"ხელისუფლებაში მოვალ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ, მილიონი ადამიანი შემომიერთდება" - რამ გადააწყვეტინა ვახტანგ ფანჩულიძეს პოლიტიკოსის ამპლუის მორგება?! - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებაში მოვალ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ, მილიონი ადამიანი შემომიერთდება" - რამ გადააწყვეტინა ვახტანგ ფანჩულიძეს პოლიტიკოსის ამპლუის მორგება?!

ვახტანგ ფანჩულიძე (ბურნუთა - კინოფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა") ახალგაზრდობისას ალბათ ყველაზე ნაკლებად იფიქრებდა, რომ გავიდოდა წლები და ან მუშთაიდში კარუსელების ოპერატორად იმუშავებდა, ან პოლიტიკურად აქტიური გახდებოდა და ქვეყნის გადასარჩენად პარტიის შექმნას გადაწყვეტდა.

- ჩემი პოლიტიკურად აქტიურობა გამოიწვია ქვეყანაში შექმნილმა აუტანელმა სიტუაციამ. ვხედავ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში კარგი არაფერი ხდება, სააკაშვილის პერიოდის გამოკლებით, რადგან მაგ დროს გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ხალხი - ფასები იყო დაბალი, თორემ არც მაშინ ყვაოდა ყველაფერი. მაგალითად, მე სოციალურად დაუცველი ვიყავი და ერთ ლარს ვიღებდი დღეში... ზოგს უკვირს, მსახიობ კაცს პოლიტიკაში რა გინდაო?!. მე ქრისტიანი ვარ და მიყვარს ადამიანები. მინდა ჩემი ხალხი კარგად ცხოვრობდეს. განა არ შემეძლო, უკეთეს პირობებში მეცხოვრა და ივანიშვილის სტიპენდიატი გავმხდარიყავი? თავის დროზე შემომთავაზეს კიდეც, მაგრამ უარი ვთქვი, რაც ბევრს გაუკვირდა.

- რატომ თქვით უარი?

- მე რომ კარგად ვიცხოვრებდი, ყოველდღე ვიქეიფებდი მეგობრებთან ერთად და ჰარიჰარალე მექნებოდა, ამ დროს კი ჩემი მეზობელი მშიერი იქნებოდა, თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი. მინდა, ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ. ამიტომაც ვეუბნები ივანიშვილის მთავრობას, ჩვენც მოგვიწყვეთ ისეთი ცხოვრება, როგორიც თქვენს 800 000 მომხრეს აქვს და უკმაყოფილო აღარავინ იქნება. საჯარო სექტორში მხოლოდ თავიანთი მომხრეები ჰყავთ დასაქმებულები, ხელფასები იწყება 2.500 ლარიდან, პრემიები და დანამატები - ცალკე. ერთადერთი კარგი საქმე, რაც ივანიშვილს გაუკეთებია, სწორედ ის არის, რომ მის მომხრეებს ასეთი ანაზღაურება აქვთ - ისინიც ჩემი საყვარელი ქართველები არიან, მაგრამ დანარჩენებსაც ხომ გვინდა ცხოვრება?! რაკი ოპოზიციაში ვარ და არ ვეთანხმები ივანიშვილის პოზიციას, რომელიც აშკარად რუსეთისკენ მიათრევს საქართველოს; რაკი არ ვემხრობი იმას, რომ ამ ხელისუფლებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაყინა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა; რაკი არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ მომხრეებს ასაქმებ და სხვები არ გაინტერესებს (სხვათა შორის, ასევე იქცეოდა სააკაშვილიც), ცუდად უნდა ვიყო?.. ააყვავე ბიზნესგარემო, დამასაქმე და მეც გადამიხადე იმდენი, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო. უზრუნველყონ ჩვენი ცხოვრების დონე, მშვიდობიანი განვითარება, დაცულობა ბარბაროსებისგან, ანუ რუსებისგან და აღარ იქნება ხალხში ამხელა უკმაყოფილება. ნატო იმიტომ მინდა, რომ ის არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა თავისი წევრი ქვეყნებისთვის. ევროკავშირი მინდა იმიტომ, რომ ვიმუშაო და ავიღო შესაბამისი ხელფასი, მაგალითად, 1.300 ევრო; კიდევ იმიტომ, რომ მეც მქონდეს სიტყვის ისეთი თავისუფლება, როგორიც ევროპაშია, ოღონდ შინაგანი კულტურისა და ცენზურის ფარგლებში. და რაკი ამ ყველაფერს ვერ უზრუნველყოფენ, 2 ვადით ხომ იყვნენ უკვე, გადადგნენ და სხვას მისცენ ხელისუფლება. "ნაციონალებიც" იყვნენ 2 ვადით და დათმეს ხელისუფლება. დემოკრატია თუ გვინდა, ახლა ისინიც უნდა მოვიდნენ, ვინც საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში.

