"სიფრთხილე გმართებთ თავის გადასარჩენად" - კვირის პალიტრა

"სიფრთხილე გმართებთ თავის გადასარჩენად"

გასული კვირა საქართველოში როგორც შიდა, ისე საგარეო პროცესებით ძალზე დატვირთული იყო. 7-8-9 მარტის აქციები, ევროპარლამენტარების შეფასებები, საზოგადოებისთვის სამოტივაციო მიმართვები და ხელისუფლების კრიტიკა, ეს ის თემებია, რომელთა შესახებ კოტე ჯანდიერს­ ვესაუბრეთ.

- "დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს" - ეს სიტყვები გერმანელ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ცხარე და დამსახურებული კრიტიკის მიუხედავად, საფრთხეებმა,­ ასე თუ ისე, გადაიარა და ცალი ფეხით ევროპაში შევაბიჯეთ?..

- კი, მაგრამ ეს ხელისუფლება ხალხის არჩეულია. მისი ლეგიტიმურობა კი ეჭვქვეშ არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაუყენებია და მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებიდან მოლოცვის წერილები მოვიდა. რაკი ამ პატივცემულ ევროპარლამენტარს საქართველოს ხელისუფლება უღირსად მიაჩნია, მაშინ გაუგებარია, ევროპელებმა რა "მაგალითი უნდა აიღონ ქართველებისგან", თუკი ისინი, მისივე სიტყვით, ირჩევენ ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირში ყოფნას არ იმსახურებს? რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ლოგიკაა. აქედან შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი გვეუბნება, რომ თუ გვინდა ევროპაში, მაშინ ხელისუფლება უნდა შევცვალოთ. ეს ძალიან ცუდი გზავნილია, რადგან პირდაპირ ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. თუმცა საპასუხოდ ხელისუფლების ხისტი განცხადებები საჯარო სივრცეში, ჩემი აზრით, უფრო დაძაბავს ურთიერთობებს და დააზიანებს ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას. სწორი პასუხი იქნება დასავლელ პარტნიორებთან ბევრად საქმიანი, ინტენსიური და მუდმივი დიალოგი ორივე მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე (მაგალითად, ენერგოუსაფრთხოებაზე) და, რა თქმა უნდა, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება.

ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში შესვლა-არშესვლის საკითხი საბოლოოდ უფრო გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობით წყდება, ვიდრე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ხარისხითა და შინაარსით. არა მგონია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ჩრდილოეთი მაკედონია ან მოლდოვა უფრო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, ვიდრე საქართველო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ჩვენთვის მოცემული 12-პუნქტიანი დავალების შეუსრულებლობას, მაგრამ დიდი მნიშვნელობა ექნება ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, უფრო სწორად, ამ პრობლემის აქტუალურობასა და მისი სიმწვავის ხარისხს. ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასაც.

- საზოგადოების ნაწილის თქმით, ე.წ. აგენტების კანონის გამო, ახალგაზრდებმა სამდღიანი პროტესტით ძალზე პრინციპული, თანამიმდევრული და შეუპოვარი პოზიცია აჩვენეს, რითაც უკან დაახევინეს მმართველ გუნდს. სხვების თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ გამოყენებას შეეცადნენ და ნაწილობრივ ამას მიაღწიეს კიდეც. თქვენ როგორ დაინახეთ­ ეს პროცესები?.. ახალგაზრდა თაობამ ახალი შესაძლებლობები შექმნა?

- 7 წლის განმავლობაში საერთაშორისო არასამთავრობო გარემოსდაცვით ორგანიზაციაში ვიმუშავე. ამ ორგანიზაციის დიდი წვლილია იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიის 14% დღეს დაცულ ტერიტორიებს (ნაკრძალები, ეროვნული პარკები და ა.შ.) უკავია. მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი ინვესტიცია ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეში. ნამდვილად არ გამიხარდებოდა, რომ ვინმეს ჩემთვის ან იმ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის უცხოური გავლენის აგენტი ეწოდებინა. სიტყვა "აგენტი" ქართულ ენაში დამკვიდრდა როგორც ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ფარულად და თანაც სხვისი დავალებით მოქმედი ადამიანის სინონიმი. ამას ვერაფერი შეცვლის. ამ სიტყვას აქ და ახლა სხვა კონოტაცია არ გააჩნია.

აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ავტორებისაგან არასწორი იყო ანალოგიების ძიება ტერმინ "საფინანსო აგენტთან" ან უწყინარ "ლიტერატურულ აგენტთან". ქვეყანაში, სადაც ათასობით ადამიანი დახვრიტეს "საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტობის" ბრალდებით, სადაც "კრემლის აგენტებზე" ნადირობამ სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ომამდე მიგვიყვანა, ასეთი იარლიყების მიწებება ასეთი მძიმე წარსულის მქონე ქვეყანაში, მოკლედ რომ ვთქვა, დანაშაული მგონია. ისევე, როგორც დანაშაულია ადამიანებისთვის უაპელაციოდ "პუტინისტისა" და "რუსეთუმეს" ძახილი. საკუთარი გამოცდილებიდან მაინც ხომ ვიცით, ეს რითაც მთავრდება ხოლმე?!კარგია, რომ ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაძახილზე არ გამოსულა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა ევროსტრუქტურის წარმომადგენელთა განცხადებების ფონზე მათ დაინახეს ცივილიზებულ სამყაროში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე წარმოქმნილი რეალური საფრთხე. რა თქმა უნდა, საპროტესტოდ გამოსულთა შორის მხოლოდ ერთი-ორს თუ ჰქონდა წაკითხული კანონპროექტი, მაგრამ ჯერ ამ დოკუმენტის სახელწოდებამ და, რაც მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების ნეგატიურმა შეფასებამ ისეთი მოცემულობა შექმნა, რომ ახალგაზრდები საკუთარი მომავლის გადასარჩენად მივიდნენ პარლამენტთან. ეს იგრძნო მმართველმა ძალამ და კანონპროექტი უკან გაიწვია. გულწრფელ პროტესტანტთა შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული, პარტიებისგან წაქეზებულ-დაფინანსებული მოიერიშე ჯგუფები ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით. მაგრამ ახალგაზრდების ძირითადი მასა მათ არ აჰყვა, ხოლო პოლიტიკოსები ტრიბუნიდანაც გააძევა. მათ მიაღწიეს მიზანს და ისე დაიშალნენ, რომ ახალი მოთხოვნები აღარ წამოუყენებიათ. დიახ, ეს რაღაც ახალი და ძალიან სასიამოვნო რამ არის ქართული მიტინგების ისტორიაში... რამდენიმე დღის წინ მქონდა დაუგეგმავი შეხვედრა რამდენიმე ახალგაზრდასთან, მათ შორის ერთი ჩემი ყოფილი სტუდენტიც იყო. დამამახსოვრდა ასეთი საინტერესო ფრაზა: "თურმე შესაძლებელი ყოფილა პროტესტით მთავრობას შეაცვლევინო უკვე მიღებული გადაწყვეტილება... ჰოდა, ძალიან კარგი. რატომ უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების შეცვლა? თუკი რამეს მიჰქარავენ, კიდევ გამოვალთ და გავაკეთებინებთ იმას, რაც სწორია. მთავრობა რომ რევოლუციით შეიცვალოს, რა გარანტიაა, რომ ვინმე უკეთესი მოვაო?!" მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს ის, რაც ამ კრიზისული დღეების შემდეგ ხდება ჩვენს საზოგადოებაში. მხედველობაში მაქვს მოწოდებები კანონპროექტის მომხრე პარლამენტარების, უმაღლესი სასწავლებლების ლექტორების, სკოლის მასწავლებლების­ და ა.შ. შავი სიების შედგენის თაობაზე. მოითხოვენ მათთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას, აუდიტორიის კარის ჩარაზვას, შვილების წინაშე მოღალატე მშობელთა მხილებას. ჩვენ უკვე ვნახეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "რუსო, რუსოს!" ძახილით პროფესორს მისეული ახალგაზრდების ჯგუფი. მინდა ვკითხო ამ ახალგაზრდების წამქეზებელ-დამფინანსებლებს: რომელი ლიბერალური ფასეულობაა ადამიანის პიროვნული დევნა და მისი ოჯახის დაწიოკება განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო? რას დაემსგავსება სკოლები, უნივერსიტეტები, ჩვენი საზოგადოება და მთელი Qქვეყანა, თუკი ამ ანტიდემოკრატიულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიადამიანურ მოწოდებებსა და ქცევას დროულად არ გაეცა საკადრისი პასუხი? განსხვავებული აზრის ადამიანთან ურთიერთობის ერთად­ერთი ფორმა დისკუსიაა, ხოლო ამ დისკუსიისთვის საუკეთესო ადგილი უნივერსიტეტის აუდიტორიაა და არა ამ აუდიტორიის კარის აჭედვა, ოპონენტის უაპელაციო ლანძღვა-შეურაცხყოფა და ცემა-ტყეპით გაგდება. ეს არის სტალინისა და ბერიას კომკავშირელების, ჰიტლერის ახალგაზრდა ფაშისტებისა და მაო ძე დუნის ხუნვეიბინების მეთოდიკა და პრაქტიკა. თუ ეს სისაძაგლე დროულად არ აილაგმა, მოიშლება საზოგადოებრივი ცხოვრებისა და თანაარსებობის ყველა წესი, ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი და ქვეყანა ევროკავშირში კი არა, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსის მორევში გადაეშვება.

