"მე არ მიკვირს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს"
ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ აფრიალებდა. ნანა მალაშხია საჯარო მოხელეა და დღეს მას მთელი საქართველო იცნობს, როგორც ქართველების მიერ ევროპული არჩევანის დაცვის სიმბოლოს.
დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ნანა მალაშხიას უკან 40 საუკუნე დგას და ის თამარის სამშობლოდან არის, სწორედ ამიტომ არ უკვირს მწერალს ქალის თავგანწირვა...
დათო ტურაშვილი:
"ყველა ძალადობა, უსამართლობა, ყველა ჩაგვრა არის ცუდი, სულერთია, ვინ არის ხელისუფლებაში. იმიტომ ვერ დაამარცხეს ჩვენი შვილები, რომ ეს იციან ზუსტად. ის ქალი - ნანა მალაშხია საჯარო მოხელე ყოფილა, გავგიჟდი, ისე გამიხარდა, მერიის თანამშრომელია და რა მაგრად ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო. ამას როგორ დაამარცხებენ. ის, ვინც ტყვიას ესვრის და წყალს უშვებს, იმის უკან დგას კობახიძე და წიგნი რომ მოისროლა, ის დეპუტატი - მაჭარაშვილი.
საჯარო მოხელე ასეთი უნდა გვყავდეს, სინამდვილეში სახელმწიფო სამსახური ამას ნიშნავს. ის, რასაც მარკესი ამბობდა, როცა ემთხვევა მთავრობისა და ხალხის ინტერესი, უნიკალური რამეა... ამას ვინ მოერევა, ამიტომ მოიარა მთელი მსოფლიო მისმა კადრებმა.
იმ ხალხმა არ იცის, რომ ეს თამარ მეფის ქვეყნიდან არის. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო არის გაგიჟებული, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს.
ამ ქალის უკან 40 საუკუნე დგას, მედეა კოლხის სამშობლოდან არის. ამას ვინ მოერევა, იასონი თუ პუტინი?"