"დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ, ძალიან გააქტიურებულია რადიკალური ფრთა" - კვირის პალიტრა

"დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვართ, ძალიან გააქტიურებულია რადიკალური ფრთა"

"ქვეყანა დაპირისპირების სახიფათო ზღვარზეა... ზოგიერთი პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან მსოფლიოში წამოწყებულ კამპანიას აჰყვა, მაგრამ რაღაცები ვერ გათვალა, ვიღაცებმა კი ამით ისარგებლეს და ყველაფერი აირია", - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე ბოლოდროინდელ მოვლენებს.

- როდესაც ვამბობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი მსოფლიოში წამოწყებულ კამპანიას აჰყვა-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირი თავის შიდა პოლიტიკაში მესამე ქვეყნების ფარული ჩარევისგან დასაცავად ზომების გაძლიერებას გეგმავს. ესე იგი, ბრიუსელი თავად იღებს ისეთივე კანონს, რომლისთვისაც საქართველოს აკრიტიკებდა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება განიხილება კანადაშიც. როგორც ჩანს, ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ცნობილი იყო ეს ამბავი და ამიტომაც მოახდინა ე.წ. აგენტების კანონპროექტის ინიცირება. ალბათ, შინაარსი განსხვავებული იქნება, მაგრამ იდეა ერთია. არგუმენტები, რომლებიც ჩვენ ამ კანონის მიღების საწინააღმდეგოდ მოვისმინეთ, ვარაუდებზე იყო დაყრდნობილი. მავანნი ამბობდნენ, შეიძლება ხვალ ამ კანონმა ცუდი როლი ითამაშოსო. ეს დაახლოებით იმ სფეროდან არის, "ბებია­ რომ ბაბუა უნდა ყოფილიყო". მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის თავად კანონი კი არა, კანონთან დაკავშირებული მიდგომები იყო მიუღებელი. ოპოზიციამ იმარჯვა და მისთვის სასარგებლოდ გააპიარა საკითხი, თქვა, ეს რუსული კანონიაო. ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ საზოგადოებრივი აზრი უგულებელყო, არავის არაფერი აუხსნა. მე რომ მკითხოთ, საჭიროა თუ არა ეს კანონი, არ ვიცი, მაგრამ რეგულაციები რომ საჭიროა, ამაზე ნამდვილად შემიძლია თავი დავდო.

- დასავლეთის ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსება ხომ ისედაც გამჭვირვალეა, მაგრამ ჩვენ ის არ ვიცით, რაში იხარჯება რუსული ფული...

- დასავლეთიდან შემოსული ფულიც უნდა კონტროლდებოდეს, აღმოსავლეთიდანაც და სამხრეთიდანაც. ჩემთვის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში მომუშავე პირისთვის, მნიშვნელოვანი არც ის არის, ვინ რამდენი ფული მიიღო და არც ის, თუ რაში ხარჯავს, ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი. ხშირად ვერ ვხედავ ისეთ შედეგს, როგორიც, წესით, უნდა მოჰყოლოდა დასავლეთიდან შემოსულ ფულს. ამასთან, საქართველოში არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსული ორგანიზაციებია, რომლებიც შეფარვით მოქმედებენ და აზიანებენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

- ჩვენ ხომ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი მუშაობა დანაშაულად მიიჩნევა?

- კი, მაგრამ ამ კანონით ფინანსური რეგულაციების მოქმედება ხომ არ არის შესაძლებელი? ამიტომაც გითხარით, შეიძლებოდა კანონი არ მიეღოთ და მხოლოდ რეგულაციები დაეწესებინათ-მეთქი. ესენი ადგნენ და პირდაპირ აგენტების კანონი მიახალეს საზოგადოებას სახეში. სიტყვა "აგენტი" პოსტსაბჭოთა სივრცეში წითელი ნაჭერივითაა. ამაზე აპელირება თავიდანვე წაგებული თამაში იყო.

- თქვენი აზრით, ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდებას რატომ მოჰყვა რუსი იდეოლოგების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მუქარის შემცველი განცხადებები?

- გარწმუნებთ, რუსებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენ აქ როგორ კანონს მივიღებთ. მოსკოვისთვის მთავარია საქართველოსა და დასავლეთს შორის მაქსიმალურად გაფუჭდეს ურთიერთობა. მოსკოვში ფიქრობენ, დავამთავრებთ ომს უკრაინასთან, მერე მივხედავთ ამათო. ბევრმა არ იცის, რომ სამხედრო წვრთნები დაიწყო გალის რაიონში­ და ახლა იწყება ახალგორშიც. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გეგმური წვრთნებია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასეთივე გეგმური წვრთნები 2008 წლის აგვისტოში. ეს წვრთნები ტარდება, ერთი მხრივ, დემონსტრირებისთვის, მეორე მხრივ კი, ექსტრემალური სიტუაციების მზადყოფნისთვის.

