„სხვა ყველაფერი წყალს წაუღია, თუ საქართველო აღარ იქნება!“ - მწერალი, რომელსაც ქართველი მკითხველი არასდროს ივიწყებს
გრიგოლ აბაშიძე მისი ისტორიული რომანებით მე-20 საუკუნის ქართული მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ნაწარმოებები, რომლებიც ისტორიას ეფუძნება და ამავდროულად, მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. გრიგოლ აბაშიძეს განსაკუთრებული როლი მიუძღვის ისტორიული რომანის განვითარებაში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან სამი ისტორიული რომანი დღემდე ძალიან პოპულარულია. ესენია: „ლაშარელა“, „დიდი ღამე“, „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.
ფართო საზოგადოებისთვის ისტორიული რომანის დატვირთვა ძალიან დიდია. ის კარგი საშუალებაა, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ისტორია. ისტორიული რომანები უყვართ ახალგაზრდებს, რომლებსაც ისტორიული მოვლენები აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არის გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანები დღემდე აქტუალური და პოპულარული. მწერალი მათი წერისას ეყრდნობოდა ქართველ მემატიანეთა ნაშრომებს, მათ შორის, ჟამთააღმწერელსა და ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანეს. ის მიჰყვება მემატიანეების ისტორიებს, თუმცა ამავდროულად ფართოდ შლის ფანტაზიას ისტორიული მოვლენების გარშემო. ნაწილობრივ მისი დამსახურებაა, რომ ლაშა-გიორგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიზებული მეფეა.
აღსანიშნავია, რომ გრიგოლ აბაშიძე სამივე რომანში იცავს ზღვარს ისტორიასა და ფანტაზიას შორის. მისი რომანები არც ისტორიის მოსაწყენი ფურცლებია და არც სრული ფანტაზია. მწერალი ცდილობს წარსულს ახალი სიცოცხლე შესძინოს და ახალი თაობისთვის გაკვეთილი გახადოს. მისი მიზანი საკუთარი ტექსტებით ქართველების გამოფხიზლება, თვითმყოფადი ერის შექმნა და ახალგაზრდა თაობის გაძლიერება იყო. სწორედ ამიტომ გრიგოლ აბაშიძე თავისუფლად გვესაუბრება წარსულის შეცდომებზეც და ცდილობს მკითხველს დაანახვოს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს ამ შეცდომებს; დაარწმუნოს ყველა, რომ მათი გამეორება არ შეიძლება.
გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს ისტორიული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლის გრიგოლ აბაშიძის შესახებ:
· გრიგოლ აბაშიძე 1914 წელს დაიბადა და 1994 წელს გარდაიცვალა. ის საკუთარ დაბადების დღეზე, 1 აგვისტოს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
· აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს.
· ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული კი 1938 გამოსცა.
· ის მწერლისა და პოეტის პარალელურად, მთარგმნელიც გახლდათ. გრიგოლ აბაშიძეს ნათარგმნი აქვს ბულგარელი პოეტების - ქრისტო ბოტევისსა და ივანე ვაზოვის, რუმინელი პოეტის მიხაი ემინესკუს, ჩეხი პოეტის იან ნერუდას, უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის, სპარსი პოეტის ნიზამი განჯელის რამდენიმე ლექსი.
· აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.
· სხვადასხვა დროს გრიგოლ აბაშიძე სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. მათ შორის, ის იყო ჟურნალ „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედაქტორი; 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან — თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.
· გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებები აქტუალობას არ კარგავს და კვლავ გამოიცემა. მისი სამტომეული „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტის „XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება“ ფარგლებში გამოიცა. თითოეული ტომი გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად გაიყიდება. პირველი ტომი, რომელიც 20 მარტს გამოვა, „ლაშარელა“ იქნება. მომდევნო ორ თვეში კი გამოიცემა „დიდი ღამე“ და „ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“.
გარდა იმისა, რომ გრიგოლ აბაშიძე შესანიშნავი მწერალი გახლავთ, ძალიან შთამბეჭდავია მისი სიყვარულის ისტორიაც. მან ძალიან ახალგაზრდა და გამორჩეულად ლამაზი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნახა. მწერალი 30-31 წლის იქნებოდა, ქალი - 12 წლით უმცროსი. ლამარას დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე მოეწონა და შეუყვარდა კიდეც. ლექსიც მიუძღვნია - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა.
მალე დაოჯახდნენ და ორი შვილი ეყოლათ. გრიგოლ აბაშიძემ ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი.
მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა. გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდული იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა ოჯახშიც და მის გარეთაც ყველას უადვილდებოდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა. გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, არაფერი, რაშიც ქალი არ იყო ჩართული. შვილებიც კი მეორეხარისხოვანნი იყვნენ მათთვის. თითქოს, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებულები, როგორც ერთი მთლიანობა. მწერალი ყვავილების დახლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც განსაკუთრებულად ლამაზად ჰქონდა მოწყობილი.
სწორედ ასეთი სიყვარული აძლიერებდა გრიგოლ აბაშიძეს და უქმნიდა მოტივაციას, რომ ეწერა ნაწარმოებები, რომელთაც დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს.