"ამბობენ, ძალადობის კვალი არ ეტყობაო. არადა დილით ითქვა, სასწრაფოს ექიმი ამბობდა, ყელთან აქვს ბავშვს დაზიანებაო" - რა ვერსიები ვრცელდება 12 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?
ამ დრომდე საზოგადოება ელოდება მთავარ კითხვაზე პასუხს, თუ რას შეეწირა თბილისის 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლის, 12 წლის ანი იანუშაიტიტეს სიცოცხლე. ცნობილია, რომ გოგონას გუშინ საღამოს 11 საათიდან პეტრიწის ქუჩაზე ოჯახი, სამართალდამცავები და ადგილობრივები ეძებდნენ. მთელი უბანი ფეხზე იდგა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა თურმე ჯერ კიდევ თბილი იყო, როცა ის აღმოაჩინეს. ექიმები შეეცადნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, 40 წუთის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვა უტარდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. თავდაპირველად ითქვა, რომ მოზარდს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები და რომ ის მოგუდული იყო. შოკირებულები მეზობლები ამბობდნენ, რომ ტრაგედიამდე დღისით, გოგონა სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან კი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ კრიმინალისტები და ძალოვნები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვის გაუჩინარებამდე არც ყვირილის და არც ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. იმ ადგილას, სადაც გოგონა იპოვეს, გარე განათება არ არის. ირგვლივ ხეები და ბუჩქებია. მართალია, იმ ტერიტორიაზე არც კამერებია დამონტაჟებული, მაგრამ მიმდებარედ არის რამდენიმე სათვალთვალო კამერა და სავარაუდოდ, ამ კამერების ჩანაწერებით იმ მხარეს გზა გამოჩნდებოდა და ეს გამოძიებას დაეხმარება სიმართლის გარკვევაში.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ 12 წლის მოზარდის გვამის გამოკვლევა დასრულებულია , თუმცა სიკვდილის მიზეზი კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება.
"ამჟამად აღებულია შესაბამისი ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შედეგად უკვე მთლიანად შეჯამდება არსებული სურათი და გაიცემა დასკვნა. როგორც კი ყველა კვლევა დასრულდება და სიკვდილის მიზეზი დადგინდება, ეცნობება დამნიშნავეს, ამ შემთხვევაში, ეს არის გამოძიება”, - აცხადებს ექსპერტიზის ბიურო.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, მაგრამ დიდი ალბათობით, მალე საქმის კვალიფიკაცია შეიცვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ვერსია ცხედრის დათვალიერების შემდეგ გამოირიცხა. რა ვერსიებზე მუშაობენ სამართალდამცავები ეს ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, ძალოვნები განცხადებას ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გააკეთებენ.
არსებული ინფორმაციით, გოგონა გაუპატიურებული არ არის. მართალია, გამოითქვა ვერსია კვალიფიკაციის შეცვლაზე, თუმცა თავად გოგონას ოჯახის წევრები ამ დრომდე დარწმუნებულები არიან, რომ გოგონა ვიღაცამ გაგუდა.
"ვიყავი სამძიმარზე, საშინლად მძიმე დღე იყო. დედა მოთქვამს ჩემი შვილი გაგუდეს, რომ ვნახე პირი მიწით ჰქონდა სავსეო. საშინელ დღეშია და რა უნდა კითხო განადგურებულ დედას, არ ვიცი რა ვთქვა. მთელი დღეა ადგილს ვერ ვპოულობ, არადა უკვე საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია განიხილება. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ ბავშვი გაუპატიურებული არ არის. იყო ვერსია, რომ ვიღაცამ ბავშვის გაუპატიურება სცადა და ამ დროს მოგუდა. მაგრამ ამბობენ, ძალადობის კვალი არ ეტყობაო. არადა დილით ითქვა, სასწრაფოს ექიმი ამბობდა, ყელთან აქვს ბავშვს დაზიანებაო. კიდევ ერთმა ახლობელმა ისიც მითხრა, "დოშირაკის" სუპს რომ ამზადებენ, ის ფხვნილი მშრალად უჭამია, იმაზე დაუყოლებია ერთ-ერთი ენერგეტიკული სასმელი, ამან, სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია გამოიწვიაო. არის ვარაუდი, რომ გზაზე მიმავალი ცუდად გახდა, დააწყებინა ღებინება და მარტო მყოფმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა ინტოქსიკაციით.კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, რამე ნივთიერება ჰქონდა მიღებული და ამან გამოიწვიაო.
