როგორ აგებდნენ და აწესრიგებდნენ თბილისის ქუჩებს საუკუნეების წინ
ჩემს ბავშვობაში ხშირად მესმოდა, მეფე დავით აღმაშენებელი თუნდაც იმიტომ იყო მაგარი მეფე, რომ ქალაქის ქუჩები სულ მოკირწყლული ჰქონდაო. პირადად, ჩემი ბავშვების დროინდელი ქუჩები ერთობ არ მომწონდა. სულ თითის წვერებზე უნდა გევლო და მაინც ბინძურდებოდა ფეხსაცმელი. სადარბაზოდან სუფთად გამოსვლის შანსიც კი არ გქონდა... რამდენი ქუჩა იყო ორმოებით სავსე. რამდენჯერ მიფიქრია, რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებებს, თუკი ადამიანებზე არ ფიქრობენ... მერე და მერე სამანქანო გზები მაინც გაკეთდა, ქალაქი თანდათან ქალაქს დაემსგავსა და მაინც უჭირთ ფეხით მოსიარულეებისთვის სივრცის განსაზღვრა. ტროტუარებს ვგულისხმობ, რომელიც უცილობლად გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქსა თუ სოფელში. კარგით, ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი გადავავლოთ თვალი ერთობ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიპოვე.
როგორც ირკვევა სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ქუჩების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნიდან მოყოლებული თბილისის უბნები და მოედნები ერთმანეთს ქუჩებით უკავშირდებოდნენ. ქუჩებს ძველი ქართულით, შუკებს და აგრეთვე ფოლოცებს უწოდებდნენ. ქალაქის შუკას შოთა რუსთაველიც მოიხსენიებს: „ ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქის შუკა და ბანიო..“ მე-14 საუკუნის ისტორიკოსი კი, როცა მას სურს ჯალალედინის მიერ თბილისში დატრიალებული უბედურება აღგვიწეროს, სხვათა შორის, აღნიშნავს: „ მოხუცები უწყალოდ თბილისის ფოლოცებზე ცხენების მიერ ისრისებოდა..“
რიგი წყაროები მიანიშნებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ძველ საქართველოში ქუჩების კეთილმოწყობას. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამ მხრივ საინტერესო ცნობას გვაწვდის: „ მეფემ რამდენიმე გზაზე, რომლებზედაც სიარული ძნელი იყო, ქვაფენილი დააგო“ ამ შემთხვევაში ისტორიკოსი საქალაქთაშორისო გზებზე ლაპარაკობს, მაგრამ თუ საქარავნო გზებზე ასე ზრუნავდა, მით უფრო ქალაქების ქუჩათა მოწყობას მიაქცევდა ყურადღებას. ამაში ძველ ნაქალაქართა არქეოლოგიური გათხრები გვარწმუნებს. ქალაქ დმანისის არქეოლოგიური შესწავლის დროს ქალაქის კარებთან ქვაფენილი ქუჩა აღმოჩნდა. ხოლო თბილისის არაერთი ქუჩა მოკირწყლული იყო.
მე-18 საუკუნის პირველი ნახევრის გეგმის მიხედვით შეიძლება გავითვალისწინოთ ძველი თბილისის ზოგი ქუჩის მიმართულება. ირკვევა, რომ ქალაქის მთავარი ქუჩები ძველადაც მიიმართებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ქალაქის ზრდის მიმართულებით, სიონ-ანჩისხატის რაიონიდან კალას გალავნისკენ... ცენტრალური ქუჩა მეფის მოედნიდან იწყებოდა და კოჯრის კარამდე გრძელდებოდა.
კოჯრის კარი კი დაახლოებით იქ იყო, სადაც დღეს კოტე აფხაზის ქუჩა (მანამდე ლესელიძის) თავისუფლების მოედანს ერთვის. ძველიდანვე იყო ის ხაზიც, რომელსაც დღევანდელი ვერცხლის ქუჩა მისდევს. ამ ქუჩის ერთი თავი მეფის სასახლისკენ მიემართებოდა, მეორე კი დიღმის კარს (პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების შესაყარზე) ებჯინებოდა. ვერცხლის ქუჩას სხვა ქუჩებიც უკავშირდებოდა. სხვათა შორის ვერცხლის ქუჩას ძველად „ოქრომჭედლების ბაზარს“ ან კიდევ „ოქრომჭედლების რიგს“ ეძახდნენ...
„ამგვარად, - წერს ვახუშტის გეგმის განმმარტებელი ბერიძე, - მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში უკვე არსებობს ის „ფოლოცები“ და გზები, რომლებიც საფუძვლად დაედო აწინდელ ენგელსის, ლერმონტოვის, ლესელიძის, ბარათაშვილის, ვერცხლის, ბებელის (ახლანდელი ერეკლეს) და რუსთაველის პროსპექტსაც, ე. ი უკვე არსებობს მთელი ამ რაიონის აწინდელი დაგეგმარების ჩანასახი, ჩონჩხი.“
შუა საუკუნეების ქალაქები საერთოდ, და მათ შორის თბილისიც უმთავრესად უგეგმოდ, სტიქიურად იზრდებოდა. ამიტომ ქალაქის ქუჩების დაგეგმვის რაიმე იდეა ამ დროისთვის თითქმის უცნობია.
