"მერაბიშვილის განცხადებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და თუ ის ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, გამოდის, რომ თავადაც რუსულ საქმეს აკეთებს"
"საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს", - ასეთ მოსაზრებას აფიქსირებს ევროპარლამენტართა უმრავლესობა, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონიც. მათი თქმით, ქართველი ხალხი განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან.
"კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ."
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. "ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზურაბიშვილი.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შესაძლებელია თუ არა, რომ კანდიდატის სტატუსი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გარეშე მოგვცენ? - ამაზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ვფიქრობ, ევროპარლამენტარების განცხადებები იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაზე გაგრძელდება ზეწოლა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ამასთან, ოპოზიციასაც მოუწოდებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ. როდესაც რეკომენდაციების შესრულებაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რეალურად გადადგმული ნაბიჯები და რეალურად გატარებული რეფორმები. როგორც ოპოზიციას, ასევე - ქართველი საზოგადოების 2/3-ს უჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება. როდესაც დასავლელი პოლიტიკოსები ჩვენს ოპოზიციონერ ლიდერებს მოუწოდებენ, ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და რეკომენდაციების კონკრეტულ პუნქტებზე მიუთითებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ, ნათლად წარმოჩნდეს, თუ ვინ და რა უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის საჭირო, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე - დასავლელი პარტნიორებისთვის.
- ამ ყველაფრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული და მხოლოდ ორი საკითხია დარჩენილი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, გადაწყდესო. ამის პარალელურად, დასავლეთის გაცხოველებული დისკრედიტაცია მიმდინარეობს, პარლამენტშიც კი დაარიგეს წიგნები უცნაური შეთქმულების თეორიების შესახებ.
- ოპოზიციის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იმიტომაც არის აუცილებელი, რომ თეთრი წერტილები და შავი ლაქები გამოაშკარავდეს, რეკომენდაციების გათვალისწინებით, უკვე მიღებულ კანონებში. ამასთანავე, ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ პაპუაშვილს აღარ ჰქონდეს არგუმენტი, ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ ოპოზიცია არ მუშაობსო. დასავლელი პარტნიორები პირდაპირ მიანიშნებენ, ეჭვი აღარ გვეპარება, რომ "ქართული ოცნება“ რეკომენდაციების მიხედვით არ აპირებს კანონების მიღებას, მაგრამ ეს ამბავი მოსახლეობამდე უნდა მივიდესო. ამბავი რომ ხალხის ყურამდე მივიდეს, ისევე, როგორც ე.წ აგენტების კანონის ამბავი მივიდა მათ ყურამდე, ამისთვის ოპოზიციამ უნდა იმუშაოს პარლამენტში. ასეთ შემთხვევაში მოხდება ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე - გარედან და "ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ, კანონები ისეთი ფორმით მიიღოს, როგორიც საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ესაა მთავარი, თორემ წიგნებსაც დაარიგებენ "ლუციფერის მხილების“ შესახებ და "ალტ-ინფოც" გამოვა ქუჩაში.
ახლა ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციური პარტიების სწორ სტრატეგიაზე. რამდენად უნდა გვქონდეს იმ ოპოზიციის იმედი, რომელიც დღემდე მუდმივად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა?
- აქ უკვე თქვენი და ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. როდესაც ოპოზიცია შეცდომას უშვებს ან იმას არ აკეთებს, რაც ქვეყანას სჭირდება, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა. ჩემთვის არავის მიუსჯია ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების მიცემა, მაგრამ რომ ვხედავ, ოპოზიცია არასწორად მოქმედებს, იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს. ერთი რამის დაზუსტება მინდა, მეხუთე კოლონა მარტო ხელისუფლებაში კი არა, ოპოზიციაშიც არის. სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, ვინაიდან ამის დამადასტურებელი არგუმენტები არ მაქვს, მაგრამ ის მაინც შემიძლია, რომ შეცდომებზე ვილაპარაკო ხმამაღლა. ახალგაზრდებმა ძალიან კარგად გვაჩვენეს, როგორც უნდა აიძულო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები.
- საზოგადოებაში ეჭვები გააჩინა, გარკვეული აქტორების წინა პლანზე წამოწევამ. მაგალითად, ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრ ისეთ მოქალაქეს გადააფიქრებინა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც უკვე განწყობილნი იყვნენ ოპოზიციის მხარდაჭერისთვის.
- მე და თქვენ ხალხს უნდა ვუთხრათ, რომ მერაბიშვილი ისევ ის კაცია, რაც ადრე იყო. მეც მოვისმინე მისი განცხადებები და პირდაპირ ვიტყვი, მერაბიშვილის განცხადებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და თუ ის ამბობს, რომ ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, გამოდის, რომ თავადაც რუსულ საქმეს აკეთებს. ეს ასეა, მაგრამ ამას თუ მარტო მე კი არა, საზოგადოებაც დაინახავს და მიხვდება, მაშინ მერაბიშვილს მოუწევს განზე გადგომა. დღეს საზოგადოების ამოცანა რეალობის ობიექტურად შეფასებაა. აი, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების დაკვეთა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)