რა ელის საქართველოს, თუ რუსეთმა მიზანს მიაღწია და მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა
საქართველო, ადრე თუ გვიან, გაწევრდება ევროკავშირშიც და ნატოშიც. ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახამდე მიმავალი გზა რთულია, თუმცა მიღწევადი. ერთადერთი, რამაც ამ ყველაფერს ხაზი შეიძლება გადაუსვას, არის ქვეყანაში განგრძობადი დესტაბილიზაციისა და რყევების დაწყება.
ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ რაღაც მხარეებზე და არ ვიკამათებთ იმაზე, ვინ რაშია დამნაშავე და ვინ უწყობს ხელს ქვეყანაში რყევების დაწყებას. ევროპა ყველას გვინდა, მაგრამ არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეზობლად, ჩრდილოეთით, არის სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს გააკეთებს ზემოხსენებული პერსპექტივის მოსასპობად, პირველ რიგში კი შეეცდება ჩვენი შეცდომების გამოყენებას. ჩვენ ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდით, თუ რამდენი ჰიბრიდული ომი გადაიტანა საქართველომ რუსეთთან (რაც დაგვირგვინდა 2008 წელს პირდაპირი რუსული აგრესიით). რა თქმა უნდა, უმადური საქმეა იმაზე მსჯელობა, "ეს ასე რომ ყოფილიყო და ის ისე რომ ყოფილიყო", მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომი რომ არ გადაეტანა. მაშინ ქვეყანამ განვითარების 30-40 წელი დაკარგა, აღარაფერს ვამბობთ ათეულათასობით დახოცილ საქართველოს მოქალაქეზე. მთელი ტომები შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ როგორ მოახერხა რუსეთმა საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება და როგორ ეხმარებოდა ორივე მხარეს პრინციპით: "რაც მეტს დახოცავენ ქართველები ერთმანეთს და რაც მეტს დაანგრევენ ქვეყანას, მით უკეთესი". დაპირისპირებული მხარეები კი დარწმუნებული იყვნენ, რომ თვითონ იყვნენ პატრიოტები (მოსკოვის პირდაპირ აგენტებს თუ არ ჩავთვლით), მოწინააღმდეგეები კი რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ. შესაბამისად, ხოცეს ერთმანეთი კრემლის გულის გასახარად.
მძიმე და ტრაგიკული 90-იანების შემდეგ საქართველო, ასე თუ ისე, ფეხზე დადგა, მაგრამ მოსკოვის გეგმები არ შეცვლილა. თუმცა განსხვავება არის. 90-იან წლებში კრემლი ფარისევლობდა, თავს საქართველოს მეგობრად აცხადებდა და აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ოფიციალურ თბილისსაც ჰქონდა მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობა რამენაირად ისე დაელაგებინა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღედგინა. ერთხელ უკვე ვწერდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - შევარდნაძე რუსებს სთავაზობდა სამხედრო ბაზების 25 წლით დაკანონებას, საქართველოს რუბლის ზონაში შესვლას და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მოსკოვთან შეთანხმებით დანიშვნას. მოსკოვმა, რა თქმა უნდა, სამაგიეროდ არაფერი დათმო. მეტიც, როდესაც შევარდნაძემ დასავლეთისკენ ცალი თვალი გააპარა, მას ტერაქტი მოუწყვეს და მორიგი სამხედრო გადატრიალების პროვოცირება სცადეს... მას შემდეგ რუსეთს არაერთი მცდელობა ჰქონია, რომ ქვეყანა ქაოსში ჩაეძირა და ამ მცდელობებს გააგრძელებს. გამოსავალი ის არის, რომ პოლარიზაციამ თუ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ არ უნდა გადაკვეთოს წითელი ხაზები. ქაოსი და დესტაბილიზაცია ბავშვების შესაშინებლად მოგონილი სიტყვები არ არის. ამას აქვს კონკრეტული გამოხატულება და აისახება თითოეული ადამიანის ბედზე. წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ჩვენმა საერთო მტერმა შეძლო და ისე დაგვაპირისპირა ერთმანეთს, რომ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.
1. ევროპა, ევროკავშირი და ნატო შეგვიძლია დავივიწყოთ. ქაოსში ჩაძირული ქვეყანა არავის არაფერში სჭირდება. მაქსიმუმ, რაც მათ შეუძლიათ ჩვენთვის გააკეთონ, ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარებების გამოგზავნა და ქართველი ლტოლვილების შეფარება. სავარაუდოდ, ქვეყანაში ქაოსის დაწყების გამო, ევროკავშირი გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, რადგან მათთვის საფრთხის შემცველი ტერიტორია ვიქნებით. ქვეყანას შეუწყდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დაფინანსება. ქართველ სტუდენტებს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებათ განათლების ევროპასა და აშშ-ში მიღება.
2. შეგვიძლია დავივიწყოთ ისეთი ცნება, როგორიცაა აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა სავალალო დღეში აღმოჩნდება. ამ კუთხით ჩვენ, ძირითადად, აშშ-ზე ვართ დამოკიდებული. იმ ქვეყანას, სადაც მუდმივი რყევებია და ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, იარაღს აღარავინ მიაწვდის. აშშ გადახედავს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების საკითხსაც, ჰუმანიტარული დახმარების გამოკლებით. საბოლოო ჯამში, გეოპოლიტიკურად უპატრონოები დავრჩებით.
