობდა. ჩემი აზრით ისინი ამ შეხვედრების ამსახველ ფოტოებსაც გადაიღებდნენ (დამეთანხმეთ საბედნიეროდ ეს „საქმე“ ძალზე უყვარდათ!) , თუმცა 30 იანი წლებში „ცისფერყანწელთა“ რეპრესიების დროს ეს ფოტოსურათები უშიშროების ორგანოების მიერ იქნებოდა ამოღებული. ქვემოთ მოტანილი ფოტოსურათიც, რომელიც 1925 წელსაა გადაღებული,

gala3-1678776427.jpg

გიორგი ლეონიძე, თამარ ბოლქვაძე, ლელი ჯაფარიძე, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე. 1925.

ადასტურებს, რომ უკვე 1925 წელს ლელი ჯაფარიძე თბილისში იმყოფებოდა და აქტიურად იყო ჩართული „ტიფლისის“ ბოჰემურ ცხოვრებაში. 1925 წელს ლელი ჯაფარიძის საქართველოში ყოფნა დასტურდება სხვა წყაროებითაც. 1925 წლის 14 სექტემბერს ის თბილისიდან წერილს უგზავნის ტიციან ტაბიძეს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): „ტიციან, ჩემო ძვირფასო! მხოლოდ ახლა ვიგრძენი, თუ რა არის თბილისი უშენოთ – შენც წახვედი და უცბად დაიცალა და გაბითურდა ყველაფერი. ველი მოუთმენლად შენს მოსვლას, რომ გავხსნათ ახალი სეზონი, რომელიც ალბათ საინტერესო უნდა იქნეს – ახლა უფრო მოშინაურებული ვარ და უფრო ხალისიანად ვიგრძნობ ალბათ ყველაფერს. იყო პაოლო სამი დღით – მოფრინდა – ერთი მაგრად შეძრა თბილისი და გაბრუნდა. მეც მივდიოდი ქობულეთში მასთან, მაგრამ მატარებელზედ დამიგვიანდა და დავრჩი– შესაძლებელია, რომ ამ დღეებში წავიდე. ამბობენ, იქ მოუყრია ყველაფერს თავი. აქ აღარა ვინ არ არის. თამუნია აბასთუმანშია, გოგლა – ქობულეთში. მხოლოდ „დურუჯი“ ჩამოვიდა და სეზონისათვის ემზადება. გრიგოლმა (იგულისხმება გრიგოლ რობაქიძე – ბ.ა.) მიიღო როლლანის მეორე წერილი – ახურავს ტუნისელ კოლონიზატორის ქუდი და ისე დაიარება, როგორც მაგარი ინგლისელი დრედნოუტი. მიწიშვილი კიდევ უფრო გახდა ჩვენს წვალებაში და სულ აღარ სჩანს მიწიდან – უკანასკნელი მიღწევა მისი: ბარონი (იგულისხმება ბარონ ბიბინეიშვილი (1883–1937) – ბ.ა.) ფანჯარასთან დააჯინა და თქვენ მის ოთახში გადაგიყვანათ. აკოცე ჩემს მაგივრად ნინას და პატარა ტანიტ ტაბიძეს და მალე ჩამოგვიყვანე აქეთკენ. შენი ლელი. თბილისი“.

gala4-1678776427.jpg

გრიგოლ რობაქიძე „ტუნისელი კოლონიზატორის ქუდით“

ამ წერილიდან კარგად ჩანს, რომ ლელი ჯაფარიძე უკვე დაბრუნებულია ემიგრაციიდან ( „ახლა უფრო მოშინაურებული ვარ და უფრო ხალისიანად ვიგრძნობ ალბათ ყველაფერს“). ლელი ჯაფარიძე ახალგაზრდობიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცნობილი ქართველი ემიგრანტი რევაზ გაბაშვილი (1883-1969) მოგონებებში „რაც მახსოვს“ წერს:

“24 თებერვალს (საუბარია 1924 წლის მოვლენებზე – ბ.ა.), განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი, ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს და, შეიძლება ამიტომ (?) გასცა ბრძანება ჟორდანიამ – ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..”

gala5-1678776427.jpg

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

რევაზ გაბაშვილი სოციალ–დემოკრატიული პარტიის და საქართველოს მაშინდელი მთავრობის დაუღალავი ოპონენტი იყო და ხშირად ობიექტური, ზოგჯერ კი სუბიექტური შეფასებებით გამოირჩეოდა. ზემოთ მოყვანილი ციტატიდან კარგად ჩანს ახალგაზრდა ლელი ჯაფარიძის პატრიოტული საქმიანობის ერთი ეპიზოდი. ლელი ჯაფარიძისთვის არალეგალური პარტიული მუშაობა „უცხო ხილი“ არ იყო. ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნისას ლ. ჯაფარიძე სტამბოლში მოქმედი ეროვნულ –დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ცენტრის ძალზე აქტიური წევრი გახლდათ: კავშირი ჰქონდა საქართველოში ფარულად მოქმედ ედპ–ს ჯგუფებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას და თავადაც აწვდიდა პარიზიდან მიღებულ ინსტრუქციებსა და სადირექტივო წერილებს. საქართველოში ლეგალურად დაბრუნებით ლელი ჯაფარიძემ ფორმალურად აღიარა ბოლშევიკური ხელისუფლება და აქტიურად ჩაერთო ლიტერატორთა ცხოვრებაში. თან ფარულად ინფორმაციას კრებდა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საიდუმლო არხებით დაშიფრულ წერილებს უგზავნიდა პარიზში სპირიდონ კედიას. 1926 წლის 16 ივნისს ის თბილისიდან პარიზში გაგზავნილ საიდუმლო წერილში სპირიდონ კედიას წერს (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.).

