"ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაც აეკიდა, ალბათ, დიდი ადამიანი" - რას ჰყვებიან დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები
დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან აცხადებს, გოგონა ბოლოს საქანელაზე ნახეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, „ვიღაც აეკიდა“. მისივე განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ გოგონა ჯერ სხვა ადგილზე წაიყვანეს, იქ კი, სადაც შემდეგ იპოვეს, უკვე უგონო მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს.
„მეეზოვეებმა თქვეს, რომ სკოლიდან რომ გამოსულა, საქანელაზე ქანაობდა. შემდეგ ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაც აეკიდა, ალბათ, დიდი ადამიანი. შემდეგ მთელი დღე დაკარგული იყო. ერთმა მეეზოვემ თქვა, რომ, როგორც ჩანს, წაყვანილი ჰყავდათ სადღაც, შემდეგ კი ასეთ მდგომარეობაში დააგდეს კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც იპოვეს“, - აცხადებს ადგილობრივი.
გარდაცვლილი მოზარდის ბაბუის განცხადებით კი, სანამ გოგონა დაიკარგებოდა, ნათესავთან ერთად ქუჩაში სასეირნოდ გავიდა.
„გამოვიდა გუშინ საღამოს, ნათესავთან ერთად, ისეირნეს. მოწამვლა ხომ არ იყო?! - ღებინების კვალი უნახავთ, თუმცა, ჩვენ სხვანაირად გვეუბნებიან, გვაგიჟებენ, რომ ბავშვს ვიღაცამ რაღაც...“, - აცხადებს მოზარდის ბაბუა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
IPN