ოპოზიციური დილემა ანუ სწავლობენ თუ არა შეცდომებზე ქართველი პოლიტიკოსები?! - კვირის პალიტრა

ოპოზიციური დილემა ანუ სწავლობენ თუ არა შეცდომებზე ქართველი პოლიტიკოსები?!

არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - საქართველოს პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის სჭირდება ძლიერი ოპოზიციური პარტიები, რათა სახელისუფლებო ძალა (ვინც არ უნდა იყოს) ძლიერ სუნთქვას გრძნობდეს ზურგში. პარლამენტში ოპოზიცია უნდა იყოს წარმოდგენილი იმ დოზით, რომ უმრავლესობამ მის გარეშე ვერ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ეს დაამკვიდრებს ჩვენს პოლიტელიტაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კულტურას, და თუ ვერ ითანამშრომლებენ, ორივე მხარეს ეცოდინება, რომ საპარლამენტო კრიზისი დასრულდება ხოლმე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით.

როდესაც ვსაუბრობთ ძლიერი ოპოზიციის აუცილებლობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ პოლიტიკას აქვს თავისი სპეციფიკა. კერძოდ, ,"ნაცმოძრაობა" კი არის ყველაზე მსხვილი და რეიტინგული ოპოზიციური პარტია, მაგრამ მას "ჩამკეტები" აქვს - ჰყავს დაახლოებით ერთი რაოდენობის­ ამომრჩეველი, რომელიც არ იზრდება.­ მეტიც, სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველზე საფრთხობელასავით მოქმე­დებს. ის პარტიები, რომლებიც თანამშრომლობენ "ნაცმოძრაობასთან", იღებენ იმიჯურ ზიანს - ანუ ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალში პროცესი ისე კი არ აღიქმება, რომ ორი ოპოზიციური პარტია თანამშრომლობს, არამედ ასე - პატარა პარტიები დიდი "ნაცმოძრაობის" ორბიტაზე ტრიალებენ და მის ჭკუაზე დადიან.

ენ-დი-აის ბოლო კვლევით, გამოკითხულთა 61% აცხადებს, რომ მის შეხედულებასთან არც ერთი პარტია არ დგას. მანამდეც ჩატარებულა კვლევები, რომლებმაც დაადასტურა - საქართველოში ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ დიდია. ეს ის ამომრჩეველია, რომელსაც არ მოსწონს "ოცნება", მაგრამ არც "ნაცმოძრაობას" აძლევს ხმას. მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე არ დადის. სწორედ ეს ამომრჩეველი უნდა "გამოაღვიძონ" სხვა პარტიებმა და ეს უნდა გახდეს მათი გაძლიერების ბაზა, თორემ ისინი ხმებს ვერც "ნაცმოძრაობას" წაართმევენ და ვერც "ოცნებას".

დღეს საქართველოში, გვინდა, თუ არ გვინდა, გვაქვს შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური მენიუ - მსხვილი "ნაცმოძრაობა" და პარტიების მთელი წყება,­ რომელთაც დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ და მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან "ნაცებს" (ვეყრდნობით ენ-დი-აის ბოლო კვლევებს). ისე, "ნაცმოძრაობაც"­ აღარ არის ისეთი მსხვილი­, როგორიც იყო - ნიკა მელიას წასვლამ­ და პარტიის რუხ კარდინალებად მერაბიშვილ­-კეზერაშვილის დაბრუნებამ ამ პოლიტორგანიზაციას არაერთი მომხრე დააკარგვინა. სააკაშვილის ფაქტორიც ვეღარ მოქმედებს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი ერთი და იმავე მესიჯს იმეორებს - ოღონდ ციხიდან გამომიშვით და ქართული პოლიტიკისკენ აღარ გამოვიხედებიო. "ნაცმოძრაობა" იმ დონეზე დასუსტდა, რომ იმავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედარებით ხალხმრავალ აქციასაც კი ვერ მართავს. თუმცა იმის თქმა, რომ სამაგიეროდ, სხვა ოპოზიციური პარტიები ძლიერდებიან, ჯერ არ შეიძლება.

pagepp-1679223614.jpg

რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ?!

