"სააკაშვილი მოჩვენებასავით მახსოვს... საქართველოში თავისუფლების ქარი ქროდა - ქარი ვარდების სურნელით" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი მოჩვენებასავით მახსოვს... საქართველოში თავისუფლების ქარი ქროდა - ქარი ვარდების სურნელით"

ამერიკული ჟურნალის - „თაიმის“ (Time) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ფრანგი ფილოსოფოსის, მწერლისა და კინორეჟისორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრის, ბერნარ-ანრი ლევის სტატია სათაურით - „მიხეილ სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს“, რომელშიც გამოხატულია სოლიდარობა და თანაგრძნობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ავტორი, რომელიც კიევში იმყოფება, წუხს ექს-პრეზიდენტის ავადმყოფობის გამო და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მისი გადარჩენისათვის.

პუბლიკაცია იწყება რომანტიკულ-დრამატული მოგონებით, როცა 2008 წელს ბერნარ-ანრი ლევი საქართველოში იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა:

„სააკაშვილი... მოჩვენებასავით მახსოვს... ის ახლო წარსულში, 2008 წელს ვნახე და ახლა უკვე შორეული მგონია. გაზაფხული იყო. საქართველოში, სადაც იგი პრეზიდენტი იყო, თავისუფლების ქარი ქროდა - ქარი ვარდების სურნელით. მე თითქოს ახლაც იქ ვარ და ვხედავ, ეს გოლიათი როგორ აღუდგა წინ რუსულ ტანკებს თბილისის მისადგომებთან - ისე, როგორც საბავშვო ზღაპრებშია - იმ პრინცესის გადასარჩენად, რომელსაც საქართველო ან, თუ გნებავთ, ევროპა ჰქვია. იგი იბრძვის და დახმარებას ითხოვს... ზოგჯერ ისე ჩანს, რომ იმარჯვებს, მაგრამ... საბოლოოდ, არჩევნებში მარცხდება. მას დევნიან. მიდის უკრაინაში, მუშაობს გუბერნატორად. ბრუნდება სამშობლოში, რომლის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, ყოფილ პრეზიდენტს იჭერს და ციხეში აგდებს. თუმცა არ კმაყოფილდება დაპატიმრებით და დამატებით წამლავს“.

ავტორი აღნიშნავს, რომ მან მიხეილ სააკაშვილის წერილი მიიღო: „მე იმიტომ გწერ, რომ მსოფლიოს განუცხადო: მე თუ ციხეში მოვკვდები, სიკვდილი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემი სამშობლო უკვე რუსეთის ხელშია... და რომ მსგავსი ბედი ელოდება ვოლოდიმირ ზელენსკისაც“.

„მომაკვდავი ადამიანი შველას ითხოვს. [ქართველი] ხალხი წინ აღუდგა ვლადიმერ პუტინის [დამქაშებს] და თითქოსდა კიევიდან 1500 კილომეტრით შორს, [თბილისში} მაიდნის უკრაინული სულისკვეთება გადაიტანა. მსოფლიოს კი ეს ყველაფერი ნაკლებად ადარდებს, ბოროტების წინაშე მონურად ქედს იხრის. ეს აუტანელია“, - ასე ამთავრებს სტატიას ბერნარ-ანრი ლევი

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