„წელიწადში 4 თვეს ვშორდები ყველანაირ კომფორტს, რათა შევხვდე ღარიბ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით ბედნიერები არიან...“
ახალგაზრდა მოგზაური ქალი გასაოცარი შესაძლებლობებით: არაერთ ნიჭთან ერთად, განგებამ ერთი დიდი ნიჭიც რომ აჩუქა - მთელი დედამიწის სიყვარულის უნარი, განსაკუთრებით კი, დედამიწის იმ პაწაწინა წერტილის, ოზურგეთის სოფელი გომი რომ ჰქვია. ეს მომხიბლავი მოგზაური, ლიკა დუმბაძე, სწორედ გომელია. სოფელი გომი მუდამ მისი ბოლო "გაჩერებაა" ყველა მოგზაურობის შემდეგ. სწორედ აქ აშენებს მოგზაურთა ბანაკსაც! ბანაკის იდეა თვით ექსტრემალმა გურულებმაც კი გაიკვირვეს და თანაც, გააფრთხილეს, ლიკა, არ ქნა მაგი, არ გამუაო, არადა, ყველაფერიც გამოვიდა. ბანაკი უკვე აშენდა და უკვე 2020 წლიდან მასპინძლობს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან. ხალხი აქ კოტეჯებსა და კარვებში ცხოვრობს, ხვდება სხვა მოგზაურებს, ეცნობა ლამაზ გურიასა და გომელებს, მერე კი ისევ თავისი გზით მიდიან, იქ, სადაც "გურულ გამოცდილებაზე" სხვებს უამბობენ, ჩვენ კი ლიკა გვიზიარებს ამბებს, რომელთაც სოციალური სივრცეში უამრავი მომწონებელი ჰყავს.
- მოგზაურობა 8 წლის წინ დავიწყე, ამის სოციალურ ქსელში აღწერა კი არც ისე დიდი ხანია. იცით, რატომ? სოციალური სივრცე იმდენად გაჯერებულია შელამაზებებით, რომ ბუნებრიობის შეტანის სურვილი გამიჩნდა. მსურდა ჩემი მოგზაურობიდან ყველაფერი ისე აღმეწერა, როგორც სინამდვილეშია. ჯერ სოფელ გომზე გეტყვით. ჩემთვის ის დღესაც თავისუფლების ისეთივე სიმბოლოა, როგორადაც ბავშვობაში მიმაჩნდა, როდესაც თბილისიდან სკოლითა და ჩოგბურთით დაღლილი გურიისკენ მივიჩქაროდი. აქ მდინარე ბჟუჟი, გურული მეგობრები და ბუნება მელოდა. 2014 წელს ტარტუს უნივერსიტეტში წავედი სასწავლებლად. აი, ამ დროს მიება ჩემი, როგორც მოგზაურის ცხოვრება. როდესაც უნივერსიტეტისაგან თავისუფალ დროს გამოვნახავდი, მაშინვე სამოგზაუროდ მივდიოდი, ოღონდ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი და რაც უნდა საინტერესო მენახა, ყველაფერს გომს ვუკავშირებდი. ვამბობდი, როდესაც ჩემი კუთხე მექნება, იქ მოვაწყობ იმ ყველაფერს, რაც უცხოეთში მომეწონა-მეთქი. საბოლოოდ, უნივერსიტეტის სტიპენდიით და ოჯახის დახმარებით გომში მიწის ნაკვეთიც შევიძინე და ბანაკის მშენებლობაც დავიწყე.
ამასობაში მოგზაურობის გამოცდილებაც დამიგროვდა. ვიცხოვრე ესპანეთში, არგენტინასა და იტალიაში, რადგან ყოველთვის მსურდა უცხო ქვეყნების გაცნობა. გომის ბანაკის მშენებლობა 2020 წელს დავიწყე. ის დრო იყო, რომელიც პანდემიის გამო სახლში გამოკეტილს უნდა გამეტარებინა, მე კი მშენებლობაში გავატარე. მუშაობაში ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ და ყველა მოგზაური იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, თითქმის ყველაფერი მეორადი მასალით ავაშენეთ და საბოლოოდ მაინც ავაშენეთ. ასე რომ, უკვე არა მარტო ხის კოტეჯები და კარვები გვაქვს, არამედ საპიკნიკე ადგილებიც, სამზარეულოც და საცეცხლეც, სადაც ყოველღამე მოგზაურები იკრიბებიან და ერთმანეთს მოგზაურობის ამბებს უყვებიან. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, დიდი მადლობა მათ, ვინც გვერდში დამიდგნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არაფერი მქონდა, გარდა იდეისა. მადლობელი ვარ, ვინც მეუბნებოდა, მაი არ გამუაო, მათ უფრო მეტი ძალა მომცეს. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებმა ჩემი სოფლის სიყვარული მასწავლეს. რომ არა ეს, იმ ხალხის სიყვარული, რომელიც გომში ცხოვრობს, დღეს ეს ბანაკი არ იქნებოდა. მადლობა "აწარმოე საქართველოს", რომელმაც პროექტი აღიარა და ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობაში დამეხმარა.
