როგორ შეეძლებათ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობის მესაკუთრეებს მათი ქონების გასხვისებ - რას ამბობს კალაძე - კვირის პალიტრა

როგორ შეეძლებათ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობის მესაკუთრეებს მათი ქონების გასხვისებ - რას ამბობს კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მათი ქონების გასხვისების პროცესის განხორციელება აუქციონის საშუალებით შეეძლებათ.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განმარტა, აღნიშნული საკითხის უზრუნველყოფაში მოსახლეობას მერია დაეხმარება.

დედაქალაქის მერის განცხადებითვე, აუქციონთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა უფასო იქნება.

„ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების, გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ, თბილისის მერია ჩაერთვება ამ პროცესში. მესაკუთრეების მხრიდან ერთობლივი მომართვისა და თანხმობის შემდეგ, თბილისის მერია აზომავს უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს ამ ქონების საექსპერტო შეფასებას ღირებულების დადგენის მიზნით. ამის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები მიიღებენ ოპტიმალურ გეგმარებით გადაწყვეტილებას. ეს დეტალური ინფორმაცია 2 თვის განმავლობაში მერიის ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსდება. დაინტერესებული პირების მოთხოვნის შემთხვევაში, თბილისის მერია მიაწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ტერიტორიის შემდეგ განვითარებასთან დაკავშირებით.

ინფორმაციის საიტზე განთავსებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, ეს ქონება გავა აუქციონზე. საბოლოოდ, აუქციონზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი შეეთავაზებათ მესაკუთრეებს და მხოლოდ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებით მოხდება ამ ქონების რეალიზება. ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მესაკუთრეებს, რათა ოპტიმალური გეგმარებით, აუქციონის წესით, კონკრეტულ ფასად მოხდეს მათი ქონების გაყიდვა. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ აბსოლუტურად ყველანაირი გადასახადის გარეშე, ყოველგვარი მომსახურების საფასური გამორიცხულია, თქვენ არაფერს გადაიხდით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით იმისთვის, რომ მოხდეს იმ ფართის გასხვისება, სადაც ცხოვრობთ, თუ თქვენი სურვილი და თანხმობა იქნება. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს სურვილი, ავარიული შენობა-ნაგებობების, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რეაბილიტაცია მოხდეს, ბევრს აქვს სურვილი, გაყიდოს და გაასხვისოს, ასე რომ, ამ ყველაფერში დაგეხმარებით“, - განაცხადა კალაძემ.

IPN