"მაღაზიაში ვმუშაობ, ეს დღეები ხალხი შემოდის, მცნობენ, მადლობას მიხდიან"- რას ჰყვება აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია
თბილისში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციებიდან, არაერთი დასამახსოვრებელი, საგულისხმო კადრი შემორჩება ისტორიას. მაგალითად: ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, "რობოკოპების" წინ სქროლით მოსეირნე ბიჭი თუ წყლის ჭავლთან საქართველოს დროშით მოცეკვავე მამაცი, ლაღი გოგონა.
16 წლის მოზარდი, რომლის კადრმაც არამხოლოდ ქართული, უცხოური სოციალური მედიასაშუალებებიც დაიპყრო, სალომე კენჭიაშვილია, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია. სალომე 8 მარტის მოვლენებს იხსენებს.მასთან ინტერვიუს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს:
"აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ დაშავების რისკები იყო. არ მეგონა, რომ ჭავლის წინ ვიდგებოდი. არც ის მეგონა, რომ მაგ მომენტში, რაც კადრზეა აღბეჭდილი მარტო ვიდექი. ერთ მომენტში, გავიხედე და ვთქვი, ხალხი რა შორს არის და მე რა მინდა წინ? (იცინის).
თავიდან მინდოდა, რომ მაინც სპორტსმენი ვარ, მყარი დგომა მაქვს და ვიცოდი, რომ წყალს თუ შემომასხამდნენ, ვერ წამაქცევდნენ. თუმცა წყალი ისეთი ძლიერი იყო, დალურჯებები მაქვს. შემდეგ დავიწყე ჭავლის აცილება, შემდეგ უკვე "მუღამში" შევედი და ცოტა გავერთე. სახლში წასვლისას ჩემს ძმას დავურეკე, ნახე-თქო? მიპასუხა, კიო. თავიდან ჩემს ძმებსაც ბიჭი ვეგონე, მაგარი ტიპიაო.
ვიღაცამ პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ ბიჭი დააკავესო და შემდეგ გადააკეთეს, გოგოვო. მეც ვიცი, რომ ტომბოის სტილი მაქვს და ბიჭი ვგონივარ ხალხს და არ მრცხვენია. იმ მომენტში როცა ვხტუნაობდი, ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ არ წავქცეულიყავი.
მე ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით ამას ვერ შევძლებ, არასოდეს ვიქნები რუსეთის მონა. ბებიაჩემი 85 წლის არის და რომ გაიგო, წითელი შარვლით მე ვიყავი აქციაზე, მითხრა, ძალიან ვამაყობ შენითო. მაღაზიაში ვმუშაობ, ეს დღეები ხალხი შემოდის, მცნობენ, მადლობას მიხდიან.
ჩემი აზრით, წინა თაობა ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ტელეფონში ვართ ჩამძვრალი. ზოგს ისიც ჰგონია, რომ სპორტით არ ვართ დაკავებული, რაც ასე არ არის. ტაეკვანდო იმ დროს შემიყვარდა, როცა პირველად ვივარჯიშე. მანამდე ფეხბურთიც მიყვარდა, რადგან უბანში რომ გავდიოდით ბავშვები ფეხბურთს ვთამაშობდით. პირველ ადგილზე სპორტი მიყენია. საქართველოს ჩემპიონი 2018 წელს გავხდი. პირველად ორი ჩხუბი მოვიგე და ძალიან ბედნიერი იყავი. მეორედ ჩემპიონი 2021 წელს გავხდი. მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს. ბევრმა დაწერა ჩვენზე, ნარკომანი თაობაო. ცხოვრებაში თვალით არ მაქვს ნანახი ნარკოტიკი" - ამბობს სალომე კენჭიაშვილი.