(უკანასკნელი VIDEO) "ბათუმში ეს ტრაგედია ქართულ-უკრაინულ ოჯახს დაატყდა თავს, უმცროსი ძმაც მძიმედ იყო" - რას ჰყვება ადგილობრივი ბულვარში მომხდარზე? - კვირის პალიტრა

(უკანასკნელი VIDEO) "ბათუმში ეს ტრაგედია ქართულ-უკრაინულ ოჯახს დაატყდა თავს, უმცროსი ძმაც მძიმედ იყო" - რას ჰყვება ადგილობრივი ბულვარში მომხდარზე?

"ბათუმის ბულვარში დატრიალებული ტრაგედია ვაკის პარკის უბედურების გაგრძელებაა. ამ ქვეყანაში არავინ არის დაცული", - ასე ეხმაურება საზოგადოება ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვის დაღუპვას.

დაახლოებით 22:00 საათზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა ბულვარში მდგომი ბატუტი ამოატრიალა, გაიტაცა, ბატუტზე მყოფი ბავშვები კი გადმოცვივდნენ. მათგან 9 წლის დ.პ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის აღძრული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამავე საფუძვლით, 64 წლის ე.ა. დააკავეს. მისდამი წარდგენილი ბრალდებით, დაკავებული პასუხისმგებელი იყო აღნიშნული ბატუტის უსაფრთხოებასა და წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. პარალელურად, სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი ბავშვის მშობლებსაც აკრიტიკებს, რომელთაც ღამის საათებში ბავშვებს პარკში გართობის ნება მისცეს. თუმცა იმავე ადგილობრივების თქმით, ბათუმის ბულვარში ამ დროს, ტრადიციულად, ბევრი ხალხია. აღნიშნული პარკის ინფრასტრუქტურა კი აქამდეც წარმოადგენდა ტრაგედიების წინაპირობას. ამჟამინდელი ტრაგედია, სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გადაფარა.

ნანა ვ. ადგილობრივი მცხოვრები:

- კოშმარული და გამანადგურებელი ამბავი მოხდა. თუმცა რატომღაც მგონია, რომ მასზე სათანადო ყურადღება არ მახვილდება. ამ უბედურების შესახებ საერთოდ გაყუჩებულები არიან ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც პარკი ეკუთვნით. ასევე, იმალება ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც წლებია, ხედავს, რომ პარკის ტერიტორიაზე საბავშვო ინფრასტრუქტურა განადგურებული და მწყობრიდან გამოსულია; წლებია, რაც აქ მშობლებს შიშით ბავშვები დაჟანგულ საქანელებზე ვერ დაგვისვია. გვეჩვენება, რომ სადაც არის გაწყდება. ამ დროის განმავლობაში ამაოდ ვეხვეწებით სახელმწიფოს მათ გამოცვლას, ყურს არავინ გვიგდებს.

ამ სიტუაციაში ერთ დაკავებულზე, 64 წლის კაცზე გადაბრალება უნამუსობა და უსამართლობაა - თურმე, მხოლოდ მან ვერ მოუარა ბატუტს, როდესაც პარკში ყველაფერი მოუვლელია და ეს იმ ხალხის პასუხისმგებლობაა, რომელსაც კონტროლი ევალება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყვნენ ღამის 10 საათზე ბავშვები პარკში, ეს ბათუმის ბულვარისთვის ჩვეულებრივი ამბავია. როცა გათბება, ბულვარი ამ დროსაც სავსეა ხალხით და ბავშვებით. იმ საღამოსაც თბილი და სასიამოვნო ამინდი იყო, იმიტომაც გამოვიდა ხალხი გარეთ, მით უფრო - ლტოლვილი უკრაინელები - ამ ხალხს, რომელსაც საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება წაართვეს, ბათუმში შინ გამომწყვდეულებს რა გააჩერებს?! ჩემი ინფორმაციით, ეს ტრაგედია სწორედ ქართულ-უკრაინულ ოჯახს დაატყდა თავს, ბავშვებს მამა ქართველი ჰყავთ, დედა კი - უკრაინელი. როგორც ჩანს, მათ შვილები ჯერ კიდევ ქარის ამოვარდნამდე დასვეს ბატუტზე, მერე კი ქარის ამოვარდნისას, უბრალოდ, გონზე მოსვლა ვერ მოასწრეს, ისე დატრიალდა ეს უბედურება. ან როგორ მოასწრებდნენ, როდესაც ბათუმში წამებში ამოვარდნილი ქარი ქალაქში ზოგჯერ ხეებსაც გლეჯს?!

როგორც ვიცი, იმ მომენტში, ოჯახს ორივე შვილი, ორი ძმა ჰყავდა ბატუტზე. როდესაც ქარმა ბატუტი გაიტაცა, ორივე ბავშვი გადმოვარდა. უმცროსიც მძიმედ იყო, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე სტაბილურადაა. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ ოჯახს გაძლება და მოთმინება მისცეს. ომს გადაურჩნენ და ლტოლვილობას - ვერა.

- ბათუმის პირობებში, წარმოუდგენელია, რომ მსგავს მოვლენაზე წინასწარ არ ხდება გაფრთხილება, რაც ზოგიერთ ქვეყანაში პრაქტიკად იქცა.

- უკვე იმდენი რამ არის წარმოუდგენელი და მაინც ხდება, აღარ ვიცი, რომელი ერთის გვეშინოდეს. თავად ბულვართან ვცხოვრობ და ამ ქარს ძლივს შემოვასწარი სახლში. კარი ძლივს მივხურე, წამებში ქუჩაში დადგმულ ნაგვის ურნებს აფრიალებდა. ასეთ დროს ბატუტზე მყოფი ბავშვები ან მათი მშობლები რას გახდებოდნენ?! მით უფრო, რომ ე.წ. გასაბერი ბატუტები მართლაც კოშმარია. ერთ სეზონზე აიღებენ და მეორე სეზონზე ისევ დგამენ. ამ დროს, ზოგჯერ საერთოდ არ ხდება მათი მიწაში ჩამონტაჟება. მსგავს გასართობებზე, შესაძლოა, ქარიშხლის გარეშეც მოხდეს უბედურება.

- გეთანხმებით. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკაში, არსებობს იმ მძიმე შემთხვევების კვლევები, რომელთაც საყრდენზე დაუმონტაჟებელი ბატუტები იწვევს. აქ საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ბავშვები მათ მოარიდონ.

- ეს ბულვარის ადმინისტრაციამაც უნდა იცოდეს. მას უნდა ჰქონდეს გაკონტროლებული თითოეული ატრაქციონი, რომლებსაც ბავშვები ეხებიან. არ უნდა აძლევდნენ პარკში მუშაობის საშუალებას ისეთი გასართობების მეპატრონეებს, რომელთაც უსაფრთხოების ზომები არ აქვთ დაცული. არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა… საუბედუროდ, მსგავსი გასართობები უკვე სისტემატურად იქცა; ამის გამო, ქალაქში ხალხმა თავად დაიწყო ბრძოლა მათ წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გამოდის.

პ.ს. მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, კომენტარი ვერ მოვიპოვეთ ქალაქის იმ სამსახურებიდან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ატრაქციონების გამართვაზე. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ზარს არ პასუხობს.

(სპეციალურად საიტისთვის)

"შოთო სიხარულიძე ემიგრანტები" ვიდეოს აქვეყნებს წარწერით - "სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე"...