"რუსეთში მორიგი "სამოქალაქო ომი" უკვე დაიწყო: სამხედრო დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან" - კვირის პალიტრა

"რუსეთში მორიგი "სამოქალაქო ომი" უკვე დაიწყო: სამხედრო დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან"

ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რუსეთში მორიგი "სამოქალაქო ომი" უკვე დაიწყო: სამხედრო ისტებლიშმენტის დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან" (ავტორი - რიჩარდ კემპი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს, შემოკლებით:

"ბახმუტში, თანამედროვე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს - როგორც ინფორმაციებიდან ჩანს, იქ ყოველდღიურად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი იღუპება. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კრემლისათვის, ბახმუტი შეიძლება ერთგვარი ექსტრაორდინარული "სამოქალაქო ომის" ადგილად იქცეს, რომელიც, გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლ სხვადასხვა რუსულ სამხედრო დაჯგუფებას შორის დაიწყოს. სავარაუდო "ომს" საფუძვლად უდევს კრემლის სამხედრო მანქანის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტის - "ვაგნერის ჯგუფისა" და თავდაცვის სამინისტროს ერთმანეთთან დაპირისპირება.

16032023-1241-1678956176.05_REC.png
ევგენი პრიგოჟინი ბახმუტთან, 2023 წლის მარტი

კერძო "ვაგნერ-ჯგუფისა" და სახელმწიფო სამხედრო უწყების მეტოქეობა თითქმის 8 თვის განმავლობაში გრძელდება. საყურადღებოა, რომ იმ დროს, როცა "ვაგნერ-ჯგუფის" დაქირავებული მებრძოლები ბახმუტისათვის მიმდინარე ბრძოლების წინა ხაზზე დგანან, მათი ლიდერი ევგენი პრიგოჟინი თავის პოლიტიკური ბრძოლის გეგმებს ახორციელებს, კრემლში საკუთარი გავლენის გასაფართოებლად. იგი დარწმუნებულია, რომ შეუძლია ისარგებლოს თავისი აშკარა სამხედრო ძლიერებით - დაახლოებით, 50 ათასი შეიარაღებული ჯარისკაცით, რომ რუსეთის ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. ზოგიერთები თვლიან, რომ ევგენი პრიგოჟინის საბოლოო მიზანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უზურპირება წარმოადგენს - შესაძლოა, მას მიზნად აქვს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მთლიანად თვითონ დაიქვემდებაროს.

გასული წლის მაისიდან ევგენი პრიგოჟინი ღიად ცდილობს, დაამციროს რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და განადიდოს "ვაგნერ-ჯგუფის" მიღწევები, აჩვენოს ის კონტრასტი, რომელიც მათ შორის არსებობს ბრძოლის ველზე. იგი ყველას დასანახად იკვეხნის თავისი წარმატებებით და, იმავდროულად, საჯაროდ აკრიტიკებს რუსეთის ხელმძღვანელობას. ევგენი პრიგოჟინი ხშირად აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის მაღალჩინოსნები არაკომპეტენტურები არიან და მათ თითქმის ქვეყნის ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. მაგალითად, თებერვალში "ვაგნერელთა" ლიდერი ისე შორს წავიდა კრიტიკით, რომ თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს სახელმწიფო ღალატი დააბრალა და განაცხადა, - სწორედ მისი ბრძანების შედეგია, რომ "ვაგნერ-ჯგუფის" მებრძოლებს საბრძოლო მასალებით არ ამარაგებენო.

მოსალოდნელი იყო, რომ პრიგოჟინის კრიტიკაზე თავდაცვის სამინისტრო მკაცრ რეაგირებას მოახდენდა: აშშ-ის "ომის შესწავლის ინსტიტუტის" მოხსენების მიხედვით, რუს გენერლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, "ვაგნერის ჯგუფისათვის" - როგორც ელიტური მებრძოლებისათვის, ისე - ყოფილი პატიმრებისათვის ბახმუტში შეგნებულად მოემზადებინათ "სასიკვდილო ხაფანგი", ევგენი პრიგოჟინის ამბიციების დასათრგუნად და კრემლში მისი გავლენის შესასუსტებლად.

16032023-1243-1678956311.49_REC.png
ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ - AP

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერელებს" იარაღით არ მოამარაგებს, რუს დაქირავებულებს უკრაინელები მაქსიმალურ ზიანს მიაყენებენ. ეს იქნება გასაოცრად ეგოისტური ინტერესების მქონე სტრატეგია რუსული რეჟიმისთვის, ცხარე ეგზისტენციალური ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა, გენერლების ასეთი მოქმედება ბახმუტზე შეტევის შენელებას გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახლა პრიორიტეტს ანიჭებს შიდაძალაუფლებისთვის ბრძოლას, ვიდრე - საბრძოლო მოქმედებების განვითარებას. ასეთი სტრატეგია, უეჭველია, ვლადიმერ პუტინის თანხმობისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე არ განხორციელდებოდა. და მართლაც, მოწმენი ვართ, რომ ევგენი პრიგოჟინის დასუსტება და "ვაგნერ-ჯგუფის" სამხედრო წყობიდან გაყვანის გეგმა აქტიურად რეალიზდება.

