"პუტინის თავშეკავება, აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთებასთან დაკავშირებით ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა აქ მთავარი მიზეზი არც დასავლეთი ყოფილა და არც ჩინეთი" - კვირის პალიტრა

"პუტინის თავშეკავება, აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთებასთან დაკავშირებით ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა აქ მთავარი მიზეზი არც დასავლეთი ყოფილა და არც ჩინეთი"

16 მარტს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა. ისინი ერთმანეთს თებერვლის ბოლოს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მაშინ ალან გაგლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა და შეხვედრა გადაიდო. ეს არის გაგლოევის პირველი შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან. მან დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობა გასული წლის მაისში, ანატოლი ბიბილოვის დამარცხების შემდეგ დაიკავა. პუტინი მაშინ მხოლოდ მილოცვით შემოიფარგლა. თითქმის 10 თვის განმავლობაში ის გაგლოევს არ ხვდებოდა. ამჯერად პუტინი გაგლოევს შეჰპირდა, რომ რუსეთი გააგრძელებს "სამხრეთ ოსეთის" ყველა შესაძლო მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. თავის მხრივ, გაგლოევმა რუსეთს "სამხრეთ ოსეთის" მთავარი მოკავშირე უწოდა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაა. გაგლოევის თქმით, ოსი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთის ხელმძღვანელობის, გადარჩენისა და დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. რა შეიძლება ყოფილიყო ამ შეხვედრის რეალური მიზეზი და მიზანი, როგორ შეიძლება განვითარდეს ცხინვალისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმების ურთიერთობა რუსეთთან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? - ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- რამდენადაც ჩემთვის რიგი წყაროებიდან არის ცნობილი, პუტინისა და ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის - გაგლოევის შეხვედრაზე სერიოზულად განიხილებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი. ეს საკითხი იყო ამგვარი - ან უნდა მომხდარიყო მათი რუსეთთან შეერთება ( სხვათა შორის, ამ იდეას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა აფხაზეთშიც და რუსეთშიც), ან სამოკავშირეო ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო. თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო იყო ბელარუსის თანხმობა იმისთვის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ისეთი მოლოდინი იყო შექმნილი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინი თავის გამოსვლაში გაახმოვანებდა. როგორც ვნახეთ, ეს ასე არ მოხდა. პუტინმა მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთი გააძლიერებს საკუთარ საზღვრებთან არსებულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას. შეგახსენებთ, რომ პუტინს ადრეც ჰქონდა მსგავსი შეხვედრები დაგეგმილი. პირველი შეხვედრა დაგეგმილი იყო ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მეორე - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან. ამის მერე, ლუკაშენკო და ბჟანია უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ბოლოს კი პუტინი უნდა შეხვედროდა გაგლოევს. ყველა შეხვედრა შედგა, მხოლოდ გაგლოევის შეხვედრა გადაიდო. ამის მიზეზი ის იყო, რომ კრემლში აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო.

- რა მიზეზით?

- პუტინის თავშეკავება აფხაზეთისა და ცხინვალის მიერთებასთან დაკავშირებით ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, თუმცა აქ მთავარი მიზეზი არც დასავლეთი ყოფილა და არც ჩინეთი. მთავარი იყო ის წინააღმდეგობები, რაც თავად რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში იყო და ასევე - აფხაზეთის მოსახლეობის პოზიცია. რაც შეეხება სამოკავშირეო ხელშეკრულებას, ამაზე აფხაზები უარს არ ამბობენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ლუკაშენკოა წინააღმდეგი. მას არ უნდა ამ ორი სუბიექტის დამოუკიდებლობის აღიარება იმიტომ, რომ შეიძლება ხვალ მასაც შეექმნას მსგავსი პრობლემა, თავის ტერიტორიაზე, თუ მოსკოვი მიდგომებს შეცვლის.

- თუმცა ჩვენ გვახსოვს ბჟანიასა და ლუკაშენკოს მეგობრული შეხვედრა.

- ეს იყო სრულიად ფორმალური და არაფრისმთქმელი შეხვედრა, რომელიც კეთილგანწყობის დემონსტრირებით შემოიფარგლა. როგორც ბელარუსი ექსპერტები ამბობენ, ლუკაშენკოსთვის შეურაცხმყოფელია ბელარუსისა და ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ რანგში ხსენება. ამიტომ არ უნდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით შემოვიდნენ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ლუკაშენკო ამბობს, მე რომც ვაღიარო აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, მათ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში დაბალი რანგის სტატუსი უნდა ჰქონდეთო. ასე რომ, როგორც ჩანს, სეპარატისტული რეგიონების თემა ბოლომდე არ იყო დამუშავებული და ამიტომ მოიხსნა დღის წესრიგიდან. ახლა ისევ განიხილება ეს საკითხი, მაგრამ ჯერ არავინ იცის, როგორ გადაწყდება.

- ალბათ ამ საკითხის გადაწყვეტა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე.

- რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ სწორედ ამ ომზეა დამოკიდებული რუსეთის ხვალინდელი დღე. სხვათა შორის, მოსკოვში, აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან შეერთების მოწინააღმდეგეთა ბანაკში სწორედ ეს მიდგომა იყო - „ჯერ მოვიგოთ უკრაინასთან ომი და მერე ისედაც ორივე ჩვენი არ იქნება?!“ ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრამდე ამ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან პოპულარულია ერთი ჯგუფის მიერ წამოყენებული წინადადება - მაინც დისკრედიტირებულები ვართ და ბარემ პოსტსაბჭოთა სივრცე საჩვენოდ მოვასუფთაოთო და დასახელებული იყო სამი სახელმწიფო - საქართველო, მოლდოვა და ყაზახეთი.

- რადგან მაინც ყველა გზა რუსეთ-უკრაინის ფრონტისკენ მიდის, ბარემ ისიც გვითხარით, როგორია ამ ომის სურათი დღეს?

- ძალიან სერიოზული უკმაყოფილებაა რუსულ პოლიტიკურ და საფინანსო ე.წ. ელიტაში და ეს განპირობებულია იმით, რომ ვერაფრით მოხერხდა ბახმუტის აღება. რუსეთმა ამ ერთ პატარა ქალაქთან იმხელა რესურსი დახარჯა, რომ უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საგაზაფხულო შეტევა უკრაინაზე. სხვათა შორის, ბახმუტთან უკრაინამაც ძალიან სერიოზული რესურსი დახარჯა, მაგრამ სამჯერ და ოთხჯერ მეტი გაწვრთნილი, ცოცხალი ძალა დახარჯა რუსეთმა. განსაკუთრებით ეს შეეხება "ვაგნერის" კერძო არმიას. ორივე მხარის დანაკარგებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საგაზაფხულო შეტევა, როგორც უკრაინის, ასევე - რუსეთის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ბახმუტი ერთგვარ ხორცსაკეპ მანქანად იქცა და ეს ქალაქი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. აქ გამარჯვებულ მხარეს გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება. ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ კი შეიძლება, სტიმული მისცეს სერიოზულ შეტევას. ამის ანალოგიები ისტორიას ახსოვს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე