"გამწარებული დედის კივილი თავიდან არ ამომდის. ბავშვი რომ ნახეს, დედა შეეხო და მაშინვე თქვა, ცოცხალი არ არისო" - კვირის პალიტრა

"გამწარებული დედის კივილი თავიდან არ ამომდის. ბავშვი რომ ნახეს, დედა შეეხო და მაშინვე თქვა, ცოცხალი არ არისო"

შემზარავი ტრაგედია დიდ დიღომში წუხელ მოხდა. 12 წლის გოგონას პეტრიწის ქუჩაზე ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს, 23:00 საათიდან ეძებდნენ. მთელი უბანი ფეხზე იდგა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები. ექიმები შეეცადნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ, სამწუხაროდ, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ერთი ვერსიით, ბავშვი მოგუდულია.

თავად სამართალდამცველები რა ვერსიებზე მუშაობენ, ჯერჯერობით უცნობია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე იყვნენ კრიმინალისტები და ძალოვნები.

შოკირებულები არიან გოგონას მეზობლები, რომლებიც იქვე ცხოვრობენ. მომხდარზე საუბარი ყველას უჭირს. ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დღისით, გოგონა მეზობლებმა სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან კი გარდაცვლილი იპოვეს.

ანი 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

"სიტყვები არ მყოფნის ამ ემოციის გადმოსაცემად, საშინელი ამბავი მოხდა, ვინ გაიმეტა ეს ანგელოზი ბავშვი, არ ვიცი. რა უნდა ვთქვათ? როგორ ვერავინ ნახა, რომ დახმარებოდნენ? რად უნდა გასამართლება ამის ჩამდენს? ის არ უნდა აცოცხლო.

თავიდან არ ამომდის გამწარებული დედის კივილი. ბავშვი რომ ნახეს, დედა შეეხო და მაშინვე თქვა, ცოცხალი არ არისო. დედის გულს რას გამოაპარებ? სხეული თბილი იყო ჯერ... ყველა ვტიროდით, კიოდნენ, საშინელება ხდებოდა. ვერაფერს ვშველოდით. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს.

სასწრაფოდ უნდა დააკავონ დამნაშავე და კანონი უნდა გაამკაცრონ, რომ ასეთები ვერასდროს გამოვიდნენ ქუჩაში. როგორ უნდა აცოცხლო ამის ჩამდენი?

ანის ეზოში ხშირად ვხედავდი, თამაშობდა, საყვარელი ბავშვი იყო. ბავშვები ვერ უნდა გავუშვათ გარეთ? უპატრონო ქვეყანაა, დაუცველია დიდი და პატარა. იქ ვიდექი, სასწრაფოს ექიმმა რომ თქვა, ყელზე აქვს კვალიო...

ბავშვს თვალის არეში და ყელზე აქვს დაზიანებები, ხელებზე ნაკაწრებიც.

იმედია, მალე დააკავებენ დამნაშავეს “, - ამბობს თვითმხილველი.

ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი, ეკა გვიამბობს:

- დიდი დიღმის ჯგუფში რომ დაიწერა, ბავშვს ეძებდნენ, 12 საათი იყო დაწყებული, მეც ჩავერთე და მეც ვეძებდი. საკმაო რაოდენობის ხალხი შეიკრიბა. პირველი და მეორე კი არა, დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრო რაიონებიდანაც დაიძრა ხალხი, მოდიოდნენ და ყველგან ვეძებდით. ჯგუფში იწერებოდნენ და ასე ვნაწილდებიდით ქუჩების მიხედვით, ფეხით მოსიარულეები ცალკე, მანქანებით - ცალკე.

მცირეწლოვანი ბავშვები მყავს და მერე სახლში ავედი, რომ ისინი დამეძინებინა. იმ კორპუსში ვცხოვრობ, რომლის მიმდებარედაც იპოვეს ანი. ფაქტობრივად, ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯრების ქვეშ. უცებ ვიღაც ბიჭმა დაიძახა, მგონი ვიპოვეო. დაახლოებით 10 წუთის მერე სასწრაფოც მოვიდა, მანამდე პოლიციის ეკიპაჟი მოვიდა, იმ ადგილას აღარავის უშვებდნენ. მარტო იმ ბიჭმა ნახა, ვინც პირველად მივიდა და მხოლოდ მას შეუძლია ზუსტი დეტალების და სიმართლის თქმა. პოლიცია და სასწრაფო იყო.