- ალბათ თქვენს პოლიტიკურ პარტიას "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გულისხმობთ. როგორც ვიცი, სამოქმედო პროგრამაც დაწერილი გაქვთ.

- დიახ, მყავს მომხრეების დიდი რაოდენობა და მაქვს პროგრამაც. პირველ რიგში, ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნებამდე უნდა გააცნოს ხალხს თავისი პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმ ადამიანებზე, დღეს სიღატაკის ჭაობში რომ არიან და იმ ინსტიტუციონალურად დაშლილ ქვეყანაზე, სადაც ყველა ემსახურება ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებას. ხელისუფლებაში მოვალ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ მილიონი ადამიანი შემომიერთდება.

- მაინც რას გააკეთებთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა იქნება პირველი ნაბიჯები?

- პირველსავე დღეს განვაცხადებთ, რომ არც ერთ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავაპატიმრებთ. თუ ამ დროისთვის ქვეყანაში იქნება ვინმე პოლიტიკური პატიმარი, ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. ამერიკისა და ევროკავშირის დახმარებით, სასწრაფოდ დაიწყება ივანიშვილის მიერ ათი წლის მანძილზე გაყინული ანაკლიისა და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტების განხორციელება. როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე გაეროს, ევროკავშირის, ამერიკისა თუ სხვა ქვეყნების მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან ჩვენი ეროვნული ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს ტერორისტული რუსეთისგან, რომ სასწრაფოდ გაიყვანონ თავიანთი ბარბაროსები საქართველოს დაპყრობილი ადგილებიდან და გაათავისუფლონ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

პენსია გახდება 1.000 ლარი, დადგინდება მინიმუმი სახელფასო ზღვარი. ასევე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დადგინდება საათობრივი ანაზღაურება: 1 საათი - 15 ლარი, რვა საათის შემდეგ 1 საათი - 30 ლარი. შაბათ-კვირას მუშაობის შემთხვევაში - 1 საათი 50 ლარი. ყოველ ახალ წელს, აღდგომის და შობის დღესასწაულზე, შვებულების წინ გაიცემა გაორმაგებული ხელფასი. ყველა უმუშევარს, ვისაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და ყველა სოციალურად დაუცველს გადაეცემა ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება 500 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, გაუქმდება პრეზიდენტის თანამდებობა. პარლამენტში, პრემიერის აპარატში, სამინისტროებში (გარდა შსს-სა და თავდაცვისა), მერიებში, გამგეობებსა და ყველა სახელისუფლებო დაწესებულებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განახევრდება მაღალი და საშუალო რგოლის ჩინოვნიკთა რაოდენობა. ყველა დაბალ რგოლში დასაქმებული ადამიანი შეინარჩუნებს თავის სამსახურს. ამ სახელმწიფო დაწესებულებებს ჩამოერთმევა სახელმწიფო ავტომობილები და სახელმწიფო დაცვა (გარდა შშს-სა და თავდაცვისა). საგრძნობლად შემცირდება მათი დაფინანსებაც. ჩვენი ხელისუფლების მიზანი იქნება ახალი, ძლიერი ქართული სახელმწიფოს აშენება ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის ვადაში.

- ამომრჩეველს პოლიტიკოსების მხრიდან არაერთი დაპირება ახსოვს, რომლებიც სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღარ შეუსრულებიათ.

