"მორიგი ყვითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას?
„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის ერთ ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტში ძალიან ბევრი კრიტიკაა და ეს კიდევ „ერთი ყვითელი ბარათის ჩვენებაა“ მმართველი გუნდისთვის.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს ეწევა.
„მორიგი ყვითელი ბარათი „ქართულ ოცნებას“. ახლახან გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა ევროკავშირის იმ რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებამ უნდა გაატაროს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, მათ შორის იუსტიციის საბჭოში, ხოლო ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი არც საბჭოს სრულყოფილ რეფორმირებას გულისხმობს და არც იმ პრობლემებს პასუხობს, რაზეც ვენეციის კომისია ჯერ კიდევ გასული წლის დასკვნაში წერს.
დასკვნაში ბევრი მწვავე კრიტიკაა. ეს დასკვნა მრავალჯერ ციტირებს კომისიის 2022 დასკვნასაც.
კომისიის 2022 წლის დასკვნაში პირდაპირაა საუბარი"კორპორატივიზმის პრობლემაზე" სასამართლოში, ეს აკადემიური ტერმინია და ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ კლანურ სასამართლოს ვეძახით, არაერთი წელია.
ისევ ნათელია, „ოცნება“ ეწევა საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს! ამაზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება!", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"ინტერპრესნიუსი"