პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროცესის მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საჯარო სივრცეში, მოქალაქეების თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ცენტრის ბენეფიციარს, რითაც შეილახა დაზარალებულის პირადი ღირსება, ასევე დაირღვა მისი და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

„აღსანიშნავია, რომ საქმის სასამართლო განხილვისას ბრალდებულს საქართველოს პროკურატურამ არაერთხელ შესთავაზა პირობით მსჯავრზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება დადასტურებული იყო ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის ფაქტი ასახული იყო ვიდეოჩანაწერზე. დაზარალებული თანახმა იყო ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათების, თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე და საქმის არსებითი განხილვა მოითხოვა.

პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.