"მზად ვარ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე" - რას აცხადებს სახალხო დამცველი?
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მზად არის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს.
როგორც ომბუდსმენმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, ის ყოველთვის მზად არის, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, ომბუდსმენი აპირებს შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და მათგან მოისმინოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
"იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვაპირებ, შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ პროცესის გააგრძელებს.
ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, ოჯახის წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში შეხვედრას. მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა იოსელიანმა.
კითხვაზე, გააკეთა თუ არა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შეთავაზება, იოსელიანი ასე პასუხობს - "კი ბატონო, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ შეთავაზება არის“.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა "მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიასაც შეხვდეს, იოსელიანის თქმით, არ აქვს გვარამიას მონახულების პრობლემა თუ კი მეორე მხრიდანაც სურვილი იქნება.
"გუშინ მე-6 დაწესებულებაში ვიყავი. მოვინახულე პატიმრები და ვაპირებ, რომ ვიარო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რათა პირადად შევხვდე პატიმრებს.
ნიკას, რაც შეეხება მისი მონახულებაც არ არის პრობლემა, თუ მისი მხრიდან იქნება სურვილი, აუცილებლად მოვინახულებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
"ინტერპრესნიუსი"