გახარიას პარტია "საქართველო­ს­თვის" 2021 წლის ადგილობრივი­ თვითმ­მართველობის არჩევნებზე საქა­რთველოს­ მასშტაბით მესამე ადგილზე გავიდა. თუმცა თავად გახარიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც თბილისის მერის არჩევნებში კენჭი იყარა. ერთია, როდესაც საქართველოს მასშტაბით პარტია მესამე ადგილზე გადის, და მეორე, როდესაც პარტიის ლიდერი მერობის არჩევნებზე კახა კალაძესა და ნიკა მელიასთან უშანსოდ აგებს. გახარია ქარიზმატული პოლიტიკური ტიპაჟია და სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მისი კოზირი. ამისთვის კი საჭიროა, გახარია ჰიპერაქტიური იყოს. თუმცა ყოფილმა პრემიერმა უცნაური პოლიტიკური ტაქტიკა აირჩია - სამ თვეში ერთხელ გამოჩნდეს საჯარო სივრცეში ან სოციალურ ქსელში ავრცელოს განცხადებები. საქართველოში ასეთი ტაქტიკა არ მუშაობს. მეორეც - გახარიამ ვერ აუხსნა თავის ამომრჩეველს, თუ რატომ ვერ "ააშენა ქვეყანა", როდესაც პრემიერი იყო და რატომ ააშენებს ახლა. ასეთი უხერხული კითხვების გადაფარვა კი შეეძლო გახარიას თავისი აქტიურობით, მაგრამ...

გიორგი ვაშაძის "სტრატეგია აღმაშენებელს" არ აქვს ერთი სტრატეგია - ხან რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, ხან პარლამენტის ბოიკოტზე საუბრობს, ხან "ნაცმოძრაობას" ეჩხუბება, ხანაც ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან თანამშრომლობას. შესაძლოა ვაშაძისთვის ეს ყველაფერი ერთი სტრატეგიის ნაწილია, მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორ უყურებს ამას ამომრჩეველი. ენ-დი-აის ბოლოდროინდელი კვლევის მიხედვით, ამომრჩეველი ამას არცთუ კარგად აფასებს (ვაშაძის პარტიის რეიტინგს ვგულისხმობთ). ორიოდე სიტყვა ვაშაძის დღევანდელ პოლიტიკურ პარტნიორებზეც ვთქვათ. ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე საინტერესოდ მოსაუბრე და კრეატიული პერფორმანსების ორგანიზატორია და ამომრჩევლის თვალში ასე უფრო აღიქმება, ვიდრე პოლიტიკოსად, ელენე ხოშტარია კი უფრო აქტივისტია, ვიდრე პარტიის ლიდერი.

მოუტანს თუ არა ვაშაძეს, ჯაფარიძესა და ხოშტარიას რაიმეს მათი ალიანსი?! ზოგადად, რამდენიმე არცთუ მაღალრეიტინგული პარტიის თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ მრისხანე და მაღალრეიტინგული პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება. ფორმა კი არა, შინაარსია შესაცვლელი. შეცვლიან კი?! თუ ახდება ზოგიერთი ექსპერტის წინასწარმეტყველება, რომ სამეული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაცმოძრაობასთან" გააფორმებს ალიანსს?! ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ექსპერტი პირდაპირ ამბობს, რომ რეალურად, ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას უკან კეზერაშვილი დგას და შესაბამისად, მათი "ნაცმოძრაობასთან" ჩახუტება მხოლოდ დროის საკითხია. დიდი ბლოკის ლიდერი კი ვაშაძე იქნება, რათა არჩევნების წინ უკანა პლანზე გადაიწიოს არაპოპულარულმა ხაბეიშვილმა. თუ ასეთი ალიანსი გაფორმდა, რა თქმა უნდა, იხეირებს "ნაცმოძრაობა" - ეს ყველაფერი შეიფუთება ერთ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებად. სამაგიეროდ, გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივაში წააგებენ ვაშაძე, ჯაფარიძე თუ ხოშტარია, რადგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბების შანსს დაკარგავენ. რაც შეეხება ნეიტრალურ ამომრჩეველს - ვაშაძის ან ჯაფარიძის ხათრით ვინმე მისცემს ხმას მერაბიშვილ-კეზერაშვილის პარტიას?! ძალიან საეჭვოა.

pagepp2-1679223614.jpg

ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერსპექტივა, რომ მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებულიყო, ჰქონდა "ლელოს". მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბიზნესიდან მოვიდნენ, შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მათ არასერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებს. თავიდანვე ისეთივე მესიჯებით საუბრობდნენ, რომელიც სწორედ ნეიტრალურ და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იყო გათვლილი - "ისე უნდა დავამარცხოთ "ოცნება", რომ ხელისუფლებაში "ნაცმოძრაობა" არ დაბრუნდეს". თუმცა შემდეგ "ლელომაც" შეცდომა დაუშვა - დათანხმდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს მაშინ, როდესაც მერობის კანდიდატი ნიკა მელია იყო. თუმცა ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ "ლელოში" გააანალიზეს შეცდომები და მოახდინეს დისტანცირება "ნაცმოძრაობისგან".

