„ბავშვობაში ყველა თოჯინა გაკორტნილი მყავდა“ - კვირის პალიტრა

„ბავშვობაში ყველა თოჯინა გაკორტნილი მყავდა“

"მე სილამაზეს ვქმნი, ამას კლიენტის დადებითი ემოცია მოსდევს,­ მე კი მისი კმაყოფილი გამომეტყველება მავსებს. ესაა სტილისტის პროფესია", - ამბობს ეკატერინე­ მელიქიშვილი. ჩვენს რუბრიკაში ეკატერინე აგვიხსნის, რატომ უნდა იცოდეს კარგმა სტილისტმა სხეულის ენა და დროდადრო ფსიქოლოგობაც შეითავსოს.

- ჩემი პროფესია ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მეწინააღმდეგებოდა, მაინც ჩემი გავიტანე. ხან სად ვიმუშავე და ხან სად სწავლის თანხის შესაგროვებლად და გავხდი ის, ვინც ვარ. თურმე ბავშვობაში ყველა თოჯინა გაკორტნილი მყავდა. ერთხელ ჩაძინებულ მამასაც შევაჭერი თმა. ჯერ გამართულად საუბარიც არ ვიცოდი და რომ მკითხავდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, ვპასუხობდი, "პახერმახერი", და აი, უკვე 21 წელია, "პახერმახერი" ვარ.

- როგორი წარმოგედგინათ ეს პროფესია?

- სანამ კარიერის საფეხურებს აუყვები, ბევრ ეტაპს გადიხარ. თავიდან არის დიდი სტრესი, უნდობლობა, გამომცდელად გიყურებენ და ელოდებიან, სანამ დაასრულებ შენს საქმეს. მუშაობ, თან კლიენტის მიმიკებს აკვირდები, კმაყოფილი ზის? დათრგუნვილი? გაბრაზებული? ამ დროს დიდ სტრესს განვიცდით. ეს ხდება საწყის ეტაპზე, სანამ თავდაჯერებას შეიძენ. ახლა უკვე გაზუთხული მაქვს, რომელ კლიენტს როგორ უნდა ვეკონტაქტო. არიან ისეთი კლიენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციის გასაცვლელად მოდიან, ზოგი კი ინტრიგანია. შეიძლება მოვიდეს ისეთი, ვისაც ფასი ეძვირება, მაინც იკეთებს ვარცხნილობას და გადახდის დრო რომ მოდის, გეუბნება, რომ არ მოსწონს, შინ რომ წავა, დაიშლის, ამიტომ გაძლევს მიზერულ თანხას, ეს ვარცხნილობა მეტი არ ღირსო. როცა ასეთი კლიენტი შემხვდება, ვეუბნები, ახლა მოგხსნით ჩემს თმის სამაგრებს, დაგბანთ, გაგიშრობთ და გაგიშვებთ ისეთს, როგორიც მოხვედით, თქვენი კაპიკი არ მინდა-მეთქი... არიან მომხმარებლები, რომელთაც სურთ მათ თვალწინ გასტერილდეს ხელსაწყოები, ითხოვენ ერთჯერად პირსახოცს და სანამ თავს დაბან, ნიჟარაც მის თვალწინ უნდა გაიხეხოს. მყავდა ერთი კლიენტი მამაკაცი, რომელიც მოითხოვდა, სანამ საღებავს დავადებდი თავზე, ფენით გამეთბო. ცივი არ სიამოვნებდა, არადა, საღებავის გათბობა არ შეიძლება, ეს კარგად იცოდა, მაგრამ მაინც მოითხოვდა.

- რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად მუშაობისას?

- როდესაც რთულ შეღებვას ვაკეთებ, რომელსაც დაახლოებით 5 საათი სჭირდება და ეს კლიენტმაც კარგად იცის, მიუხედავად ამისა, ხშირ-ხშირად მეკითხება: "1 საათში მოვრჩებით? კბილის ექიმთან ვარ ჩაწერილი და მოვასწრებ?" - ამაზე ვცოფდები, არ მიყვარს, როცა მაჩქარებენ. ექიმს ხომ არ ეტყვის, ოპერაცია დროზე დამიმთავრეო?! ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა კლიენტს ვიღაც ახლავს და მასთან საუბარში თავს აქეთ-იქით ატრიალებს, ან ტელეფონზე საუბრობს. ამ დროს დაძაბული ხარ, ან მაკრატელი არ იხმარო არასწორად, ან სავარცხლის ბოლო არ შეარჭო თავში. გამაღიზიანებელია, როცა თანმხლები თავზე გადგას და უაზრო კითხვებს გისვამს, ან უკბილოდ ხუმრობს, მიდი, გადაპარსე საერთოდ, ან მწვანედ გადაღებეო...

ბუნებრივია, ყველა კლიენტს აქვს შეკითხვები და უნდა მიიღოს პასუხიც, მაგრამ არ მიყვარს, როცა ახალი კლიენტი დამიჯდება და შფოთავს, უი, თმა ხომ არ დამეწვება? ხომ მომიხდება? შენ ეს არ უნდა შეიმჩნიო და ღიმილით დაამშვიდო. მაღიზიანებს, კლიენტი რომ ჩაეწერება და აღარ მოდის, ან 10 წუთით ადრე რომ გირეკავს, ვერ მოვდივარო. მოდიან ისეთი კლიენტებიც, მოგიტანენ ინტერნეტიდან ამოღებულ ფოტოს, დახედავ, სულ სხვა სტილია, სხვა ეთნოტიპი, თან გაფილტრული ფოტოა, ღმერთმა იცის, მართლა იმ ფერის თმა აქვს თუ არა, როგორც კადრში ჩანს. უკვე გამოვიმუშავე, ამაზე ნერვებს აღარ ვიშლი.