- რუსეთი აქტიურად ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუმცა ბეწვის ხიდის გავლა არც ისე შორეული წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით შევძელით.

- ჩვენ ჯერაც ბეწვის ხიდზე ვართ. ჰააგის ტრიბუნალის ორდერი პუტინის დაკავებასთან დაკავშირებით მართალია, ჯერჯერობით უფრო პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის აქტია, მაგრამ ეს გარემოება საქართველოსთვის კიდევ უფრო ზრდის რისკებს. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის პირველი პირის დაპატიმრების სანქცია მართლაც უპრეცედენტო ამბავია. პუტინს აღარაფერი აქვს დასაკარგი საერთაშორისო არენაზე. ახლა ამ კაცის ამოცანაა თვითონ რუსეთში არ შეირყეს მისი უძლეველობის მითი, ხოლო პოსტსაბჭოურ სივრცეში არ განელდეს რუსეთის შიში. მთლიანად უკრაინის ვერც დაპყრობას, ვერც მოსპობა-განადგურებას, ვერც მის დემილიტარიზაციას და ვერც "დენაციფიკაციას" რუსეთი, დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებს. სავარაუდოდ, ორივე მხარე რაიმე ტიპის შეთანხმებამდე მივა, თუმცა არც ერთი არ დარჩება კმაყოფილი შედეგებით. ამ სიტუაციაში კი საქართველოზე რუსეთის თავდასხმა კავკასიაში ამერიკული გავლენების მოსპობის მიზნით შესაძლოა კარგი კომპენსაცია იყოს უკრაინაში ვერშესრულებული ამოცანებისათვის. ამაზეც უნდა დავფიქრდეთ.

ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, პროფესორი დომინიკ ლივენი რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "თუ ხარ საქართველო - პატარა ქვეყანა და უშუალო მეზობელი რუსეთისა, თანაც მდებარეობ უკიდურესად არასტაბილურ რეგიონში, სადაც სხვა დიდ, უფრო ძლიერ, უფრო აგრესიულ აქტორებსაც აქვთ ინტერესები, მაშინ ჭკუას უნდა მოუხმო. რომანტიზმის ფუფუნება არა გაქვს და ხშირად არც მორალური უპირატესობის ფუფუნება... პირველი, რაც უნდა ისწავლო და მუდამ გახსოვდეს, როდესაც პატარა ხარ - ეს არის სიფრთხილე... თუ იპოვი ძლევამოსილ მოკავშირეს, რომელიც დაგიცავს, ხომ კარგი, თუ არადა, ფრთხილად იყავი". როგორც ჩანს, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს უცხოელ პარტნიორებთან სწორ კომუნიკაციას. როდემდე შეიძლება ვისმინოთ, რომ ევროპარლამენტის მწვავე განცხადებები და რეზოლუციები სააკაშვილის ლობისტების ბრალია? ნუთუ თერთმეტი წლის განმავლობაში ვერ უნდა მოხერხებულიყო თუნდაც რამდენიმე დასავლელი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის ან ანალიტიკოსის დარწმუნება შენს სიმართლეში? ლობისტებთან მუშაობა მაინც ხომ შეიძლებოდა? ჩვენ უნდა ვეძებოთ მოკავშირეები და ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მათ შორის ამერიკის საელჩოსა და ევროკავშირის მისამართით გამოთქმული კრიტიკული შეფასებების დროსაც. უნდა გვახსოვდეს, რომ დიდ პოლიტიკაში არავინ არავის ხათრითა და სიყვარულით არ დგამს ნაბიჯებს, ყველაფერი პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება. იგივე ლივენი გვაფრთხილებს: რუსულ-უკრაინულ ომში ამერიკელები ჯერჯერობით სანიმუშოდ იქცევიან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაშინგტონს აქვს ერთგვარი რეპუტაცია მოკავშირეების წაქეზებისა და მერე მათთვის მხარდაჭერაზე უარის თქმისა, როგორც, მაგალითად, უნგრეთში 1956 წელს და ნაწილობრივ საქართველოშიც, 2008 წელს. ასე რომ, ყოველთვის სიფრთხილე გმართებთ თავის გადასარჩენად.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოს ვართ ევროპასთან?

- ოპოზიციის უპასუხისმგებლობას, მეწვრილმანეობას, ძალაუფლებისკენ მანიაკურ სწრაფვასა და ქვეყანაზე ზრუნვის დეფიციტს ახალგაზრდობის დიდმა ნაწილმა პასუხი გასცა და ამაზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ჩემთვის ამ კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა სახელისუფლებო პარტიის სერიოზული პრობლემა: რეალურად მას არა ჰყავს თუნდაც სიტუაციური მოკავშირე არც ქვეყანაში და არც მის გარეთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სააკაშვილის იზოლაციამ, "ნაცმოძრაობის" ლიდერად ხაბეიშვილის მოსვლამ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ფარული მენეჯერ-სპონსორების - ვანო მერაბიშვილისა და კეზერაშვილის საშინელმა რეპუტაციამ "ქართულ ოცნებას" გაუჩინა საკუთარი უალტერნატივობისა და უძლეველობის განცდა. ასეთი განცდით შეპყრობილი ადამიანებისთვის გაუგებარია, რა საჭიროა ვინმეს განსხვავებული აზრის მოსმენა, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თანამშრომლობა თუნდაც ცალკეულ საკითხებზე, საზოგადოებრივ განწყობებზე მუდმივი დაკვირვება და საკუთარი ქმედებების კორექტირება. არაერთხელ მითქვამს, რომ მმართველი ძალის დოქტრინა: "შუა უნდა გაიკრიფოს" არის ძალიან არასწორი, სახიფათო, კრიზისულ სიტუაციებში სრულიად კონტრპროდუქტიული და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის დამაზიანებელი იდეა. ამიტომ არავინ იცის, მოხერხდება თუ არა მორიგი კრიზისის მართვა და ხომ არ დამთავრდება ეს ყველაფერი ქაოსით და სახელმწიფოებრივი კატასტროფით. იმედია, რაღაც დასკვნები გამოტანილია და გარკვეულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.