„ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერეთ, რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ“ - კვირის პალიტრა

„ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერეთ, რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ“

"ახალგაზრდებმა გვიხსნეს", - ასე აფასებს პოეტი გაგა ნახუცრიშვილი ე.წ. აგენტების კანონის გამო განვითარებულ პროცესებს. თავადაც ყოველდღე აქციაზე იყო და ნახა მათი თავდადება.

- იმ მძიმე დღეების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ახალგაზრდების გამარჯვებაა და მავანი პოლიტიკური ძალები ტყუილად ლაპარაკობენ აღტყინებული სახით, თითქოს ამაში მათი წვლილი იყოს. ჩვენ ვნახეთ, როგორ გასწიეს ისინი განზე. იმ დღეებში სულ იქ ვიყავი და ვატყობდი, ახალგაზრდებს გააზრებული ჰქონდათ, რომ ქვეყანას, ანუ მათ მომავალს ემუქრება საფრთხე. ეს ორი რამ ერთი და იგივეა. თუ ამას ვერ გაიაზრებდნენ თავიანთი მომავლის დაღუპვაში მათი წვლილიც იქნებოდა. ამას თუ ვერ გაიაზრებდნენ, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს მომავალი არ ჰქონია და ყველაფერი მართლაც ფუჭი და ამაო ყოფილა. ხელისუფლება დათმობაზე იმიტომ წავიდა, რომ მიხვდა, ახალგაზრდობა უკან არ დაიხევდა, ვითარების მეტად გამწვავებისთვისაც მზად იყო. მმართველი გუნდი არ დათმობდა და თავის თავს დააბრალებდა, მათ სამუდამოდ დაასამარებდნენ.

- როგორ?

- უწყვეტი აქციებით, რომელთა მას­შტაბურობა ყოველდღე იზრდებოდა. უკვე აშკარაა, რომ მათ მომავალი აღარ აქვთ, მაგრამ მათი დასასრული უფრო მეტად დაჩქარდებოდა. შეიძლებოდა ამით ქვეყანა უფრო დაზიანებულიყო, ისეთი გამოუსწორებელი შედეგი მოეტანა, რომ ფეხზე კიდევ დიდხანს ვერ დავდგებოდით. ასეთ ქმედებას ჩვენთვის სიკეთე არასდროს მოუტანია. ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ საზოგადოება რჩება.

ეს იყო მავნებლური კანონი, რომლის მიღებისთანავე ტოტალიტარულ რეჟიმში დავბრუნდებოდით. ის ქვეყანას სულიერად, მატერიალურად, ზნეობრივად გააღარიბებდა. ეს ძალიან კარგად იცოდა მმართველმა გუნდმა, მაგრამ მაინც წავიდა ამაზე, თუ რატომ, ამაზე პასუხი, ალბათ, თავად აქვთ. ეს რომ გაეტანათ მთელი ცივილიზებული სამყარო ზურგს შეგვაქცევდა, ვინაიდან როგორც ეშმაკებზე ნადირობა არ შეიძლება, ისე არ შეიძლება მიიღო კანონი, რომელიც უკანონობას აკანონებს. მისი მიღების შემდეგ უკვე სხვა, რუსულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, რუსულ გუბერნიად გადავიქცეოდით. არადა, ამ 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობისკენ, სახელმწიფოს შენებისკენ, წინსვლისკენ ბრძოლით, ცრემლით, სისხლით და შიდა თუ გარე დაპირისპირებით ვიარეთ. რუსეთმა წაგვართვა რეგიონები, რამდენიმე წელი უშუქოდ, ცხოვრების ელემენტარული პირობების, სრულფასოვანი განათლების, თაობის დაკარგვის და უდიდესი მსხვერპლის ფასად ბეწვის ხიდზე ვიარეთ და აქამდე მოვედით. როგორღაც სინათლეს, ევროპას, დასავლეთს მივუახლოვდით. რუსეთი გაფაციცებით უყურებს ჩვენს ყველა ნაბიჯს, ერთი სული აქვს სიტუაცია აიმღვრეს, რომ მაშინვე "მხსნელად" მოგვევლინოს. ამის არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ერთი პატარა სისუსტე, უყურადღებობა და მოდუნება და, მაშინვე უკან დავბრუნდებით.

დიდი არჩევანი არა გვაქვს - ერთ მხარეს არის ევროპა, მეორეზე კი რუსეთი - ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელმაც ბოლო წლებში, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ თავის თავსაც კი აჯობა სიბნელითა და სისასტიკით, მაგრამ რატომღაც აი, ასეთი სახელმწიფოს წიაღში უნდა დაბრუნება მოსახლეობის ერთ ნაწილს. მიაჩნიათ, რომ იქ არის ხსნა, გადარჩენა და განვითარება, მაგრამ ეს არასდროს მოხდება.

ამის იმედს ხალხის აქტიურობა მაძლევს. ბოლოს და ბოლოს, გავაცნობიერეთ, რომ სახელმწიფო ჩვენ ვართ. ჩვენს აქტიურობაზე დგას ქვეყნის მომავალი.