- სხვათა შორის, სამხედრო ინტერვენციის შესახებ აქტიურად ალაპარაკდნენ პრორუსული­ ძალის წარმომადგენლებიც. მართლა ხედავენ ასეთ საფრთხეს, თუ საზოგადოების დეზორგანიზება აქვთ დავალებული?

- არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცებს ნამდვილად ჰქონდეთ ეს დავალებული. რბილი ძალის მეთოდოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სამიზნე ქვეყნის საზოგადოების მუდამ შიშში ყოფნაა. სინამდვილეში რუსებს ახალი ომის წამოწყების თავი არა აქვთ. ახალი წლისთვის ჰქონდათ დაგეგმილი ბახმუტის აღება და დღემდე ვერ აუღიათ. რუსეთი საქართველოში სამხედრო აქტივობას გასული წლის მარტში თუ მაისში აპირებდა. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა, უბრალოდ, აღარ აქვთ თავი!

- მაშინ სამხედრო წვრთნები გალსა და ახალგორში რას უკავშირდება?

- ექსტრემალურ სიტუაციას. ეს წვრთნები სამხედრო ინტერვენციაში გადაიზრდება მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება. ჯერ ამის ნიშანი არ არის.

- ალბათ, ბევრი რამ რუსეთ-უკრაინის ომზეც არის დამოკიდებული.

- რასაკვირველია, ძალიან ბევრი რამ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, და ძალიან მინდა არ დაგვავიწყდეს ეს ნათქვამი: „очистить постсоветские страны“ - ეს გასული წლის თებერვალში ნათქვამი ფრაზაა. ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს.

- რბილი ძალა, რომელიც თქვენ ახსენეთ, საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირებასაც გულისხმობს. თქვენ როგორც სამოქალაქო ომის უშუალო მონაწილე, ხედავთ თუ არა კიდევ ერთი სამოქალაქო ომის საფრთხეს?

- საქართველოს დასუსტების მსურველნი ძალიან არიან გახარებული. ეს კარგად ჩანს რუსულ სოციალურ ქსელებში. სხვათა შორის, დასავლეთშიც უხარიათ იმ ჯგუფებს, რომელთაც სურთ საქართველო მორჩილებაში ჰყავდეთ. დღეს სამოქალაქო დაპირისპირების ისეთი ხარისხი გვაქვს, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. ზღვარზე ვართ, ძალიან გააქტიურებულია რადიკალური ფრთა, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ და ვიცი, რით შეიძლება დამთავრდეს. დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის 1991-1992 წლების მოვლენებში მონაწილეობა. იმ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომლებიც ამ მოვლენების შემდეგ დაიბადნენ, ჩვენზე მეტი გონიერება გამოიჩინონ, თორემ მერე ძალიან დაიტანჯებიან. მე დღემდე თვალწინ მიდგას დანგრეული თბილისი. დღეს უკვე ისეთი დიდია დაპირისპირების ხარისხი, სამოქალაქო ომში რომც არ გადაიზარდოს, უკვე გვაქვს ცუდი შედეგი - საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ისეთი ანტაგონიზმია, როგორც XV-XVI საუკუნეებში იყო, როდესაც ქართველები საშინლად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ამით მტრის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ერთ რამეში ვეთანხმები უმრავლესობას, დასავლეთში მართლა არიან ძალები, რომლებიც ქართველ საზოგადოებაში დაპირისპირებით არიან დაინტერესებული. ვიცი, რა ტიპის მეთოდოლოგიები მუშაობს ამისთვის.

- არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდისგან დასავლეთის მუდმივი კრიტიკა ისეთ რადიკალურ ჯგუფებს გაააქტიურებს, როგორიც, მაგალითად, "ალტ-ინფოა"?

- არც დასავლეთიდან აკლებენ ხელს ხალხის გაღიზიანებას. ჯერ ერთი, ფსევდოლიბერალიზმი ისედაც აღიზიანებს ხალხის დიდ ნაწილს. გარდა ამისა, ქართველმა საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე "რუსული კანონები" მოქმედებს აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში, ავსტრალიაში. "რუსული კანონების" მიღებას განიხილავს ევროკავშირი, კანადა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ დასავლეთში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ - თურმე რაც შეიძლება მათთვის, არ შეიძლება ჩვენთვის.

- თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთში არიან ჯგუფები, რომელთაც ხელს აძლევთ საქართველოში დაპირისპირების გაჩაღება და ახერხებენ კიდეც. ჩვენი ხელისუფლების ინტერესი რა არის, საკუთარი საზოგადოების პოლარიზება თუ ეროვნული თანხმობის მიღწევა?

