"ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად" - კვირის პალიტრა

"ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად"

"ესეც სრულიად საკმარისია კულტურული შოკის მისაღებად"

მოგზაურის თვალით დანახული მსოფლიოს ყველაზე საინტერესო ადგილები

ზოგი სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად მოგზაურობს, ზოგს ახალი ადგილების აღმოჩენა აღაფრთოვანებს, ზოგიც თავის ცხოვრებას ძირფესვიანად ცვლის უცხო ქვეყნების მონახულებით და ახალი ენერგიით ივსება. ქეთი ლურსმანაშვილმა ბოლო 10 წლის განმავლობაში უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა, თუმცა მოგზაურობის სიყვარული და ინტერესი გაცილებით ადრე, სტუდენტობიდან გაუჩნდა. ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი გატაცებაა და უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო მაინც ეგზოტიკური ქვეყნები იყო, განსხვავებული კულტურითა და ტრადიციებით. პირველი ასეთი ქვეყანა იყო ირანი. იქ ყოფნისას ფერეიდნელ ქართველებს ვესტუმრეთ, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ყველა სახლში გვეპატიჟებოდა. მათთვის წიგნები და სხვა საჩუქრები ჩავიტანეთ. ისეთი ბედნიერები და გახარებულები იყვნენ, სულ თან დაგვყვებოდნენ, მთელი სოფელი ფეხდაფეხ შემოგვატარეს. ამ ხნის განმავლობაში ირანის პოლიციაც ფეხდაფეხ დაგვდევდა, საბოლოოდ კი მთელი ჯგუფი განყოფილებაში წაგვიყვანეს და დაპატიმრებით გვემუქრებოდნენ..."

"წარმოუდგენელია არ გაგაოცოთ ოქროს ქვის დანახვამ, ეს ქვა 611.5 ტონაა და ფაქტობრივად, უფსკრულზეა გადაკიდებული. გრავიტაციისა და ფიზიკის ყველა კანონის თანახმად, აქამდეც უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნიდან მყარად დგას ერთ ადგილზე. პაგოდაში ინახება ბუდა გაუტამას თმის ღერები და ითვლება, რომ სწორედ ეს უნარჩუნებს წონასწორობას ამ უზარმაზარ ქვას და პაგოდას - ეს არის ბუდისტური სასწაული. ეს მთა მაგიურ წმინდა ადგილად ითვლება და მომლოცველების ნაკადი არასდროს წყდება..."

"შრი-ლანკაში რომ ვიყავი, პითონი შემოვიხვიე კისერზე, 2019-ში კი ტაილანდში ვეფხვებთან ერთად გადავიღე ფოტოები. იქ სპეციალური პარკებია, სადაც ცხოველები ჰყავთ, იმ გარემოში არიან გაზრდილები და შეჩვეულები არიან ადამიანებს, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. ამიტომ წინასწარ ხელს გაწერინებენ: თუ რამე მოხდება, პასუხისმგებლობა რომ მოიხსნან. მარტო შევედი, მეგობრებმა ვერ გარისკეს. მაშინ მართლა არ შემშინებია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი