ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა - კვირის პალიტრა

ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა

ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.

“წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს”, - წერია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"