ღვინო მესხური ტერასებიდან მსოფლიოს იპყრობს
მეღვინე, მევენახე და მკვლევარი გიორგი ნათენაძე ჩვენი სტუმარი წლების წინაც ყოფილა, ამჯერად კი გვესაუბრება, რა სიახლეებია მის მეურნეობაში, როგორ მიაღწია წარმატებას. მანამდე კი გეტყვით, რომ წელიწადში სამი სხვადასხვა სახეობის 6-7 ათას ბოთლ ღვინოს აწარმოებს. მესხურ ღვინოს 14 ქვეყანაში ყიდის. სურს კიდევ მეტ ქვეყანაში გაიტანოს და მსოფლიომ მესხური ყურძნის ჯიშები გაიცნოს. ბოლო 5 წელიწადში დაუღალავი შრომით დიდ აღიარებას მიაღწია. 2020 წელს ამერიკულმა "ფორბსმა" მისი ღვინო მსოფლიოს 6 საუკეთესო ნატურალურ ღვინოს შორის დაასახელა, 2017 წელს "ლოს-ანჯელეს ტაიმსმა" მისი "მესხური წითელი" მსოფლიოს სამ საუკეთესო ღვინოს შორის აღიარა. გიორგის გამოცდილებით ინტერესდებიან ჩვენი თუ უცხოური გამოცემები, ტელევიზიები, გამომცემლობები, მის საქმიანობაზე ფილმებია გადაღებული... "წარმატება, რომელზეც ვოცნებობდი, მართალია, გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა. რთული პერიოდი გავიარე. პირველ ეტაპზე არანაირი დაფინანსება, გრანტი არ მიმიღია. საკუთარი თანხებით, სესხებით ავაწყვე ყველაფერი. პარალელურად სხვა საქმიანობას ვეწეოდი, რათა მესხეთში ეს სფერო განმევითარებინა, ეს იყო ჩემი მიზანი", - გვეუბნება რესპონდენტი, რომელიც ოთხი შვილის მამაა.
გიორგი ნათენაძე:
- ჩვენ ჯავახელი მესხები ვართ. სკოლის მერე აქ იმდენი განსახორციელებელი პროექტი აღმოვაჩინე, ახალციხიდან წასვლას სხვაგან როგორ ვიფიქრებდი?! პროფესიით ეკონომისტი ვარ. პაპაჩემისგან მოყოლებული, სახლში ღვინოს სულ ვაყენებდით. ეზოში ტალავერი გვქონდა. გვაქვს პაპის დარგული ვენახი და პატარა ქვევრები (80-100-ლიტრიანი). ალბათ, ამ საქმის სიყვარულიც იქიდან მოდის.
- როდის გადაწყვიტეთ მესხეთში ძველი მესხური ყურძნის ჯიშების მოძიება?
- სკოლის შემდეგ დისტანციურად ჩავაბარე ლონდონის ერთ-ერთ სასწავლებელში. მერე მამაჩემისგან გავიგე, რომ ვაზის დაკარგული მესხური ჯიშები უნდა მოგვეძიებინა და ღვინოც გვეწარმოებინა.
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში, ძირითადად, გავრცელებული იყო და ჯერ კიდევ არის ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს იყო იმპორტირებული მოლდოვიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან, იმიტომ, რომ ისინი ყინვაგამძლეა და არც შეწამვლა სჭირდება... მამაჩემთან ერთად მესხური ჯიშების მოძიება სოფლებსა და ნასოფლარებში დავიწყე. გაველურებული ძველი ჯიშები ხეებზეა შემორჩენილი. რამდენიმე ჰქონდა მოსახლეობასაც, მაგრამ სახელწოდებები არ იცოდნენ. ისეთ ადგილებშიც დავდიოდით, როგორიც თურქეთ-საქართველოს საზღვრის ნეიტრალური ტერიტორიებია. გვეხმარებოდნენ მამის მეგობრებიც. სადაც რას აღმოვაჩენდით, ჩვენს საოჯახო ნაკვეთში, ახალციხეში ვაფესვიანებდი, კოლექციას ვქმნიდი, რათა შემესწავლა და მათი სახელწოდებები დამედგინა. ამასობაში ამ საქმით "მოვიწამლე" კიდეც.
- ბევრი დაგიგროვდათ?
- დაახლოებით 100 სახეობაზე მეტი, მაგრამ თითოეულს შესწავლა სჭირდებოდა. ჰიბრიდებს, ასე თუ ისე, ვცნობდი და მათ აღარ ვაგროვებდი. პარალელურად ვაწარმოებდი ჩანაწერებს, რომელი სოფლიდან, რომელი ნასოფლარიდან მომქონდა. ყველაფერს ექსელის ცხრილში ვსვამდი თავისი ჯიპიეს-წერტილებით. რეგიონში არსებული დაახლოებით 800 წერტილის კოორდინატები მაქვს, სადაც ეს ვაზები ველურად არის შემორჩენილი და ნაყოფს დღესაც იძლევა.
- ცნობილია, რომ გაქვთ 400 წლის ვაზი, ცხენისძუძუს ჯიშისა.