ეს ყველაფერი ვარაუდებია. სიმართლე არავინ იცის, სიმართლე გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ისე, ზუსტად ის ადგილი უნდა გაევლო ბავშვს, სახლამდე რომ მისულიყო. დაარტყამდა წრეს და მივიდოდა სახლში. მოკლული არ არისო ამბობენ და არ ვიცი. ახლა ტყუილ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, სიმართლის გარკვევა ჭირს. ყველაზე მთავარია, რა გაირკვევა გამოძიებით. ყველაფერი ისე დეტალურად უნდა აიხსნას, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რადგან, რაც ითქვა ის ვერსიები, ეჭვს იწვევს. სიმართლე არ ვიცით, ვიცით, მხოლოდ ის, რომ ეს ულამაზესი გოგო ცოცხალი აღარ არის. ოჯახი განადგურებულია და მათ სჯერათ, რომ შვილი მოუკლეს. მხოლოდ მკვლელობის ვერსიას განიხილავენ, მითუმეტეს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, უთქვამთ ასფიქსია იყოო. ამაზეც გამოითქვა ასეთი ვარაუდი, კვებითი ასფიქსიით გარდაიცვალაო. ანუ ბავშვი რაღაცას ჭამდა, გადასცდა და გაიგუდა. არ ვიცი რა ვთქვა, კითხვებს არ უნდა ტოვებდეს ის ვერსია, რაზეც ილაპარაკებს გამოძიება. მინდოდა, დღეს მის დეიდაშვილს გავსაუბრებოდი, რადგან ისინი გუშინ ერთად იყვნენ. ალბათ დეიდაშვილმა უფრო მეტი იცის, ბავშვები ერთად იყვნენ. მე პირადად დღეს ის დეიდაშვილი იქ არ მინახავს, შეიძლება დაკითხვაზე იყო. მთავარია ოჯახმა და მთელმა საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა მოხდა, რას შეეწირა ეს ანგელოზი ბავშვი. პატარა სიფრიფანა უსაყვარლესი გოგო“, - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
დიდი დიღმის მაცხოვრები მოითხოვენ, მომხდარი დროულად გამოიძიონ და ამდენი კითხვა არ იყოს საზოგადოებაში. თუ ვინმე დამნაშავეა მომხდარში, ის უმკაცრესად დაისაჯოს. დღეს განხილვის თემაა, მართლა აღენიშნებოდა თუ არა ძალადობის კვალი არასრულწლოვანს და ამაზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიებია. იქ მყოფები ამბობენ, სასწრაფოს ექიმმა თქვა, ბავშვს ეტყობა დაზიანება ყელის არეშიო, დღეს ამბობენ, ექსპერტებს უთქვამთ, ბავშვს მხოლოდ ნაკაწრი ჰქონდა და ეს ვერ ჩაითვლება ძალადობადო. გოგონას ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ანი მოკლულია.
"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას, ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს. მოკლულია, აბა, ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართებოდა. ავადმყოფი არ იყო“,- ამბობს ოჯახის ახლობელი
ბავშვის დედის ბიძა, მანუჩარ დვალი ბავშის გაგუდვის ვერსიას განიხილავს:
"საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია, ვიღაცამ იძალადა. რა ვთქვა, რა დასკვნა უნდა გამოვიტანო. ძალადობა და გაუპატიურება არ არისო, მაგრამ ვერ გავიგეთ. კრიმინალისტები იტყვიან, რა არის და როგორ არის. იმ ტერიტორიაზე ბავშვები სულ ტრიალებენ. ზოგი სეირნობს, ზოგი ეწევა. ანა და მისი დეიდაშვილი იყვნენ ერთად. დაახლოებით 9 საათისთვის ამოვიდა სახლში, ანას უთქვამს, მე ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და ამოვალო, "ჩიფსებს“ ჭამდა თუ რაღაცას... ერთ სართულზე ცხოვრობენ ჩემი დის შვილები. ანას დედას ეგონა, რომ ბავშვი დეიდასთან იყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ანა სახლში არ ასულა და მაშინვე დაიწყეს ძებნა. ასფიქსია არისო, არ ვიცი რა ვთქვა, ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება.
(სპეციალურად საიტისთვის)