- რამდენადაც ვიცი, საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობთ.
- ზაფხულს ძირითადად იტალიაში ვატარებ, რადგან იქ ვმუშაობ, - ქორწილების ორგანიზებით ვარ დაკავებული. შემოდგომა-გაზაფხულზე საქართველოში ვარ, ზამთრის თვეებში კი ვმოგზაურობ. ჩემი კლიენტები უმეტესად უცხოელი წყვილები არიან, რომელთაც სურთ იტალიაში ქორწილის გადახდა. ტრადიციებით იტალიური და ქართული ქორწილი ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა არის პატარ-პატარა სხვაობები. მაგალითად, თუ საქართველოში ნეფე ოჯახსა და მეგობრებთან ერთად პატარძალს სახლში აკითხავს და შემდეგ ერთად მიდიან ჯვრის დასაწერად ან ხელის მოსაწერად, იტალიაში ნეფე ეკლესიაში ან სიმბოლური ცერემონიის ადგილას ელოდება პატარძალს. როდესაც დედოფალი საყდარს უახლოვდება და სასიძო მას პირველად ხედავს, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. ისევე როგორც საქართველოში, იტალიაშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კვებას. თუმცა იტალიურ ქორწილებში კერძები სუფრაზე არ იდგმება. რიგრიგობით შემოაქვთ, დესერტის შემოტანის შემდეგ ჭრიან ტორტს და შემდეგ იწყებენ ცეკვას. კერძების შუალედში არსებული დროს იყენებენ სპიჩების სათქმელად, ერთმანეთის გასაცნობად და ძალიან კარგად ერთობიან. ქორწილში ყველა სტუმარს ერგება საჩუქარი - ქორწილის დასასრულს წყვილი ყველა სტუმარს სათითაოდ გადასცემს.
- თქვით, რომ სხვაობაა მოგზაურსა და ტურისტს შორის, უფრო კონკრეტულად ამ სხვაობაზე.
- დიახ, ჩემთვის მოგზაური და ტურისტი განსხვავდება ერთმანეთისგან, განსხვავება უფრო ფილოსოფიურია. ტურისტი გეგმის მიხედვით მოგზაურობს, შედგენილი აქვს სანახავი ადგილების სია, მოგზაურები კი გრძელვადიან მოგზაურობაში მიდიან, გეგმის გარეშე და სპონტანურობას ანიჭებენ უპირატესობას. იმ ადგილების ნახვას ცდილობენ, სადაც ბევრი ადამიანი არ ყოფილა. ტურისტები მოგზაურობისას ყველას და ყველაფერს ფოტოებს უღებენ ხოლმე, ჩვენ, პირიქით, ისეთ ადგილებში დავდივართ, აქეთ გვიღებენ ფოტოებს, რადგან ევროპელებს პირველად ხედავენ. ზოგან ჩემი ცისფერი თვალები აკვირვებთ, მეუბნებიან, ფილმის გოგოს ჰგავხარო. ბავშვები, დიდები, ყველა ხელს გიქნევს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს შენ კი არა, პრინცესა დაიანამ ჩაიარა.
- ვისთან ერთად მოგზაურობთ?
- ჩემი მეუღლე, რაფაელე ამატოსი, იტალიელია, ის ესტონეთში, მაგისტრატურაში სწავლისას გავიცანი. ახლა მასთან ერთად ვმოგზაურობ. ხანდახან ჩვენი თავისუფალი დრო ერთმანეთს არ ემთხვევა და ცალ-ცალკეც ვმოგზაურობთ.
- როგორც მოგზაური, რას ფიქრობს საქართველოზე?
- რაფაელესთვის საქართველო უკვე მეორე სახლია და მოგზაურის თვალით ვეღარ აფასებს, საქართველო გულით შეიყვარა. მოგზაურობისას უკვე ჩემზე აქტიურად ცდილობს მოუყვეს ყველას ამ საოცარი ქვეყნის შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში სამოგზაუროდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გაგვიცნო, ეს ძალიან გვახარებს.
- გისმენთ და ვფიქრობ, აი, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დედამიწა საკუთარ სახლად აქცია, მაგრამ როდესაც ამდენ განსხვავებული კულტურის ადამიანს ხვდებით, მათთან ხანგრძლივად ხართ და ემოციებს ინაწილებთ, ეს სტრესებს არ იწვევს? თქვენი მოგზაურობის ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ ემოციათა განაწილების ოსტატი ხართ. საინტერესო ჩანაწერები გაქვთ, თუნდაც ინდოეთში მოგზაურობაზე: "ინდოეთში, მილიონობით ადამიანი მგზავრობს საერთო კლასის ვაგონით. ეს ხალხი 10-14 საათის განმავლობაში ფეხზე დგას და ოფლში იღვრება, რაც მათი ჩვეულებრივი ყოფაა, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორიც შეიძლება ჩვენთვის, დილით, მზის ამოსვლით ტკბობის ნაცვლად, ცემენტის შენობების ყურება ან დღეში 10-14 საათი ოფისში, ოთხ კედელს შუა გამომწყვდეული, კომპიუტერის ეკრანთან ჯდომაა. ამ სურათის მნახველს, როგორც ყველას, თავიდან მეც მადლიერების გრძნობა გამიჩნდა განგების მიმართ, რომ ინდური მატარებლით მგზავრობა არ მიწევს, მაგრამ მერე ეს გრძნობა თანაგრძნობამ და სიბრალულმა ჩაანაცვლა. თუმცა მგზავრობის 14 საათი საკმაო დროა და ამ დროში განცდებიც ცვალებადობს. ასე რომ, ბოლოში სხვა რამ დავინახე: რამდენს გვგონია, რომ ცხოვრებაში ამ ხალხზე მეტად გაგვიმართლა. არადა, სულ ტყუილად: ეს ხალხი იმდენად ლაღად გრძნობს თავს, იმდენად გულწრფელები არიან თავიანთ ემოციებში, მეეჭვება, რომ მათ ჩვენზე, მათდამი თანაგრძნობით განწყობილებზე მეტად აწუხებდეთ უძილობა, დეპრესია, შფოთი და ჯანმრთელობის სხვა თემები. პირიქით, ჩემი დაკვირვებით, ისინი გაცილებით მეტ ჰარმონიაში ცხოვრობენ, ვიდრე ბევრი ჩვენგანი".
- დიახ ასეა. რაც უფრო მეტად ხვდები დედამიწის უბრალოებას, მით უფრო აცნობიერებ, რომ სწორედ არის სიმშვიდის მომტანი და არა ქონების დაგროვებისათვის დაუმთავრებელი ტანჯვა. თუმცა მოგზაურობის სირთულეები მართლაც არის იმ ემოციების დაგროვებაში, რაც სხვადასხვა ხალხთან ხანგრძლივი ყოფნით გიჩნდება. როდესაც ადგილობრივებთან ერთად დგახარ ბილეთის რიგში, მერე კი მათ გვერდით საათობით მგზავრობ გადაჭედილ მატარებელში, შეიძლება შენთვის ძალიან ახლობლებიც გახდნენ, მისმა სულიერმა მდგომარეობამ შენზეც იმოქმედოს. მსგავსი რამ დამემართა ინდოეთში, რომელსაც ყოველთვის სულიერების ქვეყნად აღვიქვამდი. ამ დროს ჩავედი და ვნახე, რომ საშინელი სიღარიბე და სიბინძურეა, რომ ყველა გატყუებს, რის გამოც ძალიან გავღიზიანდი. გამიჭირდა მათი გასაოცარი კულტურის შეცნობა, ამიტომ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ადამიანების განსჯის ნაცვლად, იმაზე მემუშავა, როგორ მიმეღო ისინი ისეთებად, როგორიც არიან. როდესაც საკუთარი თავი ასე შემოვატრიალე, ხალხსაც სხვა თვალით დავუწყე ყურება. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ სულში ჩაიხედავ. ეს მეთოდი ურთიერთობას სხვაგანაც მიიოლებს.
- ერთი რომელიმე კონკრეტული დღე გაიხსენეთ თქვენი მოგზაურობიდან...
