"ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს"
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 7 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე ახალი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართ ძალადობის ფაქტს დღემდე არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია.
გარდა ამისა, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში, ქვეყანაში მშვიდობა უზრუნველყო და ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს.
„თუკი ადრე „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველზე, ვგულისხმობ სოზარ სუბარს, სპეცრაზმელის ხელით ძალადობდა, ახლა კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციის მონაწილეთა ხელით ძალადობდა ახალ სახალხო დამცველზე. სამწუხაროა, რომ არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ძალადობას დღემდე არ გამოხმაურებია და არ დაუგმია ეს ქმედება. ჩვენ ვაკვირდებით და დავაკვირდებით, ვინ იქნება პირველი, ვინც სახალხო დამცველის მიმართ ძალადობას დაგმობს.
ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ ასეთი რადიკალიზაცია არ დაუშვას. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 10 წელიწადის განმავლობაში მშვიდობა უზრუნველყო, აქ მხოლოდ გარე მშვიდობას არ ვგულისხმობთ. აქ საუბარია სამოქალაქო მშვიდობაზე. ყველას აზრი მნიშვნელოვანია და ჩვენ ვართ ღია საზოგადოება, სადაც სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს. ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არეულობის უფლებას არავის მისცემს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
IPN