"ერთ წელიწადში გახურდება საარჩევნო კამპანია, რაღა დროს ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი?! - ოპოზიციას არაფრით აწყობს ვადამდელი არჩევნები"
ერთ წელიწადში გახურდება საარჩევნო კამპანია, რაღა დროს ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები თვითონ ოპოზიციას არ აწყობს.
„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ერთ წელიწადში გახურდება საარჩევნო კამპანია, რაღა დროს ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი?! თვითონ რადიკალურ ოპოზიციას და საერთოდ ოპოზიციას არაფრით აწყობს ვადამდელი არჩევნები, აქედან ჩანს, რომ ეს განცხადებები არის სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, კობახიძემ „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“, „დროას“ გეგმებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ.
„ეს არის სამი ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფება, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“. რა თქმა უნდა, მათ ჩართულობას არავითარი ფასი არ აქვს. პირიქით, მათი ერთადერთი მიზანია, რამენაირად ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ, შეგნებულად არ მონაწილეობენ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მხარი არ დაუჭირეს სახალხო დამცველს, ყველაფერს აკეთებენ შეგნებულად იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, - განაცხადა კობახიძემ.
IPN