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებს" - შეცდომა იყო ის, რომ ზოგჯერ ელისაშვილი უფრო მძაფრად აკრიტიკებდა თავის კოლეგა ოპოზიციონერებს, ვიდრე "ოცნებას". გასაგებია, რომ ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები. კერძოდ, ელისაშვილისა­ და იოსელიანის პარლამენტში შესვლა დანარჩენმა ოპოზიციონერებმა ლამის­ ღალატად მონათლეს. თუმცა, ალბათ, შესაძლებელი იყო მეტი ბალანსის მოძებნა.

"გირჩზეც" იმავეს ვიტყვი. უფრო მეტი დრო დაკარგეს კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკაზე, ვიდრე რაღაც კონკრეტული საკითხების განხილვაზე.

შუალედური პოზიციის დაკავებას­ ცდილობს "ევროპული საქართველო", თუმცა მისი ლიდერთა ნაწილის ისევ სააკაშვილის ბანაკში დაბრუნებამ ამ პარტიას სერიოზული დარტყმა მიაყენა. შესაძლოა ვცდებოდეთ, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია 2024 წლის არჩევნებამდე ამ პარტიამ წელში გამართვა შეძლოს.

რა რესურსი აქვთ პარტიებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" კონკურენტები იყვნენ?!

რა თქმა უნდა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, იმას არ ნიშნავს, თითქოს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის პოლიტიკური ცხოვრება დამთავრებულია. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა ქვეყნისთვის. სავარაუდოდ, გამოსავალი ტაქტიკისა და სტრატეგიის შეცვლაშია.

პირველ რიგში, "ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. როდესაც თავმჯდომარე ნიკა მელია იყო, კიდევ შეიძლებოდა იმის თქმა (რა თქმა უნდა, საკამათოა ეს საკითხი), რომ ისინი თანამშრომლობენ იმ ლიდერთან, რომელიც არ არის ასოცირებული ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან. თუმცა დღეს პარტიას მერაბიშვილ-კეზერაშვილი აკონტროლებენ და "ნაცებთან" თანამშრომლობა პირდაპირ ნიშნავს ამ პერსონაჟებთან ერთ მაგიდასთან დასხდომას.

მეორეც - ყველა პარტიას დაახლო­ებით ერთნაირი მესიჯბოქსი აქვს: პროდასავლურობა და რუსეთუმე ხელისუფლება. პროდასავლურობის თემას არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, პირველ რიგში, ქართველი საზოგადოება, მაგრამ ამომრჩეველი რომ მივა საარჩევნო ყუთთან (ეს ყველაზე კარგ ვარიანტში. ყველაზე ცუდ ვარიანტში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სახლში დარჩება), ის ხომ დაუსვამს თავის თავს კითხვას, რატომ უნდა მივცე ხმა, ვთქვათ, "ლელოს" და არა "სტრატეგია აღმაშენებელს" ან სხვა პარტიას?! რა განსხვავებაა მათ შორის?!

ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს - უმუშევრობა, განათლების პრობლემა, სიღარიბე, დაულაგებელი ჯანდაცვის სისტემა და ა.შ. ამიტომ პარტიებმა აი, ამაზე რომ გააკეთონ აქცენტი და კარგად შეფუთონ მესიჯბოქსი, შესაძლოა ამომრჩევლის გული მოიგონ. თუ სოციალური და ყოფითი საკითხები ჩვენი პოლიტელიტის დღის წესრიგში არ დაბრუნდა, მანამდე ოპოზიცია იტრიალებს ამ მოჯადოებულ წრეზე.

P.S. საუბარი იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი და ახალი ძალა სჭირდება სადღეგრძელოს ჰგავს. ახალი ძალა ციდან არ ჩამოვარდება. მათ "გამოჩეკას" ძველებმა უნდა შეუწყონ ხელი, თუ, რა თქმა უნდა, თავად დარჩნენ პოლიტიკურ რადარებზე.

გიორგი კვიტაშვილი