"როცა აღდგომას თბილისელები ხარობენ ხოლმე, ქალაქი სოფლელებისგან დაიცალა და ამოვისუნთქეთო, ასეთებს ვეუბნები ხოლმე"
კობა ჭუმბურიძეს რამდენიმე პროფესია აქვს, ხატავს, თარგმნის, წერს... მუდმივად ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აბა, როგორ? საბავშვო ლექსების ავტორ "კობა ბაბუს" შეიძლება არ აღელვებდეს იმ ბავშვების მომავალი, რომლებიც მის ლექსებს ტიტინებენ?
- მეოთხე თაობის თბილისელი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- მიყვარს ეს ქალაქი, თუმცა სხვაქალაქელი რომ ვიყო, ის მეყვარებოდა. თბილისი კი უნდა გიყვარდეს თბილისელს, მაგრამ ამის გამო რომ იბღინძება ზოგი, ეგ სასაცილოა და ცოტაც სამარცხვინოც. როცა აღდგომას თბილისელები ხარობენ ხოლმე, დაიცალა სოფლელებისგან ქალაქი და ამოვისუნთქეთო, ვერ ვიკავებ თავს და ასეთებს ვეუბნები, მე რომ დავიბადე, ქალაქი ამის მესამედიც არ იყო და თან ასი წლის წინ აქ ქართველი უმცირესობა იყო-მეთქი. ამდენად, როცა აქაურები სოფლელებს აუგად იხსენიებენ, გამოდის საკუთარ დედ-მამას ან ბებია-ბაბუას დასცინიან...
- დღეს პოლიტიკა დიდი დოზითაა შემოჭრილი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს კარგია თუ ცუდი?
- ეს საყმაწვილო სენივითაა, მოსახდელი გვაქვს, და ამდენად კარგიც არის. ცხადია, ის დროც დადგება, რომ უმეტესობას პრემიერის გვარიც არ გვეცოდინება.
- სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი თითქოს ევროპულ პერსპექტივასაც გვიბინდავს. უნდა გადაიყვანონ თუ არა?
- თავი დავანებოთ დანარჩენ სისაძაგლეს და მხოლოდ იმაზე შევჩერდეთ, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. როცა თავად იყო ხელისუფალი, მოსწავლეს წლები მიუსაჯეს ბურთის მოპარვისთვის, ღრმად მოხუცს კი ჯართში ჩასაბარებლად მიწიდან ამოყრილი ჟანგიანი მილებისთვის. თუ კანონი ყველასთვის კანონი არ იქნება, ქვეყანა ვერასდროს ვიქნებით. ევროპული პერსპექტივა ის კი არ არის, როგორიც ვიღაც კუბილიუსის ხუშტურით იხატება, არამედ ევროპული სასამართლოს დასტურია, რომ ამ ვაჟკაცს წლობით პატიმრობა აქვს მოსახდელი...
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გაუშვეს. ვინც ახლა პატიმარია, ათასობით ადამიანი, რომელთა უმეტესობას ამდენი არ დაუშავებია, იმათ რა ნამუსით ვტოვებთ საპატიმროში? თავად მისი პარტია რას ამბობდა, როცა "ოცნებამ" გადაწყვიტა ციხიდან გამოეშვა პატიმრების ნაწილი, რომელთა ბრალდებაც საეჭვო იყო. იყო ერთი წივილ-კივილი, ბანდიტიზმი წაგვლეკავსო. დაე ისხდნენ უდანაშაულოებიც, სამაგიეროდ, ჩვენ ვართ მშვიდადო. ერთადერთი, რაც ამ გამონაკლისს გაამართლებდა, მისი მენტალური მდგომარეობაა, მაგრამ ეს დელიკატური საკითხია და არ ღირს ამაზე ჩემგან ლაპარაკი...
- ხშირად საყვედურობს მმართველ პარტიას ოპოზიცია, რომ ის პრორუსულია.