- ანტიდასავლურ გზასაც ჰყავს გულშემატკივარი. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა დაწვეს.

- ამ ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა მეხუთე კოლონა. ახალი არაფერი გვინახავს, საქართველოში ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. იმედია, ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. საქართველოში პრორუსული ელექტორატი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ძალიან ცოტა, ისინი ამინდს ვერ შექმნიან და ეს ვნახეთ 7, 8, 9 მარტის აქციების დროს. მე ყოველთვის ახლო ურთიერთობა მქონდა ახალ თაობასთან და ვიცოდი, რომ ასე ადვილად სამართავი არ არის. პოლიტიკოსებმა სცადეს, მაგრამ ისინი არ შეუშვეს თავიანთ რიგებში. გულით მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა­ უკეთეს ქვეყანას ააშენებს. მათ აქვთ ამის პოტენციალი. იმ რამდენიმე დღე-ღამეში ახალი საქართველო დაიბადა. ლაღი, ხალისიანი, ისეთი, როგორიც არის ქართველის ბუნება, მაგრამ, იმავდროულად, პრაგმატული და მიზანსწრაფული. ამ დღეებში, მუდმივად გენიალური ოთარ ჭილაძის სიტყვები მახსენდებოდა - ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი, ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე - რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

რომ არა ახალგაზრდების აქტიურობა, თავდადება, იმ კანონის თემა ასეთ მარტივად არ ჩაივლიდა. ახალგაზრდებმა თავიანთი ჯიუტი, ცივილიზებული და მშვიდობიანი პროტესტით აიძულეს ხელისუფლება უკან დაეხია.

მოსახლეობაში ისედაც დიდი ბზარი იყო და ამის შემდეგ უფრო გაღრმავდა. ვითომ დეპოლარიზაციას ცდილობენ, სინამდვილეში გაუაზრებელი, უგუნური ქმედებებით ყოველდღე აღრმავებენ ბზარს. საზოგადოებამ დაინახა, რომ მთავრობა მზად იყო ქვეყანა ტოტალიტარიზმში დაებრუნებინა. მერე ერთმანეთში აირივნენ - ხან ერთს ამბობდნენ, ხან მეორეს. თუ ამერიკული იყო, ამერიკა და ევროპა რატომ ეუბნებოდნენ, ეს კანონი დემოკრატიისთვის დამღუპველი იქნებაო; იქით რუსეთი გაბრაზდა, ვაშინგტონი საქართველოს შიდა საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერია და დემოკრატიიდან გადაახვევინაო. როგორც ყოველთვის, ახლაც აშკარა იყო მისი ცხოველი ინტერესი.

რუსეთი ხომ გამუდმებით ცდილობს სამეზობლოში ვითარება აამღვრიოს, შემდეგ კი ამით იხეიროს, ჩასაფრებულია, მით უფრო, რომ უკრაინაში არც ისე კარგი ამბები აქვთ. ამიტომ, როორც კი შესაძლებლობას დაინახავს, მეხუთე კოლონას აამუშავებს. ამით რამდენიმე საქმეს გააკეთებს - თავის მოსახლეობას აჯერებს, რომ მთელი დასავლეთის პირისპირ ყოფნის მიუხედავად, სიტუაციას აკონტროლებს. დასავლეთს კი აჩვენებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცესა და არა მარტო ამ ქვეყნებში, საყრდენი მაინც აქვს და ასე ადვილად დათმობას არ აპირებს. ასეთ ქვეყნებში თავის მცირე მხარდამჭერებს ეუბნება, ნუ გეშინიათ, გარყვნილი დასავლეთისგან ყოველთვის დაგიცავთო. ასე პრიმიტიულად აქვს ყველაფერი განსაზღვრული და რა გულსატკენია, რომ ვიღაცებს სჯერათ მისი, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ქვეყანაში, სადაც რუსული გავლენა დომინანტია, არათუ დემოკრატია არ არის, მოსახლეობას უმძიმესი კორუფციის, ჭაობის, უზურპატორი მმართველების ხელში გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.

სწორედ იმ მავნებლური კანონის მიღების შემდეგ გაუარესდა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ყოფა. "ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება" პირდაპირ ღალატად ითვლება. საქართველოშიც უკანონობის დაკანონების შემდეგ დაიწყებოდა "აგენტების", "მოღალატეების" ძახილი, "გამყიდველების" ძებნა, ანონიმური წერილების წერა.

- ისე, როგორც 30-იან წლებში, არა?

