"კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა!" - კვირის პალიტრა

"კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა!"

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ირაკლი კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ, მინდა მათ ვუთხრა - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა! - ეს განცხადება პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, კობახიძის მდგომარეობა ძალიან რთულია, „შიშს დიდი თვალები აქვს, რაც მას დიდი ხანია ბოდვით მდგომარეობაში ამყოფებს“.

ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ანტირუსული, სახალხო პროტესტის მონაწილეების დევნას თავი დაანებონ.

„თქვენთვისვე აჯობებს, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსისთვის საჭირო 12 წინაპირობის შესრულებას მიუბრუნდეთ. თუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაგდებას გააგრძელებთ, სახალხო პროტესტი კიდევ უფრო ფართო იქნება და საქართველოს მოქალაქეებისგან უმკაცრეს პასუხს მიიღებთ. 7-8 მარტის აქციებმა „ქართულ ოცნებას“ დაანახა, თუ რა არის ხალხი რეალური ძალა. ამით შეშინებული „ოცნება“ ცდილობს ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს პასუხი სათითაოდ მოსთხოვოს. ამისთვის მათ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმები აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია საბჭოთა - 1984 წელს მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ანტირუსული აქციების მონაწილეთა დაკავება და დაჯარიმება ხდება. დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა, ასევე სახალხო დამცველმა უკვე გააკეთეს საჯარო შეფასებები იმის თაობაზე, რომ 7-8 მარტის აქციების ძალისმიერი დაშლის საფუძველი არ არსებობდა - არც კი საუბრობენ პროპორციულობაზე და პირდაპირ ამბობენ, რომ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა! იყო არაერთი დარღვევა - მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების ცემა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება. ამ პირობებში სისტემა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ემუქრება. მინდა მათ ვუთხრა - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა, რაც უკვე ვნახეთ. ჩვენ თითოეულ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მინდა ყველას მოვუწოდო, თუ იქნება მუქარა, შეგვეხმიანეთ, დაგიცავთ და ასევე ძალიან ყურადღებით შევისწავლით სასამართლო ხელისუფლების მოქმედებებს ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

IPN