"12 პირობის შესრულების გარეშე საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს"
12 პირობის შესრულების გარეშე საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის.
ამასთან, მატერნოვას თქმით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს.
“ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად.
ამ ეტაპზე ვერ გეტყვით [საქართველო] მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - თქვა მატერნოვამ.
იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა, მიხაელ ზიბერტმა საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ზოგიერთი კომპრომისი მიღწეულ იქნა, მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული, როგორც მატერნოვამ თქვა.
ეს წინსვლა იქნება, რათა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დარწმუნდეს და საბოლოოდ შეთანხმდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვინაიდან, ამის გადაწყვეტილებას ევროპული ინსტიტუტები არ იღებენ, ამას ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება სჭირდება”, - განაცხადა ზიბერტმა.
"ინტერპრესნიუსი"