"პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე..."
17 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმისწარმოების მეორე პალატამ ვლადიმირ პუტინთან ერთად დაპატიმრების ორდერი ასევე გასცა ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელ მარია ლვოვა-ბელოვაზე. პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა. ამ გადაწყვეტილებას ზოგიერთი ექსპერტი სიმბოლურს უწოდებს, თუმცა მისი სამართლებრივი და პოლიტიკური წონა რომ ძალიან დიდია, ამაზე თითქმის არავინ დაობს. ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძესთან:
- ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, უახლეს ისტორიაში პირველად მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერის ქმედებების ამგვარი სამართლებრივი შეფასება, სახელმწიფოსი, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად იყო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ამაზე პრეტენზია.
ეს სამართლებრივი შეფასება მიუთითებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე. ამით პირდაპირ ითქვა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. სამართლებრივად ყველაფერი ნათელია - რუსეთს დღეს მართავს დამნაშავე, რომელიც იძებნება საერთაშორისო დანაშაულისთვის და ექვემდებარება უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანას ეძლევა უფლება თავის ტერიტორიაზე დააკავოს და გადასცეს სასამართლოს. პუტინს პირდაპირ უთხრეს - ომი გაგრძელდება ბოლომდე...
რაც შეეხება ამის პოლიტიკურ განზომილებას, რუსეთის პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მისი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროდან ისეთი ქვეყნების გვერდით ინაცვლებს, როგორიც არის სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი... სხვათა შორის, ჰააგის სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება სწორედ სუდანის დიქტატორზე მიიღო...
ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საკუთარ რეპუტაციას მიაყენა ისეთი მასშტაბური ზიანი, რომელსაც ვერავითარი მტერი ვერ მიაყენებდა. გყავდეს პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავე და ძებნილია, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმაა. არ ვიცი, რუსეთისთვის ამაზე მეტი რა უნდა დაეშავებინათ იმ ქვეყნებს, რომელთაც კრემლი მტრად მიიჩნევს.
- 20 მარტს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ელოდებიან, როგორ ფიქრობთ, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ გზავნილად ჩინეთისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ თანამშრომლობენ რუსეთთან.
- დიახ, ეს არის გზავნილი მათთვისაც. ნებისმიერი სახელმწიფო, მმართველი რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს დღეს რუსეთის ხელისუფლებასთან, ავტომატურად აღიქმება მხარედ, რომელიც ომის დამნაშავეებთან თანამშრომლობს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის გათვალისწინებით. გარკვეულწილად ეს ქმნის საფუძველს იმისთვისაც, რომ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებებზე სხვა ტიპის პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. თუ ირანს ავიღებთ, თუ მისი ხელისუფლება აქამდე უბრალოდ რუსეთის მხარდამჭერად მიიჩნეოდა, ჰააგის გადაწყვეტილების შემდეგ ის შეიძლება შეფასდეს ომის დანაშაულის თანამონაწილედ, ხოლო პუტინის რეჟიმისთვის ნებისმიერი სამხედრო დახმარება ასევე შეიძლება განიხილონ როგორც ომის დანაშაულში თანამონაწილეობა.
- საქართველოს დავუბრუნდეთ, მოგეხსენებათ, მასშტაბური საპროტესტო ტალღის შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე, თუმცა სახელისუფლებო რიტორიკაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევ აგენტებად აცხადებენ რიგ ორგანიზაციებს თუ პირებს, შეცდომაში შეყვანილად და მართულად აცხადებენ ახალგაზრდებს და ა.შ.
- ამ კანონპროექტის მხარდაჭერა თავშივე იყო მმართველი გუნდის დიდი შეცდომა, რასაც თავისი მიზეზები აქვს: ერთი, რომ ეს უკიდურესად აზიანებდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ იმიჯს, და მეორე, კანონპროექტი მოკლებულია სოციალურ რელევანტურობას და მისი მიღების აუცილებლობა არ არსებობდა. თუკი არსებობს ეჭვი, რომ ვიღაც თანამშრომლობს უცხო ქვეყნის ძალასთან და მუშაობს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, არსებობს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი და საქმე არ შეეხება მხოლოდ დაფინანსების წყაროებს. შეიძლება პირი იდეოლოგიური საფუძვლებით მუშაობდეს უცხო ძალასთან ისე, რომ არც ერთ თეთრს არ იღებდეს მისგან. ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, რაც ისჯება. შესაბამისად, თუ არსებობს დასაბუთებული, გონივრული ეჭვი და არსებობს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, პროკურატურას აქვს დისკრეციული უფლება დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა. პრობლემა ის არის, რადგან მსგავსი საფუძველი არ არსებობდა, გადაწყვიტეს აღნიშნული კანონი მიეღოთ და მასზე დაყრდნობით მიეკერებინათ აგენტის იარლიყი იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია. სინამდვილეში ეს კანონპროექტი ემსახურებოდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ ანტაგონიზმის გაჩენას, ასევე ხელისუფლების ინტერესს, გაეჩინა ნიადაგი აგრესიული, პრეაპოკალიფსური და აზრს მოკლებული პოლიტიკური პიარისთვის.
სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ ვერ გავცდით იმას, რომ ოპონენტი არ მოვიხსენიოთ აგენტად, ხალხის მტრად და ქვეყნის მოღალატედ. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ახდნენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და ამიტომ უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, მაშინ იქვე უნდა დარეგისტრირებულიყო საქართველოს ხელისუფლებაც, რადგან ის ახდენს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და იღებს დახმარებას უცხოეთიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. მოკლედ, ეს კანონპროექტები მოკლებული იყო ლოგიკას, დასაბუთებას, სოციალურ რელევანტურობას და საერთოდ არაფერს იძლეოდა. ისედაც გვაქვს საკანონმდებლო ბაზა როგორც ფინანსების გამჭვირვალობის, ისე სხვა თვალსაზრისით. მოკლედ, იმთავითვე ეს იყო შეცდომა, რომლის შედეგადაც დაზარალდა ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური რეპუტაცია; შეილახა მმართველი პოლიტიკური გუნდის იმიჯი როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ. ამ ყველაფერს მოჰყვა საზოგადოებრივი მღელვარება და ქვეყანაში მშვიდობასა და მართლწესრიგს საფრთხე დაემუქრა. ასეთ შეცდომებზე პასუხისმგებელია მმართველი პოლიტიკური კლასი და, წესით, კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ მსგავსმა შეცდომებმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა. დაიცვან ის სახელმწიფო ინტერესები, რაც მათი დასაცავია, იმოქმედონ ამ ინტერესების შესაბამისად.
- ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ ასეთივე კანონპროექტის მიღებას აპირებს კანადა, რომ ევროკავშირშიც დაიწყეს შესაბამისი ბერკეტების შექმნაზე ფიქრი.
- ჯერ საკითხავია, რა რედაქციით იღებენ ამგვარ საკანონმდებლო ნორმას კანადასა თუ ევროკავშირში, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც სხვაა, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში დგას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ან არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრობლემები? - რა თქმა უნდა, არა!
შესაძლოა კანადაშიც მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგი, მაგრამ როდესაც ჩვენი ხელისუფლება ედარება კონსოლიდირებულ დემოკრატიას, მაშინ კეთილინებოს და შექმნას პირობები, რათა ყველა ინსტიტუტმა საქართველოშიც იმუშაოს ისე გამართულად, რომ არ არსებობდეს კითხვები; რომ აღარ ვისმენდეთ სასამართლო ხელისუფლებისა თუ მედიის თავისუფლებაზე კრიტიკას; რომ არ იყოს პოლიტიკური პლურალიზმის პრობლემა; ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საარჩევნოდ ე.წ. კოორდინატორი დეიდების სირბილი, ძველი ბიჭების მობილიზება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ჯერ ვერ გასცდა ქართველი პოლიტიკური კლასი, ეს ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისასაც და ხდება დღესაც. საჯარო მოხელეებს მმართველი პარტიის მომხრეების სიის მოტანას არავინ ავალდებულებს კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ამიტომ დაანებონ ამ დემაგოგიას თავი. კი ბატონო, იმუშაოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ისე გამართულად, როგორც უნდა მუშაობდეს და მერე ილაპარაკონ ამგვარი კანონმდებლობის შექმნაზე.
უნდა გვესმოდეს, რომ რაც შეიძლება მიიღონ კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანაში, როგორც დამატებითი კონტროლის მექანიზმი, არ შეიძლება მან ჩვენთან იმავენაირი წარმატებით იმუშაოს.
აგენტების გამოსავლენად ჩვენ გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტი აქვს. საქმეს კანონის დაწერა და კლიშეების მიწებება კი არა, მუშაობა სჭირდება. გახსოვთ, სპეცსამსახურებმა ბოლოს როდის გამოავლინეს უცხო ქვეყნის აგენტი? - მე არ მახსენდება... სახელმწიფოს ამ ფინანსური ნაკრების გასაკონტროლებლად უკვე აქვს საკანონმდებლო მექანიზმები, დამატებით შექმნა არ არის საჭირო. მოკლედ, ძალიან ცუდი ანალოგია მოჰყავთ, როდესაც ამბობენ, თურმე კანადაშიც იღებენ მსგავს კანონსო. უკაცრავად, კანადაში ბევრი სხვა რამეც ხდება. ცხოვრების დონით მივიდეთ კანადამდე, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი დავამკვიდროთ და მერე შევიმუშაოთ კონტროლის მექანიზმები.
