"ქართული ოცნება" აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს"

„ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს - ვის აქვს გარანტია, რომ ფრთებს არ გაშლიან, იმ კასტილიან კაცს არ გამოაგორებენ ან მეგის ქარდავას არ გამოიყვანენ და ხერხემალში არ გადაგვტეხენ? , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა პოლიტიკურ სივრცეში განაცხადა.

ელისაშვილი პარტიებს, რომელთაც აღნიშნულ საკითხზე იგივე პოზიცია აქვთ, თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების“ გაშვება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება 10 ნაბიჯით უკან წასვლა.

„ორი დიდი ეროვნული ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - ერთი ის, რომ როგორღაც მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, მეორე კი ის, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოპოზიციონერ ლიდერთან ცუდი ურთიერთობა მაქვს, მზად ვარ, ჩემი ამბიციები და დამოკიდებულება გადავწიო და ვინც ასევე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ არჩევნების გზით და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვუშვათ (თუ „ქართული ოცნება“ გავუშვით, ეს იქნება ნაბიჯი წინ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იქნება 10 ნაბიჯი უკან) მოვუწოდებ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი არასერიოზულს უწოდებს გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმად, უნდა ჩამოყალიბდეს საბჭო, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს ერთიანი "მესიჯით" გამოვიდნენ, როგორ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.

ალეკო ელისაშვილი ყოფილ მინისტრებთან ვანო მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან თანამშრომლობის სივრცეს ვერ ხედავს.

„არ არის ეს სერიოზული. ბოდიში, მაგრამ ვანო მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან რაზე უნდა ვისაუბრო ან მათ დაკრულზე ვინც ცეკვავს, იმათთან?“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა ქვეყნის ომში ჩათრევასთან დაკავშირებულ ნარატივზე და „ბოდვა“ უწოდა.

ელისაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ტყუილი დაიჯერა და „აჩემებული აქვს, რომ საქართველოს ომში ითრევენ“.

„ომში გვითრევენო, ეს რაღაც ბოდვა აქვთ აჩემებული. მოლა ნასრედინმა ხალხს უთხრა - იქ, უფასო ნესვს არიგებენო. ხალხი რიგში ჩადგა. ცოტა ხანში მივიდა მოლა ნასრედინი, იკითხა, რა ხდებოდა. უთხრეს, ნესვს არიგებენო და თვითონაც რიგში ჩადგა - რა იცი, იქნებ მართლა დაარიგონო. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ტყუილი დაიჯერა - არიქა, მთელი მსოფლიო თურმე ჩვენ დაგვდევს, რომ ომი დავიწყოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთხელ კბილი მოგისინჯეს, შემდეგ დაგანებეს თავი. ჩვენზე კარგად იციან, რისი შესაძლებლობები აქვს ჩვენს თავდაცვის ძალებს და რისი - არა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ომში ჩათრევის თაობაზე „ქართული ოცნების“ რიტორიკა გაცვდა.

„ერთი წელია გვეჩიჩინებიან, ომში გვითრევენო. ხომ ვხედავთ, რომ არავინ გვითრევს, ვის რაში სჭირდება ვინმეს ჩათრევა. უკრაინა ცოტა ხანში ხერხემალში გადაამტვრევს, 11 თვეა ამხელა რუსეთს კასპის ხელა ქალაქი, ბახმუტი ვერ აუღია. ვინ გითრევს, რაში სჭირდება? ესეც გაცვდა. ყველას უკვე გული ერევა. მასონები და ფრანკლინის კლუბიო - პრემიერი საერთოდ სად ცხოვრობს? რისი სჯერა, რაზე ფიქრობს იმის მაგივრად, რომ ხალხზე და ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს. დარდი არ აქვს ამ ქვეყანაში ხალხს? ჯიპში რომ ჩაჯდები და დაბურულ მინებს ასწევ, იქიდან საქართველო აღარ ჩანს. მეტროთი და ავტობუსით ეგენი არ დადიან, ბაზარში და სუპერმარკეტში თავისი ფეხით არ შესულან“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"