"შეძლებს კი პეკინი 40-წლიანი კონფლიქტის მოგვარებას? - მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც პოლიტიკურ სენსაციად შეფასდა"
"საუდის არაბეთმა და ირანმა, ჩინეთის შუამავლობით, პეკინში 6 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტეს", - წერს გაზეთ Asharq Al-Awsat-ის (იბეჭდება ერ-რიადში, მექაში, ჯიდაში, ლონდონში, ნიუ-იორკში) კორესპონდენტი აბდელ რაჰმან არ-რაშიდი სტატიაში, რომლის სათაურია - "შეძლებს კი პეკინი 40-წლიანი კონფლიქტის მოგვარებას?"
"ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც უკვე პოლიტიკურ სენსაციად შეფასდა, სავარაუდოდ, დაასრულებს იმ დაპირისპირებას სპარსეთის ყურის რეგიონში, რომელიც 40 წლის წინ დაიწყო. იბადება კითხვა: როგორ რეაგირებას მოახდენს ვაშინგტონი პეკინის ჩარევაზე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში ანუ იმ რეგიონის ცხოვრებაში, რომელსაც აშშ თავისი ეროვნული ინტერესების სფეროდ თვლის?
მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვსხედვართ ამერიკის პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში და ვისმენთ დებატებს ჩინეთის მიერ მიღწეულ დიპლომატიურ წარმატებაზე. დამსწრეები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ჩინეთმა პირველად გაბედა ჩარევა ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაში და ერთმანეთთან შეარიგა სპარსეთის ყურის ორი უდიდესი სახელმწიფო - ირანი და საუდის არაბეთი.
ჩათვლის თუ არა ამ ნაბიჯს თეთრი სახლი დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობად რეგიონში და გაატარებს თუ არა სამომავლოდ ისეთ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, რომლის დროსაც პეკინის წარმატებასა და მის ინტერესებს გაითვალისწინებს? ან იქნებ ვაშინგტონი პეკინს იმ "ტერიტორიის მიტაცებაში" დაადანაშაულებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მისი გავლენის სფეროს წარმოადგენდა? გავიხსენოთ, რომ ამერიკამ თავისი ნატოელი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთიდან "სუეცის კრიზისის"’ (1956 წელი) შემდეგ გააძევა, ხოლო ლონდონის "პროტექციას" რეგიონში ბოლო მოუღო 1960-70-იან წლებში.
ამჟამად ნავთობის იმპორტი საუდის არაბეთიდან ჩინეთში დღე-ღამეში 5 მილიონ ბარელს აღწევს და სამომავლოდ მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. თავის მხრივ, აშშ საუდის არაბეთიდან დღე-ღამეში მხოლოდ 300 ათასი ბარელის ნავთობის იმპორტს ახდენს, რაც მისი მოხმარების მხოლოდ 7%-ს შეადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკა მშვენივრად გაძლებს საუდის არაბეთის ნავთობის გარეშე - რაც მას დააკლდება, კანადიდან აინაზღაურებს, საიდანაც საჭირო ნავთობის 50% შეაქვს. აი, ჩინეთს რაც შეეხება, მას არაბული ნავთობის გარეშე ცხოვრება გაუჭირდება.
თეორიულად, პეკინის წარმატებამ ერ-რიადსა და თეირანს შორის ურთიერთობის განახლებაში კრიზისი არ უნდა გამოიწვიოს, პირიქი - კარგია და მისასალმებელი, მაგრამ... ორი ზესახელმწიფოს კონკურენციაში ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. ჩვენ, ალბათ, ამერიკელების მხრიდან კრიტიკას მოვისმენთ: "ჩინეთს თქვენი სახით გავლენის ზონის გაფართოება სურს", - გვეტყვის ვაშინგტონი, - "პეკინს ირანზე დასავლური სანქციების შესუსტება უნდა, თქვენ კი მას ხელს უწყობთ", "თეირანი საუდის არაბეთის შეზღუდვას ცდილობს რეგიონში, თქვენ კი ამას ვერ ამჩნევთ" და ასეთები.