- 14 მარტს ევროპარლამენტში 45-წუთიან დებატებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნა, იყო კრიტიკაც, მოლოცვაც და ქათინაურიც. არაერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს ადგილი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ევროპაშია, რაშიც ისინი "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ ქართველების პროტესტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა. ევროპარლამენტართა უმრავლესობის განცხადებებში ამგვარი ლაიტმოტივი იკითხებოდა, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მთავრობისგან განსხვავებითო. როგორ ფიქრობთ, 7-8 მარტს თბილისში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ შეიძლება ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხში დადებითი როლი შეასრულოს?
- მართალი ხართ, ევროპარლამენტში მართლაც დაახლოებით ეს გვითხრეს, მთავრობა არ ვარგა, მაგრამ ხალხია ოქროო... მეც ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შეიძლება წაადგეს საქართველოს ევროინტეგრაციას, 12 პუნქტის მთლად ზედმიწევნით შესრულების გარეშეც შეიძლება მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და მერე, პოსტ ფაქტუმ დაგვითქვან პირობები შესასრულებლად. რა თქმა უნდა, ამასაც ხელისუფლება თავის პოლიტიკურ წარმატებად გამოაცხადებს, რაც ნამდვილად არ იქნება მართალი.რაღა დაგიმალოთ და, ვფიქრობ, სტატუსი ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მოეცათ, რადგან რომ შევადაროთ ის კრიტერიუმები, რომლებითაც ფასდება ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნის მდგომარეობა, ჩვენ გაცილებით წინ ვიყავით სხვადასხვა სფეროს გათვალისწინებით, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მიუხედავად ჩვენი ყველა პრობლემისა. არ ვამბობ, რომ ამას ვიმსახურებდით, უბრალოდ, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით ჩვენ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვქონდა და თუ მათ მიანიჭეს, ჩვენთვისაც უნდა მოეცათ.
- გასულ კვირას გააქტიურდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რასაც ბევრმა "ქართული ოცნების" მაშველი რგოლიც კი უწოდა. მისდამი საზოგადოების დიდი ნაწილის უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მისი ლაპარაკი აქციებსა და ხელისუფლების შეცვლაზე მხოლოდ ხელისუფლებას თუ ახეირებს... გაგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კეზერაშვილი ჩვენი "სეკრეტ სანტაა" მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქაო. არსებობს ეჭვი, რომ მერაბიშვილი შესაძლოა ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
- არ მაინტერესებს მერაბიშვილი რას ამბობს, ვერც კონსპირაციულ თეორიებზე ვილაპარაკებ. ქართველი პოლიტიკური კლასი თავიდან ბოლომდე, მთავრობაც და ოპოზიციაც, უხარისხოა. ამომრჩევლის 67%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, ვის უნდა მისცეს ხმა. მეც მათ რიცხვში ვარ, ვისაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია.
- ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ოპოზიციურ ფლანგს. მანვე ახსენა ვადამდელი არჩევნებიც...
- რა საბჭო და ვადამდელი არჩევნები?! ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, ოპოზიციაში ვინმე ფიქრობს, რომ გამარჯვების შანსი აქვს? საბჭოებზე ლაპარაკის სანაცვლოდ, ოპოზიცია მე, როგორც ამომრჩეველს, უნდა მესაუბრებოდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები ქვეყანაში. საბჭო, კონგრესი, მრგვალი მაგიდა და ამისთანები გავლილი გვაქვს გასული საუკუნის 90-იან წლებში. მთავრობაც და ოპოზიციაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდნენ ამ ნარატივიდან და საქმეზე ილაპარაკონ. მე მაინტერესებს კონკრეტული პრობლემები, ისეთი, როგორიცაა ეკონომიკური საკითხების მოგვარება, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის გაძლიერება, განათლების რეფორმები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უამრავი სხვა რამ. აქედან გამომდინარე, საბჭოს შექმნიან, დარბაზს თუ საფიხვნოზე ჩამოსხდებიან, არ არის რიგითი ამომრჩევლისთვის საინტერესო. შეაფასონ კონკრეტული პრობლემები და იმუშაონ მათი მოგვარების გზებზე. სამწუხაროდ, მე დღეს ქართველ პოლიტიკოსებში ვერ ვხედავ იდეოლოგიურ და კონცეპტუალურ განსხვავებას. მეტიც, ისინი ღირებულებათა სისტემითა და მორალითაც კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.