მაგალითად, "ვაგნერი" ბოლო დრომდე ხშირად იყენებდა რუს პატიმრებს, მოხალისე-დაქირავებული მებრძოლების სახით, სასჯელაღსრულების სისტემიდან - ციხეებიდან და შრომა-გასწორების კოლონიებიდან, რომლებიც მისი პირადი შემადგენლობის 80%-ს შეადგენენ. მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლმა ევგენი პრიგოჟინს რეკრუტების წყარო გადაუკეტა და პატიმრების მებრძოლებად დაქირავების საკითხს, როგორც იტყობინებიან, უკვე თავდაცვის სამინისტრო განაგებს.

ასეთი ნაბიჯები ვლადიმერ პუტინის ქცევას სრულიად შეესაბამება - ცნობილია, რომ მსგავსი მეთოდებით იგი კარგად სარგებლობდა წარსულშიც. ახლაც მან მშვენივრად ისარგებლა თავდაცვის სფეროს ისტებლიშმენტის ორ დაჯგუფებას შორის შექმნილი უთანხმოებით და ამით საკუთარ ხელისუფლებას უსაფრთხოების გარანტია შესძინა. ეს თითქმის ისეთი ტაქტიკაა, რომლითაც ადოლფ ჰიტლერი სარგებლობდა - ვერმახტის (გერმანიის არმიის) და "ეს-ესის" ჯარების (მმართველი პარტიის გასამხედროებული დაჯგუფების) ერთმანეთთან მეტოქეობით.

ომის დაწყების შემდეგ [როცა "ბლიცკრიგი" ვერ განხორციელდა], ვლადიმერ პუტინი განრისხებული იყო მინისტრ სერგეი შოიგუზე და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვზე, ამიტომ ევგენი პრიგოჟინის მხარე დაიკავა. პრეზიდენტმა "ვაგნერის ჯგუფს" თავდაცვის სამინისტროს რესურსები მისცა, რათა რეგულარული არმიის თავდაპირველი დანაკარგები შეემცირებინა. მაგრამ ახლა, როცა ვლადიმერ პუტინმა ევგენი პრიგოჟინის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები მოისმინა, მან "ვაგნერელთა" ხელმძღვანელში გარკვეული საფრთხე დაინახა და მიდგომა შეცვალა. როგორც ჩანს, სერგეი შოიგუ ისევ უპირატესობას აღწევს, ევგენი პრიგოჟინს კი "ფრთებს აჭრიან" - ის სამხედრო წარმატებები, რომლებსაც "ვაგნერმა" მიაღწია, ოფიციალურად მიაწერეს თავდაცვის სამინისტროს.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მსგავს ტრიუკებს ვლადიმერ პუტინისათვის სასურველი შედეგი მოჰქონდა, ახლა ასეთი ნაბიჯი მისთვის დიდ ავანტიურას წარმოადგენს. რისკი იმით გამოიხატება, რომ პრეზიდენტმა შეიძლება "ვაგნერის" მებრძოლებზე კონტროლი დაკარგოს: ამ ყველაფერს კი სერგეი შოიგუ და ჩეჩნური ქვედანაყოფების ფაქტობრივი ხელმძღვანელი - რამზან კადიროვი უყურებენ. გარდა ამისა, შესაძლოა, ძალიან დაგვიანდა ევგენი პრიგოჟინზე ზეწოლა, რომელიც საკმაო მხარდაჭერით სარგებლობს ბევრი მაღალჩინოსნისაგან და "პატრიოტულად განწყობილი" რუსული მასმედიისაგან.

ევგენი პრიგოჟინის პოპულარობამ განსაკუთრებით იმატა გასული შემოდგომიდან, როცა მან საჯაროდ მოიწონა "ვაგნერ-ჯგუფის" რიგებიდან გაქცეული დაქირავებული მებრძოლის დაკავება და მისი სიკვდილით დასჯა - უროს თავში ჩარტყმით. თუ ევგენი პრიგოჟინის ტაქტიკა ასე გაგრძელდება, მაშინ ვლადიმერ პუტინს უკეთესია, იმის იმედი ჰქონდეს, რომ ბახმუტის ფრონტზე მიმდინარე "სამოქალაქო ომი" მოსკოვამდე ვერ მიაღწევს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