აქვს თუ არა პენსიონერის მიერ აღებული სესხის გადახდის ვალდებულება მისი ოჯახის წევრს - პასუხი იურისტისგან
"კვირის პალიტრაში" მკითხველთა შემოსულ მორიგ კითხვებს პასუხობს ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე.
- მაინტერესებს, რა შემთხვევაში არ გადაჰყვება მემკვიდრეს მემკვიდრებლის ვალი? სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირის ქონებას იცავს კანონი. ამ მიზეზით ვერ დავიბრუნე 14 წლის განმავლობაში ყველა წესის დაცვით ნაყიდ ბინაში გადახდილი თანხა (ბინის გაყიდვამდე არ იყო მეპატრონე სოცდაუცველი). ექსპერტიზამ ქმედუუნაროდ აღიარა სახლის მეპატრონე და უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება - ნასყიდობის ხელშეკრულება გაბათილდა: მე გადახდილი თანხა უნდა დამბრუნებოდა (ბანკის პროცენტიანად), მას კი - სახლი. მარტივად გამოგვასახლეს 10.000 დოლარად ნაყიდი სახლიდან, სამაგიეროდ, მალევე გავარკვიე, რომ თანხას ვეღარ მივიღებდი, რადგან ის, 10.000 დოლარის მესაკუთრე, მაშინვე ,,გახდა სოციალურად დაუცველი"(?!). 2017 წელს ისევ ვცადე ბრძოლა, თუმცა ისევ უშედეგოდ. გარდაიცვალა ის ადამიანი, მეორე თვეა. ჰყავს 70 წელს გადაცილებული მეურვე, ამჯერად ის ყიდის ამ სახლს, მე კი, კეთილსინდისიერი მყიდველი, ისევ ვრჩები იმის მოლოდინში, იქნებ ჩემნაირთა დამცველი კანონიც აღმოჩნდეს ქვეყანაში. უმორჩილესად გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე. პატივისცემით ლალი იარაჯული თელავი, სოფელი ლაფანყური.
- ქალბატონი ლალის შემთხვევა არ განეკუთვნება ისეთ სამართლებრივ დავას, რომელზე პასუხიც მოცემული ინფორმაციით ცალსახად შეიძლება გაიცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შედეგის მიღწევის გზა ხშირ შემთხვევაში არსებობს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მემკვიდრეს მამკვიდრებლის კრედიტორების მიმართ. მემკვიდრეობის მიღებისას მემკვიდრე იღებს არა მარტო უფლებებს, არამედ იმ ვალდებულებებსაც, რომლებიც მამკვიდრებელს სიცოცხლის განმავლობაში ჰქონდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული გულისხმობს, რომ მემკვიდრე ვალდებულებას დაფარავს იმ ფარგლებში, რა ქონებაც მიიღო მამკვიდრებლისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მამკვიდრებლის ვალდებულება წარმოადგენდა 10.000 ამერიკულ დოლარს, ახალ მემკვიდრეს ეკისრება ვალდებულება, მიღებული ქონების ფარგლებში დაფაროს. თუ ვივარაუდებთ, რომ ამ ქონების ღირებულება კვლავ აღემატება დასახელებულ თანხას, ბუნებრივია, ქალბატონ ლალის აქვს შესაძლებლობა ანაზღაურება მოითხოვოს ახალი მესაკუთრისაგან. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონმა ლალიმ არ გაუშვას კანონით დადგენილი ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის. კანონი ადგენს, რომ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია დამატებითი ფაქტორი და შესაფასებელია პირის სოციალური სტატუსის როლი მსგავს ურთიერთობებში. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს იმ ქონებას, რომლიდანაც არ შეიძლება გადახდევინება. დასახელებული კანონის თანახმად, ყადაღას არ ექვემდებარება იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრის ქონება, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონებისა, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ მამკვიდრებელი იყო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული პირი, თუმცა იგივე ინფორმაცია არ იკვეთება მემკვიდრის მიმართ. დასაზუსტებელია, აქვს თუ არა პირს დასახელებული სტატუსი. აღნიშნული რადიკალურად ცვლის დასახელებული სამართლებრივი სიტუაციის შედეგს. უფრო დეტალური პასუხისთვის აუცილებელია იურისტთან კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
- პენსიონერი გარდაიცვალა, მას ბანკიდან გამოტანილი ჰქონდა სესხი, სიცოცხლეში იხდიდა თავისი კუთვნილი პენსიიდან გარკვეულ თანხას და ეს თანხა ეჭრებოდა ანგარიშიდან. მისი გარდაცვალების შემდეგ მოუწევს თუ არა ოჯახის წევრებს დარჩენილი სესხის გადახდა?
- მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებში აუცილებელია იმ ხელშეკრულების შეფასება, რომელიც გაფორმდა გარდაცვლილ პირსა და ბანკს შორის. მაგალითად, ხომ არ მოქმედებდა სიცოცხლის დაზღვევის პირობა, თუ ასეთი იყო, ამ შემთხვევაში სესხის დაფარვის ვალდებულება მემკვიდრეებს აღარ ეკისრებათ.
რადგან კონკრეტულად კითხვა ეხებოდა პენსიონერს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე დავუკავშირდით "ლიბერთი ბანკს". როგორც ბანკში განგვიმარტეს, ხანდაზმულის მიერ აღებული სესხის გადახდის ვალდებულება მისი ოჯახის წევრს არ გააჩნია და მას არ მოუწევს ვალის გადახდა. როგორც ირკვევა, ბანკი კრედიტის გაცემის დროს ითვალისწინებს ამ რისკებს და როცა ხანდაზმულ პენსიონერზე გასცემს სესხს, ამას ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. ახლახან განისაზღვრა ახალი ტარიფები და პროცენტები. დაიწია პროცენტმა. დღეს მოქმედი წესით, გასაცემი სესხის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 25,8 პროცენტს. ჩვენი შეკითხვის ავტორს ცალსახად შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მას არ მოუწევს მისი ხანდაზმული ოჯახის წევრის მიერ აღებული კრედიტის დაფარვა.
- მოხუცი იწვა კლინიკაში, მას გაუკეთდა ოპერაცია და ამ თანხის დიდი ნაწილი დაფარა სახელმწიფომ, დარჩენილი იყო გარკვეული თანხა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამასობაში მოხუცი გარდაიცვალა, ამის შემდეგ კლინიკიდან მიიღო ოჯახმა შეტყობინება დარჩენილი თანხის გადახდაზე. ასეთ შემთხვევაში აქვს თუ არა ოჯახს თანხის გადახდის ვალდებულება?
- განსხვავებით წინა შემთხვევისგან, ამ ინფორმაციაში ნაკლებად იკვეთება თანხის ანაზღაურების გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ვინაიდან მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თუ მემკვიდრეებმა გარდაცვლილისგან მიიღეს მემკვიდრეობა, აღნიშნული მემკვიდრეობის ფარგლებში ისინი ვალდებული არიან დაფარონ მამკვიდრებლის ვალდებულებები. როგორც მოგახსენეთ, მემკვიდრეობის მიღებისას პირს ენიჭება როგორც მამკვიდრებლის უფლებები, ასევე ეკისრება მისი მოვალეობები კრედიტორთა წინაშე. თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლოა თავად კლინიკამ გაითვალისწინოს ის მდგომარეობა, რომ პირი გარდაცვლილია და ოჯახს არ დააკისროს გადახდის ვალდებულება. როგორც ვიცით, ასეთი შემთხვევების დროს კლინიკები ითვალისწინებენ გარემოებებს და უწევენ ოჯახს შეღავათს.