„ჩვენი წრეები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან რაიმე თანამშრომლობაზედ მენშევიკებთან – აქაური პრაქტიკა ამის საუკეთესო დამამტკიცებელია: საბუთები: 1) მენშევიზმი, როგორც ორგანიზაციული ძალა არ არსებობს – მთელი მათი მოქმედება არასოდეს არ გასცილებია პროკლამაციას. 2) 75% მათი წევრებისა უკვე ბოლშევიკებთან მუშაობენ და უფრო აქტიურობენ, ვიდრე თვით ბოლშევიკები. 3) არც ერთი მენშევიკი სანდო აღარ არის. რასაც დღეს სულაქველიძე (იგულისხმება ემიგრაციიდან დაბრუნებული კონსტანტინე (კოწია) სულაქველიძე – ბ.ა.) და მისი ამხანაგები სჩადიან პირდაპირ წარმოუდგენელია, გასცეს რისი გაცემაც კი შეეძლოთ, თვით ის პირებიც კი, ვინც მათ მალავდნენ და მფარველობდნენ (რამდენიმე კომუნისტი დახვრიტეს მენშევიკებისთვის დახმარების აღმოჩენის გამო) და ახლა ეძგერნენ ჩვენი კულტურის უკანასკნელ ციტადელს უნივერსიტეტს და რაც კომუნისტებმა ვერ მოახერხეს – ამათმა მიაღწიეს, გამოაგდეს ჯავახიშვილი და ახლა მას ღლონტი და სულაქველიძე ხელმძღვანელობენ“.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებთან ერთად ლელი ჯაფარიძე ცდილობდა ემიგრაციისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მთლიანად საბჭოთა კავშირში არსებული მდგომარეობის, უპირველესად კი ბოლშევიკ „ბელადებს“ შორის არსებული ან შესაძლო დაპირისპირების შესახებ. სამწუხაროდ ქართულ ემიგრაციაში დიდი ილუზია არსებობდა იმის შესახებ, რომ „ბელადებს“ შორის პოლიტიკური დაპირისპირება შეიარაღებულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა და ბოლშევიკების ხელისუფლება „შიგნიდან დაიშლებოდა“.

gala6-1678776427.jpg

ძერჟინსკი და სტალინი

ლელი ჯაფარიძე ს. კედიას ატყობინებს (ავტორის სტილი უცვლელია- ბ.ა.): „რუსეთში დიდი ბრძოლაა სტალინის წინააღმდეგ - მისი მთავარი მოწინააღმდეგეა ახლა ძერჟინსკი და როგორც ჩანს, სტალინს უნდა დაეყრდნოს განაპირა ქვეყნებს და ამით აიხსნება მისი მოგზაურობა ახლა აქეთკენ. ამბობენ, გარდაწყვეტილია, რომ აქედან წავლენ ორჯონიკიძე (ლენინგრადის დიქტატორად ზინოვიევის ნაცვლად) და ორახელაშვილი მოსკოვში. სტალინს უნდა რათა თავის გარშემო შემოიკრიბოს თავისი ხალხი. დიდი ნაციონალისტური მოძრაობაა უკრაინაში - იქ ახლა რუსული ენაც კი აკრძალეს სახმარებლად (საერთოდ შეიძლება ითქვას გადაჭრით, რომ ბოლშევიკებს ამჟამად დაუძლეველი დაბრკოლებები ეხსნებათ წინ)“.

ლელი ჯაფარიძის “პოლიტიკური პროგნოზები“ ნაწილობრივ იყო ზუსტი: სერგო ორჯონიკიძე 1926 წელს მართლაც დააწინაურეს. რაც შეეხება სტალინისა და ძერჟინსკის ურთიერთობას: იმ პერიოდში მომავალ „დიდ ბელადს“ ძალზე კარგ ურთიერთობა ჰქონდა „პირველ ჩეკისტთან“ და ოსტატურად წარმართავდა ძერჟინსკის „ცერბერებს“ პოლიტიკური ოპნენტების წინააღმდეგ. ლელი ჯაფარიძის მიერ წერილის დაწერიდან დაახლოებით ერთ თვეში, 1926 წლის 20 ივლისს, ფელიქს ძერჟინსკი გარდაიცვალა. იოსებ სტალინმა კი წარმატებით გააგრძელა ძალაუფლებისათვის ბრძოლა და გუშინდელი თანამოაზრეების (ბუხარინის, კამენევის, ზინოვიევის, ორჯონიკიძის და სხვ.) განადგურება.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)