თუ მე-12 მე-13 საუკუნეების თბილისის ქუჩები კარგად მოვლილი და კეთილმოწყობილი იყო, სამაგიეროდ მე-16 მე-18 საუკუნეებისთვის მდგომარეობა მკვეთრად უარესობისკენ არის შეცვლილი. ვახუშტი თბილისის ქუჩების შეახებ მოკლედ შენიშნავდა: „ქალაქი ვიწრო, ფოლორცნი უშვერნი“-ო.
ვახუშტის ამ მოკლე ცნობას მე-18 საუკუნის 70-იან წლებში თბილისში ნამყოფი გულდენშტედტიც ადასტურებს; მისი სიტყვით, ქალაქის 20 000 მცხოვრები სამი ვერსის სიგრძის რკალშია მომწყვდეული და ამიტომ „ქუჩების სიგანე თბილისში არ აღემატება ერთ საჟენს, შესახვევები, ჩიხები კიდევ ამაზე ვიწროაო.“
სამწუხაროდ, ეს ვიწრო ქუჩებიც მოუწყობელი ყოფილა. რაკი მათ წყლის საწრეტები არ ჰქონიათ, წვიმების დროს, ქუჩები საშინლად ტალახდებოდა; ხშირი ტალახი და ქუჩებში უსუფთაობა, აქ გავრცელებული სხვადასხვა ავადმყოფობის მიზეზი იყო. ამის გამო წერს გულდენშტედტი, თბილისში გავრცელებულია დიზენტერია და ავთვისებიანი ციებ-ცხელება, ხშირად ეპიდემიაც... აქვე უნდა ითქვას, რომ 1770 წელს ქალაქში ჭირმა თურმე 4000 კაცი ამოწყვიტა.
ამ მხრივ მდგომარეობა არ შეცვლილა მე-19 საუკუნის დამდეგსაც. თბილისის ვიწრო და ტალახიან ქუჩებზე ამახვილებს ყურადღებას კლაპროტიც: „ ქალაქის ქუჩები ისე ვიწროა, რომ ურმებს მხოლოდ ზოგ მათგანზე შეუძლია გაიაროს. ჩიხებში კი ცხენებითაც ჭირს გავლა, ხოლო როცა ქუჩები ტალახიანდება, ფეხით მოსიარულენიც ერთმანეთს ძლივს ჩაუვლიან...“
ქალაქში არ იყო ქვაფენილები. დაახლოებით 1905 წლიდან დიდი მასშტაბების სამუშაოების ჩატარება დაიწყეს ქუჩების მოკირწყვლასთან დაკავშირებით, რისთვისაც ქალაქის გამგეობამ გამოყო 150 ათასი მანეთი.
როგორც აღნიშნავდნენ, ბენია ჩხიკვიშვილის მერად ყოფნის დროს ჩვენი დედაქალაქი „საგრძნობლად გაეროვნულდა და წინ წავიდა“ (გურამ შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ) მან სხვადასხვა კუთხეებიდან თბილისში ჩამოასახლა ბევრი ქართული ოჯახი. როგორც ქალაქის თავი ის დიდი მონდომებით იბრძოდა სპეკულაციის წინააღმდეგ, დიდ ყურადღებას უთმობდა ქალაქის სანიტარულ-ჰიგიენურ დასუფთავებას, ატარებდა ინფექციური დაავადებებისა და ქოლერის საწინააღმდეგო აქტიურ ღონისძიებებს.
მაგალითად, გაზეთი „ერთობა“ (1919. აგვისტო) იუწყებოდა, რომ ქალაქის თავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალაო. მისი ძალისხმევით ღარიბებისათვის მოეწყო უფასო აბანო, სადაც „გელიოსის“ აპარატით ტანსაცმელს დეზინფექციას ჩაუტარებდნენ, ხოლო უფასოდ მიეცემოდათ ნახევარი გირვანქა საპონი...
სათქმელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ცოტაც სხვა დროისთვის... დღევანდელი დედაქალაქი საუკუნის წინანდელს საერთოდ არ ჰგავს, მით უფრო დღეს არაერთი გამზირის რეაბილიტაცია ხდება, მაგრამ ვფიქრობ, გაცილებით ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე თბილისი. ერთი ხელისუფლება მეორეს მიერ დაგებულ გზას აღარ უნდა თხრიდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ცენტრს და მთავარ გამზირებს არ ერგებათ გალამაზება. მშურს ევროპული ქალაქების, - ყველა ჩიხი და შესასვლელი მოასფალტებულია. ოდესმე უნდა მივეჩვიოთ, რომ ვინმეს დასანახად და პოზიორობისთვის კი არ უნდა გაკეთდეს რამე, არამედ შენი მოქალაქეებისთვის, რომლის გარეშეც ეს ქვეყანა არაფერია.