- ტაილანდში გატარებულ ერთ დღეს გავიხსენებ... გრძელი კისერი ბირმაში დიდი ხნის განმავლობაში სილამაზედ ითვლებოდა. გოგონები ბავშვობიდან ატარებდნენ ლითონის რგოლებს კისერზე და სიკვდილამდე არ იხსნიდნენ. ჩრდილოეთ ტაილანდში დღესაცაა შემორჩენილი ეთნიკური უმცირესობა, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან ომს და ძალადობას გამოექცნენ. მათ დღესაც უკეთიათ კისერზე ლითონის რგოლები და უამრავ ტურისტს იზიდავენ უჩვეულო გარეგნობით. ისინი ტაილანდში ლტოლვილებად აღიქმებიან და არა აქვთ იგივე უფლებები, რაც ტაილანდელებს!
ერთ პატარა სოფელში მოვხვდით, სადაც უამრავი სპილო ჰყავდათ, სპილოზე დაჯდომა აკრძალული იყო, მხოლოდ მათთან თამაში და გამოკვება შეიძლებოდა და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ისე გავუშინაურდი ერთ სპილოს, რამდენიმე წუთის მერე ხორთუმი შემომხვია და ჩამიხუტა, საოცარი დღე იყო.
- დედამიწის რომელიმე შორეულ წერტილში აუცილებლად წააწყდებით რაიმეს, დაკავშირებულს საქართველოსთან. ამ დროს რას მოიმოქმედებთ ხოლმე?
- რაც საქართველოდან წამოვედი, კიდევ უფრო გამიძლიერდა იმაზე ფიქრი, რომ სამშობლოსთვის რაიმე ღირებული უნდა გავაკეთო. შრი-ლანკაში ერთ აფხაზს შევხვდი და ის განცდები არ მავიწყდება. ის სერფინგის მწვრთნელად მუშაობდა. ერთ მომენტში დიდი ტალღები წამოვიდა და ჩემი მეუღლის სერფინგს მოხვდა. ამას შეიძლებოდა ცუდი შედეგი მოჰყოლოდა. ველოდით, რომ ის ბიჭი აღშფოთდებოდა და გაგვიბრაზდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ვხედავ, ჩემი მეუღლე იმ ბიჭს ესაუბრება და თან მე მეძახის, მოდიო. ჩემს ქართველობას თავიდან ცოტა დაძაბულად შეხვდა, მაგრამ როდესაც ვუთხარი, აფხაზეთი საქართველოა და შეუძლებელია ქართველებს აფხაზები გვძულდეთ-მეთქი, განწყობა შეეცვალა. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. მაისში საქართველოში აპირებს ჩამოსვლას და მოგზაურობას ჩემი ბანაკიდან იწყებს. სწორედ ასეთი ემოციებისთვისაც ღირს მოგზაურობა.
- ამ ამბით გამახარეთ. მითხარით, რომ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას არჩევთ, რაც ნიშნავს, რომ ხელმოკლედ მოგზაურობთ, როდესაც სირთულე მეტია, კომფორტი კი ცოტა.
- კი ასეა. მცირე ბიუჯეტით მოგზაურობა რთულია, იმდენად საინტერესო და ეგზოტიკურია. შემიძლია კომფორტულადაც ვიმოგზაურო, უფრო მოკლე ვადით, მაგრამ მე ნელი და გრძელვადიანი მოგზაურობა მირჩევნია. მინდა ბევრი ვიარო ფეხით, ავტობუსით, მატარებლით, ავტოსტოპით... ასე უკეთესად ვათვალიერებ დედამიწას, ხალხთან ურთიერთობის უფრო მეტი დრო მაქვს. გარდა ამისა, როდესაც ხალხი ზურგჩანთიან მოგზაურს ხედავს, ფიქრობს, რომ მას ზურგჩანთის მეტი არაფერი გააჩნია; ამიტომ არც არაფერს ელოდებიან მისგან, გულწრფელი ადამიანურობის გარდა. ამ დროს ადამიანების რეალურ სახეს ხედავ. გახარებს, როდესაც ფულის მოლოდინით კი არ გიღიმის, არამედ უბრალოდ, რომ გხედავს, თავს კარგად გრძნობს.
- არადა, ბევრს არ მოსწონს ღარიბი მოგზაურები, "უხარისხოს" უწოდებენ.