პოვნისას ბავშვი თბილი იყო და 40 წუთი გაუჩერებლად უკეთებდნენ გულის ვარჯიშებს. ოფლად დაიღვარნენ ექიმები. ამ 40 წუთის განმავლობაში ისეთი სამარისებული სიჩუმე იყო... ასეთი სიჩუმე ამდენ ხალხში არ მინახავს. მოლოდინი იყო იმის, რომ ცოცხალი იქნებოდა, ამბობდნენ კიდეც, ცოცხალიაო, იცით, ამას რომ შეესწრები, პირველი საზრუნავი მაინც ისაა და იმაზე ფიქრობ, რომ ცოცხალი იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა. არადა, ეს ლამაზი გოგონა 10 საათზე ჩემმა მეგობარმა ნახა, საქანელაზე ქანაობდა, ჩემს მეგობარს ძაღლი ჰყავდა ჩაყვანილი ეზოში და ამ ძაღლს მოეფერა. მერე წავიდა იმ გზით, სადაც ნაპოვნია. ის გზა უნდა გაევლო სახლში რომ მისულიყო. საშიში ადგილი არ არის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ გავლა მთლად სასიამოვნოა. ზოგადად იმ ადგილას ხშირად იკრიბებიან სკოლის ბავშვები.

მე ვთვლი, რომ დიდი დიღმის პოლიციას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ სკოლას როცა აცდენენ ბავშვები, ხშირად სხდებიან ჯგროდ მოსაწევად. გვერდით რაგბის სტადიონია, კამერები იქ ახლოს არ არის, მაგრამ რომც ყოფილიყო, იმ ადგილას რამდენად გაარჩევდნენ, არ ვიცი, ცოტა დაბურული ადგილია. სამწუხაროდ, ბავშვის ხმა არავის გაუგია, არადა, იმ ტერიტორიაზე ხალხი მოძრაობს. დიდი დიღომი ზოგადად ხალხმრავალი ადგილია. მაგალითად, ცურვაზე დამყავს ჩემი შვილი და გუშინ 9 საათზე ის ადგილი ამოვიარე. დედაჩემი ამ გზით ბრუნდება სახლში და მანაც გამოიარა, მაგრამ არაფერი შეუნიშნავს... წინ მშენებარე კორპუსია, მარჯვნივ - რაგბის სტადიონი და იქ გადის გზა, სადაც სულ ხალხი მოძრაობს.

სამართალდამცველები იმ ტერიტორიაზე დიდხანს მუშაობდნენ. ნამდვილად არ ვიცი, რა კვალს ადგანან, ოფიციალური მონაცემით განზრახ მკვლელობით აღიძრა საქმე, ყელზე აქვს დაზიანებაო, იქვე უნახავთ ღებინების კვალი... თუ გუდავდნენ, შესაძლოა ბავშვს გული არეოდა.

არ ვიცი, რა ვთქვა. საშინელებაა მომხდარი... ველოდებით გამოძიებას".

ანის პედაგოგი:

- არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, შოკირებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ანი ჩემი მოსწავლე იყო, გამხდარი, სიფრიფანა და საყვარელი გოგონა. ინგლისურში ვამეცადინებდი. ჩემთან სახლში დადიოდა, გუშინ, 6 საათზე, ჩემთან უნდა მოსულიყო გაკვეთილზე, მაგრამ არ მოვიდა, მანამდეც რამდენჯერმე გამიცდინა გაკვეთილი და დედამისს ვუთხარი, როცა არ მოვა, წინასწარ მაცნობე-მეთქი.

გუშინ აღარ დამირეკავს, ვიფიქრე, დაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. კვირაში ორჯერ მოდიოდა და ზოგჯერ ერეოდა დღეები. რომ არ მოვიდა, 19:20-ზე ჩემი შვილი ეზოში ჩავიყვანე სასეირნოდ და ვიფიქრე, ანიც შემხვდება ქუჩაში და ვკითხავ, რატომ არ მოვიდა-მეთქი. ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, მერვე კორპუსში. ხშირად, ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს.

ანის მამა ლიეტუველი ჰყავს, დედა - ქართველია. ნახევრად ლიეტუველი რომ არის, უცხო გარეგნობა ჰქონდა. ძალიან ნაზი, ფერია გოგონა იყო. გაკვეთილიდან სახლში რომ მიდიოდა, რამდენჯერმე გავაფრთხილე, სადარბაზოში უცხოებს არ შეჰყვე-მეთქი, რატომღაც სულ ვაფრთხილებდი და როცა სახლიდან ვუშვებდი, სანამ ლიფტში არ შევიდოდა და ეზოში არ გავიდოდა, სულ ვუყურებდი ხოლმე. უცხო გარეგნობის იყო და ვფიქრობდი, ამ ბავშვს ვინმემ თვალი არ დაადგას-მეთქი.

სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემო არ არის და ადამიანს ყველაფრის გეშინია.

25 იანვარს 12 წლის გახდა, საოცარი დაბადების დღე გადაუხადა დედამისმა. ისეთი ლამაზი იყო ანი... წარმოუდგენელია, მასზე "იყო" როგორ უნდა ვთქვა, წარსულში როგორ მოვიხსენიო.

- ანი ეზოში არ შეგხვედრიათ?