- ამომრჩეველმა პატივი უნდა სცეს ხელისუფლებას, მაგრამ სიყვარული და ყველაფერში გამართლება საბჭოთა გადმონაშთია. დიახ, კრიტიკულები უნდა ვიყოთ არჩევიდან მეორე დღესვე, ოღონდ ეს უაზრო შარზე ყოფნას არ უნდა ნიშნავდეს. საკრიტიკოს მეტი რაა, მაგრამ, როგორც ჩანს, სისულელის დაბრალება უფრო ადვილია. მაგალითად, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი "სიმამაცისა" და "თავდადების" მაგალითებს იძლევა რუსის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან, ხან ბოძებს ეჯაჯგურება, ხან შარვალს იხდიან და შიშველი უკანალით აშინებენ რუსს. არადა, ტალიავინის დოკუმენტს თავად მოაწერეს ხელი. საქმე ის კი არაა, ვინ უფრო ისტერიკულად შეაგინებს პუტინს, არამედ ვინ რა შედეგი დატოვა. თუ ასეთი ყოჩაღები იყვნენ, კოდორი რად გადააბარეს თოფის გაუსროლელად, მანამდე კი იქაური ქართველებიც განაიარაღეს? ახლა რა შეიცვალა? აღარ დგანან ტანკები თბილისიდან ერთ გასროლაზე? ერთი ყველაზე სასაცილოც ამ ამბავში - "პრორუსული" ხელისუფლება ევროპის ალაყაფს ასკდება და შტატები ჩვენს პოლიგონებზე გვავარჯიშებს, გამოდის, ამერიკის დაზვერვას ვაცუცურაკებთ და ვერ გაუგიათ, რომ ხვალინდელ მტერს ასწავლიან ბეჯითად.
- რა არის მიზეზი, რომ ემიგრაცია თითქოს წყევლად გვექცა?
- რა და, გათითოკაცება, რაც იმპერიამ ჩაგვინერგა. წარმოიდგინეთ მიწასთან გასწორებული გერმანია. 80 მილიონამდე გერმანელი სად წასულიყო? ან ვინ მიიღებდა? მისცეს მხარი მხარს და ააშენეს ქვეყანა, რომელიც ოციოდე წელიწადში გამარჯვებულ საბჭოეთს სამადლოდ კარაქს უგზავნიდა. ჩვენ რომ ერთობა გვქონოდა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით. ემიგრაცია ლამის ერთადერთი გამოსავალია ამ მდგომარეობიდან. სულ სხვას რომ ვაბრალებთ ყველაფერს, ასიდან ერთს რომ გვეყოჩაღა და ერთად დავმდგარიყავით, ვერც არჩევნებს მოგვპარავდა ვინმე და ვერც ფლოტს და ჩარხებს გაგვიყიდდნენ ჯართად ცუდი ძიები.
- სად და როგორ ხედავთ რამდენიმე წელში საქართველოს?
- მთავარია, დასავლეთმა არ იძუნწოს და ოდნავ შორსმსროლელი იარაღი მიაწოდოს უკრაინას და გაისად უკვე კაი ხნით დაისვენებს დედამიწა. იმას ვგულისხმობ, რომ რუსეთის მოსახლეობა უცბად გამოფხიზლდება, მის ტერიტორიაზე რომ აფეთქდება აეროდრომები და ბაზები. კეთილს ინებებს და ჩამყაყებულ ხელისუფლებას შეცვლის.
- რა არის მთავარი ცხოვრებაში?
- არისტოტელე და პლატონი მაგ კითხვაზე პასუხის ძიებამ მოინელა. თუმცა მაშინ ჯერ ქრისტე არ იყო მოვლენილი და, ალბათ, მე უფრო ყოჩაღად გავცემ პასუხს - ღვთის მცნებებს თუ ცოტათი მაინც დავიცავთ, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება.