"9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე - ამასობაში დრო მივცეთ "რუსულ ოცნებას“, რელურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები" - კვირის პალიტრა

"9 აპრილს შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე - ამასობაში დრო მივცეთ "რუსულ ოცნებას“, რელურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები"

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, აქციით მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ „საქართველოს ვერ გაარუსებენ“.

მისივე თქმით, ხელისუფლებას 9 აპრილამდე მისცემენ დროს, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ „იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას“.

"რუსული კანონის მიღების, სასტიკი დარბევის და იმას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუს ოლიგარქზე და დაამსხვრია მითი მისი უძლეველობის შესახებ, „რუსული ოცნების“ წევრები ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსხდნენ ეთერებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ლანძღა ევროპარლამენტარები. კრემლს, ფაქტობრივად, „მესიჯი“ გაუგზავნეს, რომ ტაქტიკურად დაიხიეს უკან და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა - ისინი არ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას. დღეს მოვისმინეთ ისტერიკაში, პანიკაში მყოფი ირაკლი კობახიძის ძალადობრივი განცხადებები. საუბრობდნენ რეპრესიებზე, სატანისტები უწოდეს ახალგაზრდებს, ვინც საკუთარ ევროპულ მომავალს იცავდნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მოქმედებაზე გადავიდეთ. ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს თემის განხილვა მიმდინარეობდა სტრასბურგში. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პუტინის ტყვეების საკითხი - საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილზე, სტრასბურგში ამ ღონისძიებების პარალელურად, ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მათმა ბანდ-ფორმირებებმა, რუსულმა ე.წ. ალტ-ინფომ, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“, ევროკავშირის დროშა დაწვა. ეს იყო ნათელი გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ქართველ ხალხს უნდა ევროპაში. ქართველ ხალხს არ უნდა ანწუხელიძის მკვლელებთან, ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთის გუბერნია ვიყოთ. ჩვენ გვინდა ევროპული უსაფრთხოება, ევროპული მშვიდობა, ევროპული ეკონომიკა, ევროპული სიბერე ჩვენი დედებისთვის, ჩვენ გვინდა ევროპული განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, 9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და ამასობაში, დრო მივცეთ "რუსულ ოცნებას“, რომ რეალურად დაიწყოს ევროკავშირის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოები, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებას გულისხმობს. მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ როგორც რუსული კანონპროექტი გაიწვიეს 3 წუთში, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ იძულების წესით იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას. მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა მოვემზადოთ მოქმედებისთვის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"