- ეზოში მამამისი შემხვდა, მაგრამ არ დავუნახივარ და ამიტომ ვერ შევძელი მასთან გასაუბრება. სპორტსმენი კაცია, სპორტ-კლუბი ჰქონდა ლიეტუვაშიც და აქაც სულ ვარჯიშობს. გუშინ ბენიამინი არ გამიჩერებია, დარბოდა და როგორც აღვნიშნე, ვიფიქრე, ანის გადაავიწყდა გაკვეთილი რომ ჰქონდა-მეთქი. მამას ის სულ ჩამოჰყავდა ეზოში, თვითონ ვარჯიშობდა, ანი კი ძაღლს ასეირნებდა-ხოლმე. 8 საათი ხდებოდა სახლში რომ ამოვედი, ბავშვი დავაძინე, ტელეფონი არ მქონდა საძინებელ ოთახში და გვიან რომ შევედი სოციალურ ქსელში, ანის სურათი ვნახე და ასე გავიგე, რომ ბავშვს ეძებდნენ. დედამისს მივწერე, რა ხდება-მეთქი, მაშინ ბავშვი ნაპოვნი არ იყო, მერე ეს შემზარავი ამბავი გავრცელდა.

დედამისმა მომწერა - ანი მომიკლესო... როცა ველაპარაკე, ექსპერტიზაზე ჰყავდათ გადაყვანილი. დედამისს ჯერ არ შევხვედრივარ, პატარა მყავს და წუხელ გადასვლა ვერ მოვახერხე. ძალიან მიჭირს მასთან შეხვედრა. შოკირებული ვარ, წარმოუდგენელი ამბავია, მთელი ღამე გავათენე.

დაზიანებები აქვსო, ამბობენ, ნაკაწრები, არის ვარაუდი, რომ მოგუდეს. ყველაფერი ექსპერტიზით გაირკვევა, არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. ბავშვის სახლიც იქვე არის, უბანშია ნაპოვნი, მერვე კორპუსში ცხოვრობენ, გზაზეა მათი კორპუსი, გზის მეორე მხარეს არის სკვერი, სკოლაც არის, რაგბის სტადიონი, სახლს აშენებენ და იქვე ბილიკებია. ეს ბავშვი ცეკვაზეც დადიოდა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, შეიძლება ვინმეს ჰყავდა დანახული და ჩაუსაფრდა. ის გზა ცეკვის გზაც იყო. ლიეტუვურსაც სწავლობდა, რუსული კარგად იცოდა...

ეზოში იქვეა პატარა ტერიტორია, გამოუყენებელი, რომელიც შემოსაზღვრულია და იქ იპოვეს. ველოდებით, რას დაადგენს გამოძიება.

- რომელ სკოლაში დადიოდა?

- 186-ე სკოლის მოსწავლეა, პანდემიის დროს, ერთი წელი ლიეტუვაში იყო ოჯახი, მაგრამ დედამისს უნდოდა, შვილები საქართველოში გაზრდილიყვნენ და დაბრუნდნენ. დედას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და დებს საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. საქართველო უყვარდათ...

მამამისი როცა ვარჯიშობდა, როგორც ჩანს, მაშინ მშვიდობა იყო სახლში, ამის მერე დაიკარგა ბავშვი. როგორც გავიგე, გუშინ ეზოში დეიდაშვილთან ერთად ყოფილა, გასასეირნებლად წასულან, დეიდაშვილთან უკამათია, ხშირად კამათობდნენ ბავშვურად, რატომ ჩხუბობდნენ, არ ვიცი. დედას ეგონა, თავის დისშვილთან ერთად იყო, მაგრამ დეიდაშვილი სახლში ასულა, საჭმელი უჭამია, დაუბანია.

მერე დედამ ანი მოიკითხა და მის დისშვილთან ერთად რომ არ აღმოჩნდა, ძებნა დაუწყეს, 11 საათიდან. მთელი უბანი ეძებდა, პოლიცია, ოჯახის წევრები და ასეთი საშინელი ამბავი გავიგეთ.

ახლა ვათვალიერებდი მის ფოტოებს, ზაფხულში დედამისმა ბათუმში წაიყვანა, ზღვაზე და გურიაში გამომიარეს, ბევრი ფოტო გადავიღეთ, უსაყვარლესი გოგონა იყო, დედამისთან ვმეგობრობ, ჩემი შვილის ნათლიაა და ანი ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან განვიცდი.

გუშინ მეზობელს უნახავს, კარგი ამინდი რომ იყო, თურმე, თხლად ეცვა და უკითხავს, არ გცივაო? სულ ვიღაცის თანდასწრებით დადიოდა და ვერ წარმოვიდგინე, რომ მარტო იქნებოდა.

მოკლედ, ველოდებით გამოძიებას. ალბათ, ექსპერტიზა იტყვის ზუსტ პასუხს, წარმოუდგენელია, უბანში ბავშვის გაშვების როგორ უნდა შეგეშინდეს ადამიანს?

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ვნახოთ, რას იტყვიან სამართალდამცველები, იმედია, დამნაშავეს მალე დააკავებენ და ამ უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გაირკვევა.

(სპეციალურად საიტისთვის)