„გამოჩნდა, რომ მერაბიშვილი „ოცნებისთვის“ „საჩუქარია“
მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე მუდმივად აცხადებს, რომ მერაბიშვილს "ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს", მან ბოლო დღეებში რამდენჯერმე გააკეთა საწინააღმდეგო განცხადება და საზოგადოების პროტესტის ხელისუფლების შესაცვლელად გამოყენებაზეც კი ისაუბრა. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი "განახლებული "ნაციონალების" დამსახურებად გამოაცხადა. "ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" არის სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ყოფილი ხელმძღვანელობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად მოქმედებდა, პრაქტიკულად, არ რეაგირებდა არც უკრაინის ომზე და არც სხვა რამეზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა ჩაატარეს შიდა არჩევნები... თუ აკვირდებით, ყველაფერი ძალიან შეიცვალა. საქართველოში ძალიან ბევრი აქცია იმართება, მიმდინარეობს პარტიის აღდგენა, რადგან ბევრი წლის განმავლობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობდნენ არა მარტო იმას, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, არამედ ზოგჯერ იმასაც კი ცდილობდნენ, სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები, რბილად რომ ვთქვათ, არ განევითარებინათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმედია, მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც", - ამბობს მერაბიშვილი უკრაინულ Freedom TV-ისთან ინტერვიუში. ამ განცხადებას არა მარტო სხვა ოპოზიციის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების პროტესტიც მოჰყვა. "მგონი, მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ, რომელიც მელიას ფრთად ითვლება. საინტერესოა, რომ ხაბეიშვილის ფრთის წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ის ოპოზიციონერები, რომლებმაც მერაბიშვილი გააკრიტიკეს, ლამის მოღალატედ გამოაცხადა, ახლა ამ თემაზე ლაპარაკი პოლიტიკურ პროცესს უშლის ხელსო. მოგვიანებით "ნაცმოძრაობამაც" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარია, თუმცა პარტიის პოზიციას არ ახმოვანებს და მის განცხადებებზე "სპეკულაციურ მსჯელობებს" პარტიის დისკრედიტაციად აღიქვამენ. რას ნიშნავს მერაბიშვილის გააქტიურება და როგორც "ნაციონალური მოძრაობა" გვარწმუნებს, "მისი პირადი მოსაზრება" გადაიზრდება თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტიის კონკრეტულ ნაბიჯებში და არის თუ არა ეს ოპოზიციის ერთმანეთთან ახალი დაპირისპირების საფრთხე, ამ საკითხებზე ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.
- ლოგიკაში არ თავსდება რაღაც-რაღაცები. მერაბიშვილი ამბობს, რომ ელოდება ხელისუფლების შეცვლას, პროუკრაინული ხელისუფლების მოყვანას და ა.შ. ინტერვიუებს მერაბიშვილი უკრაინელებს აძლევს, ქართველ ჟურნალისტებთან ის არ საუბრობს. ეჭვი მაქვს, რასაც ამბობს, ქართველებისთვის კი არა, უკრაინელებისთვის ამბობს. მერაბიშვილი ამბობს, ამ გამოსვლებში ჩვენ ვმოქმედებდითო, მაგრამ ახალგაზრდებმა ყველას დაანახეს, რომ პოლიტიკოსები არ უნდოდათ. ბუნებრივია, ისინი მერაბიშვილის მართული ვერ იქნებოდნენ. ამიტომაც ვერ ლაგდება მისი განცხადებები და ვფიქრობ, განკუთვნილია მათთვის, ვინც ქართველთა პროუკრაინელობით არის აღფრთოვანებული.
- მისმა განცხადებებმა ოპოზიციაში სხვადასხვაგვარი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის, "ნაცმოძრაობაშიც" - განაცხადეს, რომ მერაბიშვილის ნათქვამი პარტიის აზრს არ გამოხატავს. მერაბიშვილის განცხადებები ემსახურებოდა თუ არა ოპოზიციის დაყოფას?
- არა მგონია, ეს ჩანაფიქრი ჰქონოდეს. საქართველოში ხშირად დაუგეგმავად მოქმედებენ და მათ შორის არც მერაბიშვილია გამონაკლისი. ის იმ ხელისუფლებაში შეეჩვია დაუგეგმავად მოქმედებას. ყველას გვახსოვს, ორი გვამი მინდაო, რომ თქვა, და იმ დროს მის გარშემო ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვიღაც ამას იღებდა კიდეც. ცხადია, ეს დაუგეგმავი მოქმედება იყო და მისი ნათქვამი დარჩა კიდეც ისტორიას. "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების ეს ჯგუფი, რომელიც თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა, ამ მდგომარეობამ გაათამამა და დაუგეგმავი ნაბიჯების გადადგმას შეეჩვია.
