რუსებმა ამერიკულ მზვერავს ჯერ ნავთი გადაასხეს და შემდეგ შავ ზღვაში ჩააგდეს... - კვირის პალიტრა

რუსებმა ამერიკულ მზვერავს ჯერ ნავთი გადაასხეს და შემდეგ შავ ზღვაში ჩააგდეს...

რუსეთ-უკრაინის ერთწლიან ომში, შესაძლოა, ყველაზე საშიში ინციდენტი მოხდა, რომელმაც მათ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში შეიძლება ჩაითრიოს თვით აშშ-იც და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც...

14 მარტს შავი ზღვის აკვატორიაში, ნეიტრალური წყლების თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პატრულირებისას ჩამოვარდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი დისტანციურად მართვადი მზვერავი თვითმფრინავი MQ-9 Reaper -ი.

30 მლნ დოლარამდე ღირებულების ამ სადაზვერვო დრონის დაკარგვა პენტაგონისთვის ისედაც მძიმე დანაკლისი იქნებოდა, ეს მისი ტექნიკური გაუმართაობით ან ოპერატორების შეცდომით რომ მომხდარიყო, მაგრამ ამერიკულმა მხარემ ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც რუსეთს ღიად დასდო ბრალი მათი უპილოტო მზვერავის ჩამოგდებაში...

ამერიკელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ მათ MQ-9 Reaper-ს ჰაერში ბარაჟირებისას რამდენჯერმე სახიფათოდ მიუახლოვდა ორი რუსული, Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც ჯერ საავიაციო ნავთი გადაასხეს ამერიკულ მზვერავს, ხოლო შემდეგ მისი საჰაერო ხრახნი დააზიანეს, რის შემდეგაც ამერიკელი ოპერატორები იძულებულნი გახდნენ, უპილოტო მზვერავი შავი ზღვის ტალღებისკენ მიემართათ...

2-dronii-1678865222.png
რუსული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები დღეისათვის მოძველებულად ითვლებიან, თუმცა დაბალი სიჩქარით მფრენი უპილოტოების დაწევა და ჩამოგდება არ გაუჭირდებათ...

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსეთის მხარემ კატეგორიულად უარყო რუსული გამანადგურებლების მხრიდან შეიარაღების გამოყენება და რაიმე კონტაქტი ამერიკულ მზვერავთან და იქით დასდო ბრალი ამერიკელებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში მათი უპილოტო საჰაერო მზვერავის გამოჩენის გამო.

ნამდვილად იყო თუ არა ჯერ საავიაციო ნავთის გადასხმის ფაქტი ამერიკულ დრონზე, ხოლო შემდეგ კი მისი საჰაერო ხრახნის დაზიანება, ეს იმ ვიდეოკადრებში გამოჩნდება, რომლებსაც თავად ამ სადაზვერვო უპილოტოზე დაყენებული ვიდეოკამერები იღებდნენ - ამერიკული მხარე აპირებს ამ ვიდეოკადრების გასაჯაროებას.

3-dronii-1678865261.png
ამერიკული უპილოტო მზვერავის ფრენის მარშრუტი შავი ზღვის თავზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან საკმაოდ მოშორებით...

ბევრს ემახსოვრება ის ვიდეოკადრები, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა, ისრაელის წარმოების Hermes 450 ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის ვიდეოკამერამ შავი ზღვის თავზე სწორედ მაშინ გადაიღო, როდესაც 2008 წლის 20 აპრილს რუსული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გამოშვებული "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტა მოხვდა...

რუსი სამხედროები დიდი ხანია, კბილებს ილესავდნენ იმ ამერიკულ (და არა მარტო ამერიკულ) უპილოტო მზვერავებზე, რომლებიც შორი დისტანციიდან, საერთაშორისო საჰაერო სივრციდან განუწყვეტლივ ზვერავენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ და ანექსირებულ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულს.

ძალზე საშიში საჰაერო ინციდენტი ერთხელ უკვე მოხდა შავი ზღვის თავზე, როდესაც 2022 წლის 29 სექტემბერს რუსულ Су-27 ტიპის გამანადგურებლის პილოტმა, არც მეტი და არც ნაკლები... "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტა გაუშვა მაშინ, როდესაც ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილ RC-135W Rivet Joint ტიპის ოთხძრავიან სადაზვერვო თვითმფრინავს "აცილებდა"...

მაშინ, საბედნიეროდ, რაკეტა არ მოხვდა ბრიტანულ სადაზვერვო "ბოინგს" და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ეს სახიფათო საჰაერო ინციდენტი "ტექნიკური გაუმართაობით" ახსნა.

ამჯერად კი რუსეთს სხვანაირი "ახსნა" მოუწევს, თუკი ამერიკული მხარის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ნათლად გამოჩნდება რუსული გამანადგურებლების აგრესიული ქმედება ამერიკულ უპილოტო მზვერავთან მიმართებაში, რამაც საბოლოოდ მისი შავ ზღვაში ჩავარდნა გამოიწვია.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ცდილობს ზღვის ზედაპირზე მოტივტივე ამერიკული უპილოტო მზვერავის ფრაგმენტების მოძებნასა და ხელში ჩაგდებას. ზღვის სიღრმიდან მათი ამოღება ტექნიკურად ურთულესი იქნება.

P.S.

კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პილოტების მხრიდან ამგვარი საჰაერო ინციდენტის მოწყობა არ ახალია.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში,1987 წლის 13 სექტემბერს, ბარენცის ზღვაში, ნეიტრალური წყლების თავზე, ნორვეგიული სადაზვერვო თვითმფრინავის - P-3В Орион-ის ბარაჟირებისას, საბჭოთა პილოტმა, უფროსმა ლეიტენანტმა ციმბალმა თავისი Су-27-ი (რომელიც მაშინ უახლეს გამანადგურებლად ითვლებოდა), ნორვეგიულ მზვერავს სახიფათოდ მიუახლოვა, რის შემდეგაც მისი მეოთხე ძრავის პროპელერი წამოედო საბჭოთა გამანადგურებელი თვითმფრინავის ორი კილიდან ერთ-ერთს და ორივე თვითმფრინავმა დაზიანება მიიღო, თუმცა ბაზირების აეროდრომებზე მშვიდობიანად დაეშვა.

მაშინაც კრემლი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა საბჭოთა გამანადგურებლის "წამოდებას" ნატოს წევრი ქვეყნის სადაზვერვო თვითმფრინავის საჰაერო ხრახნზე, სანამ ნორვეგიელებმა ამის დამადასტურებელი ფოტოები არ გაავრცელეს...