- 2009 წელს ჩვენმა ოჯახმა მესხური ღვინო დააყენა, მათ შორის იყო უკვე ცნობილი ვაზი ჭაჭკარიდან (სოფელი ვარძიის უკან). საგვარეულო სოფელია, სადაც პატარა საკარმიდამო ნაკვეთი გვაქვს და იქ ოთხ საუკუნეზე მეტი ხნის ვაზი ხარობს. ბავშვობიდან მახსოვს, პაპაჩემი სხვანაირად ეფერებოდა და უფრთხილდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ გამორჩეული ჯიში იყო მესხურ ჯიშებს შორის. მას თეთრი ცხენისძუძუ ჰქვია. ცხენისძუძუ შავიც არის და თეთრიც. არსებობს შავი ცხენისძუაც, საერთოდ, მესხური დასახელებები ძალიან საინტერესოა - ხარისთვალა თეთრი და ხარისთვალა წითელი, ჩიტისკვერცხა, სამარიობო... სახელწოდება ცხენისძუძუ დაკავშირებულია მის ფორმასთან და სავარაუდოდ, სწორედაც ცხენის ძუძუს არის შედარებული. კახური თითა ყურძენი რომ წარმოვიდგინოთ, ოღონდ მისი კონუსური ვარიანტია. რეგიონში რამდენიმე მსგავსი ვაზია, ალბათ, ჩვენი მთავარი, დედავაზი იყო, რომლისგანაც სხვა დანარჩენი გამრავლდა.
- კალმებით თუ ამრავლებთ მას?
- კი, ვცდილობ ავიღო კალმები, დავაფესვიანო, დავამყნო და გავამრავლო... გააჩნია, როგორი წელიწადია, როგორი ამინდი - ამ ჩვენი 400-წლოვანი ვაზიდან ხან 70-80 კილოგრამ მოსავალს ვიღებ, ხანაც 150-ს. საკმაოდ მაღალ შაქრიანობას აგროვებს, მესხეთში ეს იშვიათობაა. ნოემბრის შუა რიცხვებში ვკრეფ, სწორედ მაშინ, როცა შაქრიანობა ყველაზე მაღალია, დაახლოებით 28%-ზე ადის. როდესაც ჭაჭაზე ვაყენებთ, გემოვანი თვისებით თითქოს თაფლის გემო აქვს, ქარვისფერი ღვინო გამოდის. ცხენისძუძუს, ხარისთვალასა და მესხურს (შავს) ერთად ვაყენებ, რათა რაოდენობით შედარებით მეტიც იყოს და საინტერესო კუპაჟი გამოდის.
დღეს ჩვენს მარანში იწარმოება ღვინო ველური ვაზების ნაყოფისგანაც, ანუ ის, რაც გადარჩენილია, რაც ფესვზეა გაზრდილი. მათ არავინ უვლის, თავს თვითონ ირჩენენ. მათ ნაყოფს ვაგროვებ და ღვინოს ვაყენებ. ეს არ არის ბიოღვინო, რომელსაც უვლი და ბიოსაშუალებებით წამლავ. ეს არის თავის ფესვზე გაზრდილი საუკუნეების ვაზი, რომელიც აბსოლუტურად ველურია, ბუნებრივია, არ სხლავ, არ უვლი და არ წამლავ. მხოლოდ მოსავალს აგროვებ.
- რჩევას ვის ეკითხებოდით?
- 2012 წლიდან ასპინძის რაიონში დავიწყე ისტორიულ ადგილებში ხიზაბავრის დარიჯების (დარიჯი ჯავახური ლექსიკონით ტერასას ეწოდება. - ლ. ფ.) აღდგენა. სხვებმა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ იმდენად ძვირად ღირებულია, მხოლოდ რამდენიმე ტერასა აღდგა და მეტად ვეღარ განვითარდა. ამ ტერიტორიაზე ვაზი არასოდეს გაშენებულა და გადავწყვიტე, ის 24 ვაზის ჯიში, რომელთაც ვაგროვებდი, იქ დამერგო და აღმედგინა. სახელმწიფოს ამ პროექტის იდეით მივმართე და მათი ნდობა მოვიპოვე. მთავრობამ ამისთვის პარტნიორებიც გამომიძებნა, რომლებთან ერთადაც 12 ჰექტარი აღვადგინე. 140 კაცი გვყავდა დასაქმებული, 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდით.
2015 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან დავიწყეთ ურთიერთობა, 2009 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ვთანამშრომლობ. მისი ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე ჩემი მესხური ჯიშების შესწავლაში დამეხმარა. ერთად ვსწავლობდით დასახელებებს და მესხური ვაზის 24 ჯიშის იდენტიფიკაცია და ერთად თავმოყრა შევძელით. მიუხედავად ამისა, გამოსაკვლევი კიდევ ბევრია. თავი უნდა მოვუყაროთ გადარჩენილ ვაზებს და შევისწავლოთ. ვფიქრობ, კიდევ 40-მდე ვაზის საინტერესო ჯიშის აღდგენა შეიძლება. ამ პროცესს წლები დასჭირდება. გვინდა ეს ჯიშები მოსახლეობაში გამრავლდეს, გავრცელდეს. დაინტერესებულებს რეკომენდაციებსაც ვაძლევ და ვეხმარები. ეს სიმდიდრე არ უნდა დაიკარგოს.