არადა, მომხდარ ფაქტს თავისი მიზეზები აქვს:
პირველ რიგში, პასუხი გავცეთ კითხვას: რატომ თანხმდება საუდის არაბეთი ჩინეთის შუამავლობას? - იმიტომ, რომ პეკინის მონაწილეობა რეგიონული საკითხების გადაწყვეტაში იშვიათობას არ წარმოადგენს. გავიხსენოთ, რომ ჩინეთი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ვენის მოლაპარაკების მონაწილეც იყო. პეკინს გარკვეული წვლილი მიუძღვის ისრაელისა და პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებშიც. ჩინეთი საუდის არაბეთისათვის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. რაც შეეხება ვაშინგტონს, ის ვერ იქნება პეკინის ალტერნატივა არაბული ნავთობის შესყიდვაში და ვერ შეასრულებს შუამავლის როლს ირანთან კონფლიქტში.
რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება, "უფროს ძმად" და სამხედრო პარტნიორად სპარსეთის ყურის ქვეყნებისათვის. ვაშინგტონის გავლენა რეგიონში არ შეწყდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
მეორე - არის თუ არა ჩინეთის შუამავლობა ის "ბაგირი", რომელიც თეირანს სანქციებსა და პროტესტებში "დახრჩობისგან" გადაარჩენს? იმის ნაცვლად, რომ პრობლემას ირანული თვალსაზრისით შევხედოთ, მოდი, ის სხვა კუთხით დავინახოთ: პეკინის შეთანხმება კარგი ახალი ამბავი უნდა იყოს ვაშინგტონისათვის, რომელსაც "ზურგზე მძიმე ტვირთად აწევს" რეგიონის ქვეყნების მუდმივი ჩივილი მათი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად. ამერიკისათვის ეს ტვირთი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ერ-რიადისა და თეირანის შეთანხმება წარმატებულ და პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს ჩინეთისათვის რაიმე სამხედრო ბაზების მიცემას და საზღვაო დერეფნების უსაფრთხოებას ჩინეთის სამხედრო ხომალდებით. შერიგება ეფუძნება სამი სახელმწიფოს - საუდის არაბეთის, ირანისა და ჩინეთის საერთო ინტერესებს. თუ დავუშვებთ იმას, რომ დოკუმენტის პირობები დაირღვევა და ირანი განახორციელებს საუდის არაბეთის ტანკერებზე ან ერაყისა და იემენის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმას, ეს ნაბიჯები შეფასდება ჩინეთზე, ანუ შეთანხმების მონაწილეზე, თავდასხმად.
მესამე - რა ვუყოთ ირანის ტრადიციულ სწრაფვას საუდის არაბეთის ფაქტორის "განეიტრალებაზე"? სიმართლეს თუ ვიტყვით, თეირანმა საკუთარ თავს ბევრი ისეთი პრობლემა შეუქმნა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ერ-რიადთან არსებულ უთანხმოებასთან. ამ შეთანხმებას კი შეუძლია ირანისათვის "არაბული სამყაროს" კარი გააღოს, რომელთანაც თეირანი იარაღისა და ჯარის გარეშე დაარეგულირებს ურთიერთობას.
გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თურქეთი თითქმის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ნახევართან კონფლიქტობდა, დღეს კი ანკარა ყველასთან უფრო კარგად არის, ვიდრე ადრე იყო, თვით ისრაელთანაც კი! ამით თურქეთს არაფერი წაუგია. ირანისთვისაც არაბულ ქვეყნებთან შეთანხმებების არეალის გაფართოება, მათ შორის - კონკრეტულად საუდის არაბეთთან, შეიძლება სტიმული გახდეს ირან-არაბეთის 40-წლიანი დაძაბულობის გასანეიტრალებლად.
ბევრი, ალბათ, სკეპტიკურად უყურებს ჩინეთის უნარს ირანის შეკავების საკითხში საუდის არაბეთის მიმართ და არ სჯერათ, რომ შეთანხმება წარმატებული იქნება. ჩვენ კი ვამბობთ: "ვართ რეალისტები და, იმავდროულად - ოპტიმისტებიც. ჩვენ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ შანსს ვაძლევთ მსოფლიოს". ველოდებით, რომ ჩინეთი ასევე შეეცდება, ირანის სხვა პრობლემებიც დაარეგულიროს, მაგალითად, კონფლიქტი ერაყთან და ლიბანთან. შესაძლოა, პეკინმა ისევ მიიღოს მონაწილეობა თეირანის ბირთვული პრობლემის დიპლომატიურ გადაწყვეტაში, რომელიც უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პრობლემებს მიეკუთვნება. შეერთებული შტატები და ევროპა, უეჭველია, მიესალმებიან ჩინეთის ამ როლს, თუ პეკინი შეძლებს და ბოლომდე მიიყვანს საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული ურთულესი პრობლემის მოგვარების პროცესს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