- სწორი შენიშვნაა. ხელისუფლება­ არასწორად კი არა, საერთოდ არ მუშაობს. უბედურებაც ეს არის. ტელევიზიებიდან მშრალი განცხადებების კეთება არ არის მუშაობა. ქართველი საზოგადოება კონტაქტს­ ითხოვს. წესით, არ უნდა იყოს რთული ასე მცირე ერში საერთო ენის გამონახვა. ტელეეთერში განცხადებების კეთება ნიშნავს, შენ შენსას ლაპარაკობ და ხალხის აზრი არ გაინტერესებს. ეს არასწორია. ამას გარდა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ახალგაზრდებთან მუშაობის პოლიტიკა. ყველა ის ჩინოვნიკი, რომლებიც ვითომ ამ საქმით არიან დაკავებული, მაღალი ხელფასების მიღების­ მეტს არაფერს აკეთებს. კარგს არაფერს მოიტანს იმ საზოგადოების ნიველირება, რომელსაც სურს შენთან ერთად აშენოს სახელმწიფო. "ქართულმა ოცნებამ" ის ვერ გაითავისა, რომ ხალხმა ქვეყნის მართვის უფლება მისცა, თავიანთ ჭკუაზე სიარულის კი არა! როდესაც ხელისუფლება ხალხს აღარ უსმენს და კონსულტაციებს მისგან აღარ იღებს, ანტაგონიზმი ჩნდება.

უკეთესად არც ოპოზიცია იქცევა. თქვენი გაზეთის ფურცლებიდან მინდა მივმართო მთელ პოლიტიკურ სპექტრს - ერთი იმერელი მეზობელი მყავდა, შვილი რამეს რომ გააფუჭებდა, სულ ამას ეუბნებოდა, ნუ შობი მასეო, მერე ჩვევაში გადაუვიდა და ყველას ამას გვეუბნებოდა. ხანდახან ძალიან მომინდება ხოლმე, მთელ პოლიტიკურ სპექტრს მივმართო - ნუ შობით მასე!

- ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნების საკითხი ისევ წამოჭრა, არადა, ცოტა ხანში­ მორიგი არჩევნები ისედაც იქნება. რა არის ახლა ამ საკითხის წამოჭრის მიზანი?

- ადამიანს თავი მარტო იმიტომ ხომ არა აქვს, ბალიშზე რომ დადოს, ცოტა მაინც ხომ უნდა იფიქროს?! სხვა ყველაფერს რომ დავანებოთ თავი და მართლა ჩავატაროთ არჩევნები, ხომ ისევ ძველი სისტემის გამოყენება მოგვიწვეს?! ტყუილად იბრძოლეს იმისთვის, პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნებიო?! რა ჰგონიათ, ახლა რომ ჩაატარონ, მოიგებენ?! გასაგებია, რომ ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ოპოზიცია ჩამოყალიბებულია?! ისიც კი არ იციან, რა უნდათ, გარდა იმისა, რომ დასავლეთი ძალიან უყვართ. არადა, მართლა პატივს რომ სცემდნენ დასავლურ ღირებულებებს, ასე არ მოიქცეოდნენ.

- ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა არ იმსახურებსო. ამასთან, ბრიუსელიდან ჩამოსული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი პასუხისმგებლობა აიღოს, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, როგორ არის შესაძლებელი სტატუსის მიღება ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე?

- ეს წარმოუდგენელია. ქართული პოლიტიკური ელიტის მთავარი შეცდომა ის არის, რომ საკუთარ ამომრჩეველს სულელებად მიიჩნევს. წიგნის წაკითხვაც კი არ არის საჭირო, მიხვდე, რომ ეს შეუძლებელია. არ მესმის, რატომ ცდილობენ ხალხის ბრბოდ გადაქცევას!

- ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი წამოგვეწია, ჰააგის სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. როგორ აღსრულდება ეს?

- სანამ რუსეთ-უკრაინის ომი არ დამთავრდება, თანაც ჩვენთვის სასურველი სცენარით, პუტინის დაკავება შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამას ექნება შემაკავებელი ეფექტი სხვებისთვის. მსოფლიო ლიდერები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს აღიარებენ, სამჯერ მაინც დაფიქრდებიან, ვიდრე პუტინს ხელს ჩამოართმევენ. ეს ასეა ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება ხვალ, როგორ განვითარდება ომის პერიპეტიები. მანამდე ჰააგის განაჩენი დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული პუტინისა და მისი მოკავშირეების თავზე.

ხათუნა ბახტურიძე