- ბოლო დროს კულუარებში ხშირად ამბობენ, რომ მერაბიშვილი "ოცნებას" გაურიგდა "ნაციონალებისთვის" სამაგიეროს გადასახდელად, რადგან მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ გვერდით არავინ დაუდგა და ამას ემსახურებოდა ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ მოყვანაც. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს მართლაც ასე იყოს?
- ამას "ქართული ოცნების" მხრიდან შევხედოთ - არის ეს მის ინტერესში? რომ არ ყოფილიყო ხაბეიშვილი თავმჯდომარე, "ქართულ ოცნებას" რა დააკლდებოდა?
- ის, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობამ მთავარი ოპოზიციური პარტია მაინც გაყო.
- "ნაც\მოძრაობა" უკვე დიდი ხანია, ძლიერი აღარ არის. ისიც დასაფიქრებელია, მისი ასე დასუსტება აწყობს კი "ქართულ ოცნებას". თუ "ნაცმოძრაობა" უფრო დასუსტდა, მმართველი პარტია ალტერნატივის გარეშე დარჩება და აწყობს ეს? პოლიტიკურ არენაზე კენტად დარჩენა არ იქნება "ოცნებისთვის" სასურველი მდგომარეობა. არჩევნებს თავისი აზარტი, ძალების ჭიდაობა სჭირდება, "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ჭიდაობა კი უკვე 12 წელია ასაზრდოებს ქართველ ამომრჩეველს. ისედაც ძალზე შემცირებულია ამომრჩეველთა ის რიცხვი, რომელიც ხმის მისაცემად მიდის, და "ნაციონალები" ამ არენიდან რომ გაქრნენ, არჩევნებზე საერთოდ აღარავინ მივა.
- "ნაციონალების" გაქრობაზე ხომ არ არის ლაპარაკი?
- რაღა დარჩათ, 5-4% აქვთ რეიტინგი და ეს რაში აწყობს "ოცნებას", მით უმეტეს, თუ კიდევ დაიწევს. გაიხსენეთ, როდესაც გახარიამ დაიწყო ლაპარაკი პარტიის შექმნაზე, "ოცნებას" მძაფრი რეაქცია ჰქონდა.
- ასეთივე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ ყიფიანის გამოჩენაზეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ კულუარული ინფორმაცია იყო. მე იმას ვგულისხმობ, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება ძალა, რომელიც "ოცნებასაც" პრობლემებს შეუქმნის და "ნაცებსაც". მმართველ პარტიას ორთან გამკლავებას ერთთან დაპირისპირება არ ურჩევნია?
- თუკი სულ მოსუფთავდება ოპოზიციური ველი, შესაძლოა გამოჩნდნენ უფრო მომგებიანი ფიგურები, რომლებთანაც ბრძოლა "ქართულ ოცნებას" უფრო გაუჭირდება, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობასთან". "ნაციონალებთან" ბრძოლა მისთვის ძალიან ადვილია, იტყვის, აი, მოდის სისხლიანი ადამიანების ჯგუფიო, გაიხსენებს მათ ყველა ცოდვას და ბრძოლა მოგებული აქვს. ყიფიანს რა უნდა გაუხსენონ? გახარიამ თვითონ წააგო, რადგან დაკარგა აქტუალურობა, თორემ პოპულარობის პიკში, "ოცნებისთვის" სახიფათო იყო.
- კობახიძემ კეზერაშვილზე თქვა, ჩვენი სანტა აღმოჩნდა, მერაბიშვილი და ხაბეიშვილი გვაჩუქაო.
- ხაბეიშვილი და მერაბიშვილი ადვილად გასაკრიტიკებელია, მით უმეტეს, მერაბიშვილი, რადგან რაც ხმა ამოიღო, ბევრი შეცდომა დაუშვა. მაგრამ მასთან შედარებით კეზერაშვილი თავისი პერსონის ჩუქებით ნამდვილად არის სანტა - რომ ვთქვა, საზოგადოებას მერაბიშვილი არ უნდა, მაგრამ კეზერაშვილი უნდაო, ტყუილი იქნება.
- კეზერაშვილი ჯერ ჩრდილშია.
- ის უფრო ჭკვიანია, მაგრამ გააჩნია, ხმას რომ ამოიღებს, რას იტყვის. სანამ ჩუმად იყო, მერაბიშვილიც ჭკვიანი ეგონათ, მაგრამ გამოჩნდა, რომ თურმე "საჩუქარია".
რუსა მაჩაიძე