3. გეოპოლიტიკურად უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანას ეშმაკი, უფრო ზუსტად, რუსული დათვი დაეპატრონება. მოდი, შევთანხმდეთ, რომ არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს - არც ელცინის, არც პუტინის და არც ნავალნის. გამარჯვებული რუსეთიც საფრთხეა ჩვენთვის და დამარცხებული რუსეთიც - კრემლი მღვრიე წყალში თევზაობას არასოდეს მოეშვება. მოსკოვი საქართველოში ყველა დაპირისპირებულ ძალას მხარს დაუჭერს, ოღონდ იმ დოზით, რომ გამარჯვება არც ერთმა მხარემ არ მოიპოვოს. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის - საქართველო იყოს მუდმივ რყევებში, რათა სახელმწიფოებრივი საფუძვლები მოირყეს. გამოჩნდებიან მოღალატეები, რომლებიც წერილებს გაგზავნიან მოსკოვში და საქართველოში წესრიგის დამყარებას სთხოვენ. გააქტიურდებიან სეპარატისტები და ქართულ სოფლებში "ლეკიანობის" ახალ მასშტაბებს მივიღებთ. საბოლოოდ, მოსკოვი შეეცდება, ისე დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ისე გატეხოს მორალურად საზოგადოება, რომ უახლოესი 50 წლის მანძილზე საქართველომ ევროპისკენ (ნატოზე ხომ საუბარიც ზედმეტია) ვეღარც კი გაიხედოს.
4. საქართველო დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. "აბრეშუმის გზა", ევროკაბელი და სხვა გლობალური პროექტები მხოლოდ კეთილ მოგონებად დაგვრჩება. დასავლეთი არ დაგველოდება ჩვენ, თუ როდის ვინებებთ დალაგებას. მოიძიებს ალტერნატიულ მარშრუტებს და გეოპოლიტიკურად დავრჩებით თამაშგარე მდგომარეობაში.
5. ჩამოიშლება სამართალდამცავი სისტემა. აყვავდება კრიმინალი. ქვეყანა კვლავ დაიყოფა საძმოებად და სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებებად. დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები საღამოს ექვსი საათის შემდეგ ქუჩაში გასვლას ერიდებოდნენ. გაჩნდება უკონტროლო იარაღი. ქვეყანა აივსება ნარკოტიკებით, აქედან გამომდინარე ყველაზე უარესი შედეგებით.
6. ემიგრაცია ჰიპერმასშტაბებს მიაღწევს. დღეს აღარ არის 90-იანები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ საზღვარგარეთ მოხვედრის გზებზე. დღეს ეს გზებიც ყველამ იცის და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ინგლისურსაც ფლობს. ქვეყანა დაიცლება ადამიანური რესურსისგანაც, ინტელექტისგანაც და პერსპექტივებისგანაც.
7. ჩამოიშლება ეკონომიკა. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ კოლაფსზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას კონკრეტული გამოხატულება აქვს. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი უმუშევრად დარჩება, ნაწილი კი მხოლოდ ფორმალურად იმუშავებს - ხელფასს თვეების დაგვიანებით ან საერთოდ ვერ აიღებს. პენსიონერები იმ მცირე შემოსავლის გარეშე დარჩებიან, რასაც დღეს იღებენ. მსხვილი ბიზნესი შეეცდება, საწარმოები საზღვარგარეთ გადაიტანოს ან გაკოტრდება. უცხოური ბიზნესი მომენტალურად დატოვებს ქვეყანას. აყვავდება შავი ბაზარი თავისი კოსმიური ფასებით. საბანკო სისტემა დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რაც 90-იანებში იყო. მოიშლება სატრანსპორტო სისტემა. აყვავდება კონტრაბანდა.
8. დაიწყება ლარის სწრაფი გაუფასურება (გვახსოვდეს კუპონის ბედი). წარმოდგენაც კი ძნელია, რა კურსი შეიძლება ჰქონდეს ლარს დოლართან მიმართებაში. საბოლოოდ, მოშლილი ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის პირობებში, საქართველოში ლარს ჩაანაცვლებს უცხოური ვალუტა - დოლარი, ევრო, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კი თურქული ლირაც.
9. შეჩერდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ნახევრად აშენებული ნაგებობები განადგურდება, უკვე აშენებულები კი მოუვლელობის გამო დაიწყებს ამორტიზაციას.
10. ქვეყანაში ტურიზმი უკიდურესად შემცირდება. ეს ათასობით ადამიანის გაღატაკებას გამოიწვევს. დაიხურება სასტუმროები. შეჩერდება მშენებლობები.
11. ერთი მხრივ, მოიშლება ჯანდაცვის სისტემა და მეორე მხრივ, ადამიანებს არ ექნებათ იმის ფული, რომ ექიმთან იმკურნალონ.
P.შ. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა გვისაყვედუროს, რომ ძალიან მძიმე სურათს ვხატავთ. თუმცა ეს ფანტაზია არ არის - ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენ ერთხელ უკვე გადავიტანეთ. გადავიტანეთ სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანა ჯერ მხარეებად დაიყო, ერთმანეთს მოღალატეობა დააბრალეს და მერე ყველანი ერთად გადაიჩეხნენ ხრამში. ასე რომ, ფრთხილად ვიყოთ. რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ ზემოხსენებული სცენარი, როგორც ღამის კოშმარი, არასოდეს ახდება.
გიორგი კვიტაშვილი