- თუ დაპირებებს, რომლებსაც მოსახლეობას მივცემთ, ზუსტად დათქმულ ვადაში არ ავასრულებთ, კანონის ძალით დავტოვებთ ხელისულებას. ეს პროცესი ერთ თვეზე მეტხანს თუ გაგრძელდა, ხალხს ექნება უფლება, სკამებიდან გადმოყაროს ყველა, თუმცა მანამდე უამრავი რამეა გასაკეთებელი. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია განათლების ხარისხი, განათლებული თაობა უკეთესი მომავლის გარანტიაა. აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები ტარდებოდეს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სიყვარული; უნდა ავუხსნათ, რატომ არის ღმერთის სიყვარული უპირატესი და რატომ სჯობს სიძულვილს სიყვარული და სიკეთე; რატომ უნდა დაეხმარო მეგობარს და გაუყო ლუკმა გაჭირვებულს.

ზოგი იტყვის, სულიერებაზე თუ ლაპარაკობ, მატერიალური რაღა მოსატანიაო, მაგრამ ასე არ არის. ღმერთმა, სამწუხაროდ, ისე "მოგვაწყო", რომ გრძნობებითა და ღირებულებებით ვერ ვიკვებებით. ხომ გახსოვთ ნიკო ლორთქიფანიძის "ტრაგედია უგმიროდ" - მშიერ მამას მჭადი რომ შემოეჭამა და მერე თავი მოიკლა. პირველ რიგში, მატერიალურად უზრუნველყოფილი უნდა იყო, მაღალ მატერიებზე რომ იფიქრო. იმ დონემდე არ უნდა მიიყვანო არავინ, რომ არჩევნებისას 5 კილო კარტოფილზე გაცვალოს თავისი ხმა. ეს პროცესები, რაც ახლა ხდება, მიზანმიმართულია საზოგადოების სულიერი დაკნინებისკენ.

როდესაც ქვეყანაში პროცესები სწორად წავა, ევროკავშირი მოგვცემს სესხებს, გრანტებს, იმ 20 მილიარდს, რომელიც ივანიშვილის მთავრობამ შეჭამა. სხვათა შორის, სააკაშვილის მთავრობამაც შეჭამა 5 მილიარდი, მაგრამ იმან ქვეყანა მაინც ააშენა. ამიტომაც, ამ ორს ერთ სიბრტყეზე არ ვაყენებ. ექსპრეზიდენტს ჰქონდა შეცდომები. ომის დაწყებას რომ ედავებიან, სტალინიც რომ ყოფილიყო იმ დროს, პუტინი მაინც დაიწყებდა ომს 2008 წელს, გადაწყვეტილი ჰქონდა და იმიტომ.

- უბრალოდ შეცდომები იყო თუ დანაშაული?

- კი ბატონო, რაც გვინდა, ის ვუწოდოთ, მაგრამ რაც გააკეთა, გამიზნულად კი არ გააკეთა, რომ ქვეყანა დაექცია და რუსეთისთვის ჩაებარებინა. შეეშალა, ეს შეცდომა დანაშაულის ტოლფასია?.. იმსჯელოს თავისუფალმა სასამართლომ და თუ დადასტურდა, მოიხადოს სასჯელი, ოღონდ იმსჯელოს დამოუკიდებელმა სასამართლომ! თუმცა, დამოუკიდებელი როგორ იქნება სასამართლო, რომელსაც ჰყავს მაგალითად, მურუსიძე, ვინც "ნაცების" დროს "ნაცების" საქმეს აკეთებდა და ახლა ამათ საქმეს აკეთებს. როდესაც სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე დაურეკა და უთხრა, მსუბუქი სასჯელი მიეციო, ისიც დათანხმდა. ან ბუტა რობაქიძის ამბავი?.. მიდიოდა ამხანაგებთან ერთად მანქანით, გააჩერა პატრულმა, რომელიღაცას შემთხვევით გაუვარდა იარაღი, მოხვდა ალალ-მართალ ბიჭს და პატრული რომ გაემართლებინათ, მიიტანეს იარაღი და ჩაუდეს. ეს ყველაფერი ხომ იცოდა სააკაშვილმა?! და თუ არ იცი, რაც ხდება ქვეყანაში, მაშინ რისი პრეზიდენტი ან შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ?! სიმართლე სინათლეა და იმ ადამიანს თვითონაც უნდა ეღიარებინა შეცდომა. შენ რომ ხელს აფარებ დამნაშავეს და ციხეში "აგულავებ", ეს ხომ არის დანაშაული?! ამის გარდა, სხვა უამრავი შეცდომაც იყო - ტელევიზიის დარბევა, აქციებზე ხალხის აჩეხა, ეს ხომ არ არის დემოკრატიული პრინციპები! გარდა ამისა, ეჭვი გეპარებათ, რომ სააკაშვილს ფული არ უკეთებია? მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკა მაშინ მაღალ დონეზე იყო. შევარდნაძისგან სრულიად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და საქართველო მსოფლიო რუკაზე გააცოცხლა, ეს ხომ ფაქტია. ის არ ყოფილა ქვეყნის მტერი, პირიქით, ქვეყნის მოყვარული იყო და სურდა, საქართველო შესულიყო ევროკავშირსა და ნატოში. ესეც ყველამ კარგად იცის და იმასაც კარგად ვხვდებით, რომ ივანიშვილი პირიქით, რუსული ჭაობისკენ მიათრევს საქართველოს.

