"კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს" - კვირის პალიტრა

"კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს"

მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების მიმართ. შენ უნდა იყო, შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესების გამტარებელი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას მიჰყვება და რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო ამ ყველაფერში ოპოზიცია არ მონაწილეობს.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, სუვერენიტეტი. როდესაც მოწოდებებია სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე, თქვენ მოიძიეთ, ამასთან დაკავშირებებით უამრავი განცხადებებია. დღესაც ეს მოწოდებები გრძელდება, შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ ამ განცხადებებს ვინ აკეთებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაცია გვინდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, იდენტობა და სუვერენიტეტი. შეიძლება თქვენ გაქვთ სურვილი ცალ ფეხზე იდგეთ, ეს თქვენი ნებაა, თქვენ შეგიძლიათ ასე იმოქმედოთ, მაგრამ მე და დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ამაყად ევროპაში გვინდა ვიაროთ. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ალტერნატივა არ აქვს.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუს, თქვენ იცით, რომ 12 პუნქტიანი გეგმაა წარმოდგენილი, თუმცა პარალელურად გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონე, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია და ამაზრზენია. ადამიანს შეუძლია იკვებოს და მას არანაირი პრობლემა არ ექნება. ჩვენ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებას მივყვებით, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და დიდი ნაწილი შესრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ამ ყველაფერში არ მონაწილეობს, თავიდანვე ამის ილუზია არც მქონდა, რომ ისინი ამ ყველაფერში ჩაერთვებოდნენ, ეს არის ჩვენი გასაკეთებელი და ამ ყველაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ქვეყანას აქამდე ეს სტატუსი უნდა მიეღო. იმ ქვეყნებს შორის, ვინც რეალურად იმსახურებდა გაკეთებული საქმეებით და გადადგმული ნაბიჯებით კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველო იყო“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „მონობა არავის მიმართ არ ვარგა, არც რუსების, არც ევროპელების და არც ამერიკელების მიმართ“.

„შენ უნდა იყო, შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესების გამტარებელი. შენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაატარო. ვიღაცა შეიძლება ამაყობს იმით, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტია, ამაზე საუბარი იყო, გამოდიოდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, შეიძლება საამაყო იყოსო, რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა. ჩემთვის ეს მიუღებელია, მე უნდა ვიყო ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის აგენტი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესები უნდა გავატარო. ამიტომ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ გვეუბნებიან ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია იცოდეს რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულებები. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში მაქვს გატარებული, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცი, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. როდესაც შენ ( მაგალითისთვის მომყავს) გეუბნებიან სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, - კი ბატონო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, რომ სტატუსი არ მომეცი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას. საჭიროა ეს 12 პუნქტი, მოვდივარ, მოგყვები და ვაკეთებ, მაგრამ ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოდიან და ამ სტატუსს საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლებისთვის იყენებენ. ეს ნორმალურია? მგონია, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ ამაყებმა, თავაწეულებმა, ვისაც აქვს იმის სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და გააგრძელოს დამოკიდებულება და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია.

და რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში?! რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიაროთ. ჩვენ არა ცალ ფეხზე, არა მონებად, არამედ თავაწეულებმა ჩვენი ღირსებით უნდა ვიაროთ, ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია და უამრავი წარმატებული ადამიანია საქართველოდან, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება“, - განაცხადა კალაძემ.