- ამას წინათ მეც მომწერეს სოციალური ქსელში, არ მიყვარს ღარიბი მოგზაურებიო, და აი, ჩემი პასუხიც: "მე ამალფის სანაპიროზე ვცხოვრობ, იტალიაში. ეს ნიშნავს, რომ წლის ყველაზე დიდ ნაწილს მდიდარი ადამიანების გარემოცვაში ვატარებ, სადაც ცხოვრებამ იმაზე მეტი რამ მასწავლა, ვიდრე ქორწილების ორგანიზებაა. აქ, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კურორტზე, მილიონერი არა მხოლოდ დამსვენებლები, არამედ მეზობლებიც გყავს. უყურებ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ხედავ, რომ მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, არ არიან ბედნიერები. მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვთ. რაც მეტი აქვთ, მით მეტი უნდათ, უფრო მეტი წარმატება, უფრო მეტი ფული, რომელიც არასოდეს არ არის საკმარისი. ვუყურებ და ვხვდები, რომ არ მინდა "ფერარიზე" ვიჯდე, არ მინდა "როლექსი" მეკეთოს ხელზე, არ მინდა 200-ევროიან ღვინოს ვსვამდე ყოველ ვახშამზე; არ მინდა წელიწადში მხოლოდ 2 კვირა მქონდეს თავისუფალი, დანარჩენს კი სულ მუშაობაში ვატარებდე; არ მინდა ბრენდული ტანსაცმელი, არ მინდა სახლში უსარგებლო ნივთები. არ მინდა ეს ყველაფერი, თუ დილით არ გავიღვიძებ და არ ვიქნები ბედნიერი.…
ამიტომ არის, რომ წელიწადში 4 თვეს ყველაფერს ვტოვებ და მოგზაურობას ვიწყებ. ვშორდები ყველანაირ კომფორტს, რომლის მისაღწევად საკმაოდ ბევრი ვიწვალე.…ვშორდები, რათა შევხვდე ღარიბ ადამიანებს, მართლა ღარიბებს, რომლებიც რაღაც სასწაულებრივად გაცილებით ბედნიერები არიან, ვიდრე ჩემი მილიონერი მეზობლები, და გაცილებით უფრო ბრძენნი, ვიდრე მდიდრულ სასტუმროში დატრენინგებული თანამშრომლები ან მათი დირექტორები!
მერე კი ვბრუნდები, დაბრუნება ძალიან მიყვარს. ამ დროს კომფორტული სახლი, ოჯახი, მეგობრები მელოდებიან... ყოველ დაბრუნებაზე უფრო და უფრო მეტად ვაფასებ, რაც მაქვს და ვცდილობ ჩემში ანთებული მზე და ენერგია სხვებსაც გავუნაწილო.
- გამოდის, ვერასოდეს ისვენებთ?
- არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომელთაც კომფორტს მიაღწიეს და იქიდან გამოსვლა აღარ სურთ.M როდესაც იტალიაში ქორწილის დიზაინის რუტინაში ვეფლობი და ყველაფერი იმდენად წარმატებით მიდის, რომ ფიქრიც აღარ მჭირდება რაიმე იდეის შესაქმნელად, ეს არ მომწონს. ამ დროს მზად ვარ კომფორტი მივატოვო და წავიდე იქ, სადაც მეტი გამოწვევა და განცდებია. ჩემი უდიდესი სიამოვნება იყო ცენტრალური ამერიკის პანამიდან მექსიკამდე ფეხით გადალახვა. უფრო კარგად გამოჩნდა, რომ აქ ადამიანები ღარიბები არიან; რომ არაფერი გააჩნიათ; გარეთ გასვლაც იმდენად სახიფათოა, რომ შეიძლება შინაც ვერ დაბრუნდნენ. ამის მიუხედავად მაინც ბედნიერები არიან. ცდილობენ ყოველი წამით დატკბნენ, ცეკვავენ, მღერიან და მხიარულობენ. მათ რომ უყურებ, ფიქრობ: ამ ხალხს არაფერი აქვს და მაინც ბედნიერია, შენ კი გაცილებით მეტი გაქვს, უსაფრთხოების არავინ გირღვევს და მაინც ეს გაჭირვებული ხალხი უფროა ცხოვრებით კმაყოფილი, ვიდრე შენ! მაშინ რა ხდება? ამაზე ფიქრი გაიძულებს, რომ ბედნიერების არსზე უფრო მეტი იფიქრო, ეცადო, ის შენში იპოვო და არა გარე მოვლენებში.
- ავტოსტოპითაც მოგზაურობთ. საშიში არ არის?
- სტატისტიკურად ავტოსტოპით მოგზაურობა სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორიც სხვა ტიპის მოგზაურობები. დედამიწაზე ბევრად მეტი კეთილი ადამიანია, ვიდრე ბოროტი. ასე რომ, ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ბოროტი მაინცდამაინც შენ შეგხვდება, მით უფრო, თუ პოზიტიურად იფიქრებ, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში.
ეკა სალაღაია
ეთერ ერაძე