"რამდენჯერაც ჩამოხევენ პაპუაშვილი და სხვები რუსეთის დავალებით ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება ევროპული მომავლის დასაცავად"
რამდენჯერაც ჩამოხევენ პაპუაშვილი და სხვები რუსეთის დავალებით ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება ევროპული მომავლის დასაცავად - მათ დაკარგული აქვთ ყველანაირი მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით არიან მარგინალური ჯგუფების საცირკო სანახაობების იმედად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის წინ "ალტ-ინფოს" წევრების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.
სამადაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"შალვა პაპუაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ ჩემთვის არანაირი განსხვავება არ იქნებოდა თვითონ რომ ჩამოეხია ევროკავშირის დროშა, ან მის თანაპარტიელ კობახიძეს, ან ღარიბაშვილს. მე შევახსენებ საზოგადოებას იმ განცხადებებს, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები აკეთებდნენ ამ ხნის მანძილზე და ეს იყო ძალადობის წახალისება. მათი განცხადებები დაგმო ღიად მათივე მოკავშირე სოციალისტურმა პარტიამ ევროკავშირში. ამიტომ იმაზე, რაც მოხდა სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს. მოვუწოდებ მათ, რაც შეიძლება სწრაფად აღმართონ ის პარლამენტის წინ, რადგან რამდენჯერაც არ ჩამოხევენ პაპუაშვილი და სხვები რუსეთის დავალებით პარლამენტის წინ აღმართულ ევროკავშირის დროშას, იმდენჯერ ქართველი ხალხი დადგება საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად და ეს კარგად დაიმახსოვროს ამ ხალხმა,"- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, დაანონსებული დევნა აქციის მონაწილეთა მიმართ "ქართულ ოცნებას" მძიმედ შემოუტრიალდება.
"ეს ხალხი არის სრულიად გამოსული წყობიდან, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ქვეყნის გარეთ ყველანაირი მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით არიან ამ მარგინალური ჯგუფების საცირკო სანახაობების იმედად, რაც ჩვენ ვიხილეთ დღეს პარლამენტის წინ. ყველა ადამიანს, რომელიც იცავს ევროპულ მომავალს, ზურგს უმაგრებს ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი და 90 პროცენტის წინააღმდეგ ვერც ბიძინა ივანიშვილი წავა და ვერავინ სხვა, ამიტომ იყავით მშვიდად, მაგრამ ყველა დაანონსებული შევიწროება, დევნა და თავდასხმა ევროპული მომავლის დამცველ მოქალაქეებზე, დასრულდება იმით, რომ მძიმედ შემოუტრიალდება ბუმერანგივით "ქართულ ოცნებას,"- განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე "ალტ- ინფოს" აქციაზე ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
IPN