ძალიან რთულია საბანკეტო ვარცხნილობაზე მუშაობა. რადგან ბავშვები მიჩვეული არიან თავისუფალ სტილს - ჯინსს, ჰუდის, ბოტასს და უცებ უნდა შედგნენ­ ქუსლზე, ჩაიცვან გამოსასვლელი კაბა, გაიკეთონ ვარცხნილობა, მაკიაჟი... სულ წუწუნებენ, ქალს ვგავარ, ასაკი მომემატა, არ მომწონს ასეთი მკვეთრი გარდასახვაო. ასე რომ, მათთან ბევრად რთულია მუშაობა, ვიდრე პატარძალთან. უკვე მივეჩვიე, რომ დროდადრო ფსიქოლოგიც უნდა ვიყო. მუდმივი კლიენტების ცხოვრების, ოჯახების, სიყვარულის, კარიერის ყველა ნიუანსი ვიცი და ყველა მოსვლაზე სერიალივით ვისმენ გაგრძელებებს. ჩემი ამბებიც იციან. მოკლედ, ჯაჭვური ურთიერთობა მყარდება მუდმივ კლიენტთან...

ერთხელ სამსახურიდან გავდიოდი, ქერად შეღებილი გოგონა შემოვიდა ტირილით, მიშველეთ, დილას დუბაიში მივფრინავ და მითხრეს, რომ ამ ფერის თმით არ შემიშვებენ ქვეყანაში, გთხოვთ, გადამღებეთო. დავრჩი და გადავღებე... ერთხელ უკვე ვიკეტებოდით, ბიჭი შემოვარდა, თმა შემჭერითო. ბავშვი პატარა მყავდა, მეჩქარებოდა და ვუთხარი, სხვაგან წადით-მეთქი; სად წავიდე, ახლომახლო ყველაფერი დაკეტილიაო. მეორე დღეს გავიგეთ, თურმე ცოლს ატყუებდა, სალონში ვარ და თმას ვიჭრიო; თმაშეუჭრელი რომ მისულიყო შინ, გაიშიფრებოდა, ამიტომ მთხოვდა ისე გულამოსკვნილი. ჩემოდნებით გაუსტუმრებია იმ ღამეს მეუღლეს სახლიდან. ასე დავანგრიე სხვისი ოჯახი, უნებლიეთ...იმასაც მივეჩვიე, რომ ძალიან არ უნდა შეუმოკლო თმა კლიენტს. შესაძლოა გითხრას, მომაჭერი 5 სანტიმეტრიო, და ხელით გაჩვენებდეს 2 სანტიმეტრს. ჯობია ასჯერ ვკითხო, გავზომო და მერე შევჭრა. მომხმარებელთან კომუნიკაცია და ჟესტების ენა თანდათან, მუშაობაში მოდის...

- ცნობილი პიროვნებები სარგებლობენ თქვენი მომსახურებით?

- პოლიტიკოსები, პოლიტიკოსის მეუღლეები, ერთი პირველი ლედიც დადიოდა. მოვიდოდა რამდენიმე მანქანა, ჯერ შემოდიოდა დაცვა, მოივლიდა კუთხე-კუნჭულს, მერე შემოვიდოდა პირველი ლედი. დაცვა მთელ პროცედურას ესწრებოდა. მე არ მიშლიდა ეს ხელს, თუმცა სხვა მომხმარებლები იბნეოდნენ ამის გამო. ბიზნესმენებიც დადიან ჩემთან, შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. ყველა მათგანს სხვადასხვა ტიპის არჩევანი აქვს. შოუბიზნესის ხალხი უფრო კრეატიულია, ხშირად იცვლიან თმის ფერს, ვარცხნილობას, ექსპერიმენტების არ ეშინიათ. ბიზნესმენებს და მათ მეორე ნახევრებს დავარქმევდი "კატეგორია სრულყოფილებას". მათ უნდათ უმაღლესი ხარისხი, მაქსიმალურ სისადავეს ითხოვენ, არ უნდა ემჩნეოდეთ, რომ განსაკუთრებული პროცედურა აქვთ ჩატარებული. თმა სულ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ, საუკეთესო ხარისხის საღებავით შეღებილი.

არიან ეკონომმომსახურების მსურველები - შეიძლება საღებავი თავად მოიტანონ, თმის მოვლის არანაირ სერვისს არ იყენებენ, მხოლოდ შეჭრა ან შეღებვა სურთ, მათთვის მნიშვნელოვანია ნაკლები დანახარჯი და სწრაფი შედეგი.

- დღეს რა არის ყველაზე მოდური?

- წინამო ვულფ-კატი, ანუ მგლის წინამო. კარე ყოველთვის მოდურია, რადგან კლასიკაა. როგორც შანელმა თქვა, ერთი შავი კაბა ყოველთვის უნდა ეკიდოს გარდერობშიო, კარეც ასეთია, არასდროს გადადის მოდიდან.

- რა არის თქვენთვის თქვენი პროფესია?

- ჩემი პროფესია ჩემი არსებობაა, საყვარელი საქმე. სასიამოვნო, სასარგებლოსთან ერთად. რაზეც წლების წინ ვფიქრობდი, რომ ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, ამ პროფესიის წყალობით შესაძლებელი გახდა.