- დიახ, საქართველოს ხომ ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს, რამდენი ათასი უდანაშაულო ცნობილი თუ უცნობი შეეწირა ვიღაცების ვნებებს. დასმენები და ანონიმური წერილები საკუთარ ტყავზე გვიწვნევია, წაგვიკითხავს. სხვადასხვა სისხლიან რეჟიმს ემსხვერპლნენ ამბროსი ხელაია, დიმიტრი ყიფიანი, პაოლო იაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო... ეს კანონი იმ საშინელი 30-იანი წლების რეპრესიების გამოძახილია. მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა, მაგრამ მაინც ვერ გავთავისუფლდით მაშინდელი გავლენებისგან. წარმოიდგინეთ, რა სიმძაფრით უნდა ჩარჩენილიყო ქართველთა მეხსიერებაში, რომ დღემდე ვერ ვიშორებთ. ეს სახადია, რომელიც ჯერ ვერ მოვიხადეთ. დამოუკიდებლობას დიდი და მძიმე პასუხისმგებლობა ახლავს. გზადაგზა უკან, სიბნელეში ჩათრევის რისკებიცაა, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც გვაქვს გონი და სიბრძნე, რაც მთავარია, ძალა, რომ ყოველდღე ვებრძოლოთ ბოროტს, რათა სიკეთემ, სინათლემ გაიმარჯვოს.ის კანონი უკან გათრევის კიდევ ერთი ცდა იყო. ალბათ, შეამჩნევდით, მარტო ევროპა კი არა, სამხრეთი კავკასიაც ყურადღებით ადევნებდა თვალს თბილისის მოვლენებს. სამხრეთ კავკასიის რეგიონს, განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთს, რუსეთი­ დღემდე თავის უკანა ეზოდ მიიჩნევს, ამიტომაც ღელავდნენ სომხები და გვამხნევებდნენ. ევროპისკენ სავალი გზა მათთვის სწორედ საქართველოდან გადის. მათ ჩვენზე მეტი იწვნიეს რუსეთისგან. დღემდე ვერ მოიშორეს ეს სახადი, რომელიც ყველა გზით ეპოტინება, თუმცა იქაც დიდი გამოღვიძება დაიწყო და იმედია, მიზანს მიაღწევენ. რაც უფრო დალაგებული სამეზობლო ეყოლება საქართველოს, მით უკეთესი იქნება ჩვენი განვითარებისთვის.

რუსეთი ყოველთვის ებრძოდა ყველაფერ ქართულს, ეროვნულს, ღირებულს. საბჭოთა რეჟიმის დროს, თანაც რუსეთში დავიბადე და კარგად ვიცნობ იმ სისტემას. თუმცა დღევანდელი რუსეთის მაშინდელ საბჭოთა კავშირთან შედარებაც კი არ შეიძლება. ახლანდელი რუსეთი 30-იანი წლების საბჭოთა რეჟიმს ჰგავს.

- როგორ ფიქრობთ, ვერ გათვალეს საზოგადოების რეაქცია?

- არ ვიცი, ვერ ვიგებ მათგან ასეთ აბსურდულ უგუნურებას. ძნელი დასაჯერებელია, რომ ევროპულ სიკეთეებს რუსული რეალობა ერჩივნოთ. ასე რომ იყოს, შვილებს განათლების მისაღებად დასავლეთში არ გაგზავნიდნენ. ეტყობა, ეგონათ, ასე ძალაუფლებას გაიმყარებდნენ და ქვეყნის მართვა უფრო გაუადვილდებოდათ. არც ის მგონია სიმართლე, რომ როდესაც ე.წ. აგენტების კანონს ამერიკულს ადარებდნენ, განსხვავება არ სცოდნოდათ. ასეთი ბნელებიც არ არიან, ყოველ შემთხვევაში, ყველა... უფრო თავის მოკატუნებას ჰგავდა ეს ყველაფერი.

- ევროკავშირის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ქართველი ერი იმსახურებს ევროპას. როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით წინ ვართ?

- ამიტომ არის ევროპა ჩვენი მიზანი, რომ ის ხედავს რეალობას. დიახ, ხალხი იმსახურებს, თორემ ესენი რასაც იმსახურებენ, ძალიან კარგად ვიცით. ასეთი უუნარო, მავნებელი ხელისუფლება არ მახსოვს. წინა ხელისუფლების მერე ასეთ შეფასებას ნამდვილად დამსახურება უნდა. "ოცნება" აქამდე რომ მივიდა, ჩვენი, საზოგადოების პასუხისმგებლობაც არის. ახალგაზრდებმა გვიხსნეს. თუმცა მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი ბრძოლა გვჭირდება. 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ასეთ დროს, ე.წ. აგენტების კანონი შემოაგდეს. ეს არ არის მიზანმიმართული მავნებლობა?.. ეს ხომ პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ.

საქართველოს ისტორია სავსეა სამშობლოსთვის თავდადებული გმირებით, სასულიერო პირები იქნება თუ სამოქალაქო, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა, რომელთა გვერდითაც იბრძვიან ჩვენი თანამემამულეები, კიდევ დაგვანახა, რომ სამშობლოს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ფასი არა აქვს, ის სიცოცხლეზე მაღლა დგას. ერიხ მარია რემარკმა თქვა, ბნელ დროში ნათელი ადამიანები კარგად ჩანანო. ახლაც გამოჩნდნენ. მთავარია, ბევრნი იყვნენ, ერთ ძალად გაერთიანდნენ და ესენი შემდგომაც უკან დაიხევენ.