- ამდენი გიფიქრიათ ქვეყნის ბედზე, პარტიის შექმნაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე და არასდროს ყოფილხართ რომელიმე პარტიის წევრი. ნდობა არავისი გაქვთ?

- არც ერთის მომხრე არ ვყოფილვარ და არც მეორის, არც წინა მთავრობის დროს გავმდიდრებულვარ და არც ახლა მაქვს ბევრი. რაც მუშაობა დავიწყე, სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. ნდობა არავის მიმართ გამჩენია და არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ამიტომაც ჩამოვაყალიბე პოლიტიკური პარტია, მაგრამ სწორი არჩევანი რომ გააკეთოს ადამიანმა, ამისთვის ისევ და ისევ განათლებაა აუცილებელი. განათლების სისტემა კი დღესდღეობით მიზანმიმართულად დეგრადირებულია, რათა გაუნათლებელი თაობები მივიღოთ და მოვწყდეთ მსოფლიოს ცივილიზაციას. ასეთია პუტინის დაკვეთა. ქვეყანაში შემოდის ნარკოტიკები, რათა მოსპონ ქართული გენოფონდი. დავით აღმაშენებელი ზოგს მოცურავე ჰგონია, სწავლების ისეთი დონეა სკოლებში. ამას წინათ ვუყურე, ჟურნალისტი 4 სავარაუდო პასუხს ეუბნებოდა ახალგაზრდებს და ეკითხებოდა, ამათგან ვინ იყო დავით აღმაშენებელიო? ერთ-ერთმა თქვა, მოცურავეო. კომუნისტების დროსაც, მიყრუებულ სოფლებშიც კი ვერ ნახავდით მოსწავლეს, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო აღმაშენებელი.

იკითხავთ, გამოსავალი რაშიაო? უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და მოვითხოვოთ, მთავრობა გადადგეს, აღებული ხელფასი კი უკან დავაბრუნებინოთ. ამის მისაღწევად არ გვინდა რევოლუციები, ღრენა და კბენა, ერთმანეთის დახოცვა - შევქმნათ პარტია და 2024 წელს არჩევნების გზით შევცვალოთ ეს მთავრობა. მეუბნებიან, რომ მოხვალ, შენც ამათნაირად მოიქცევიო. მე რომ ფული მიყვარდეს, 20 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და იმდენი ჰონორარი მაქვს აღებული საბჭოთა კავშირის დროს, ფუფუნებაში ვიცხოვრებდი, მაგრამ რასაც ვიღებდი, ვხარჯავდი, გავცემდი. დღეს ერთოთახიანი "ხრუშჩოვკის" მეტი არაფერი მაქვს. ამის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რადგან ისე ვცხოვრობ, როგორც ჩემი ხალხი და ზედმეტი ფუფუნება არ მხიბლავს.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"